სტოლტენბერგი – უკრაინის ომმა გვასწავლა, რომ საქართველოს ახლა უნდა დავეხმაროთ

ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) თავმჯდომარის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში ომის გათვალისწინებით, ალიანსი „ახლა უნდა დაეხმაროს“ საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნია და ჰერცეგოვინას.

„ჩვენ გამოვხატეთ სოლიდარობა სამივე პარტნიორის მიმართ (საქართველო, მოლდოვა, ბოსნია) და, ვფიქრობ, თუ არსებობს რაიმე გაკვეთილი, რაც უკრაინისგან ვისწავლეთ, არის ის, რომ ჩვენ ახლა უნდა დავეხმაროთ პარტნიორებს…

უმჯობესია დავეხმაროთ ახლა, ვიდრე მაშინ, როდესაც დავინახავთ პროცესების აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით განვითარებას, როგორც ეს მოხდა უკრაინაში შეჭრისას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

იენს სტოლტენბერგის თანახმად, სწორედ ამიტომ, ქვეყანაში ფუნქციონირებს სწავლებისა და შეფასების ცენტრი, სადაც უცხოელი სპეციალისტები ნატო-საქართველოს გრძელვადიანი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის მუშაობენ.

სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოს მოკავშირე წევრები მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების შესრულების მნიშვნელობას.

NATO-სა და მისი პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალი ბუქარესტში იმართება.