საზოგადოება

რატომ “გადახურეს” ივანიშვილის ცოლის კომპანიისთვის 49 წლით სარგებლობაში გადაცემული ტყის ფართობის ნაწილი

6 ნოემბერი, 2022 • 4398
რატომ “გადახურეს” ივანიშვილის ცოლის კომპანიისთვის 49 წლით სარგებლობაში გადაცემული ტყის ფართობის ნაწილი

სახელმწიფომ სოფელ ჭორვილაში 125248 კვ.მ ტყის ფართობი 49 წლით სარგებლობაში გადასცა კომპანიას, რომლის 100%-იან წილსაც ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე ფლობს. აუქციონის პირობების თანახმად, ტერიტორია ნაწილობრივ უნდა “გადაიხუროს”.

ჭორვილაში ტყე ნაწილობრივ უკვე გადახურულია.

როგორ გადაეცა ხვედელიძის კომპანიას ტყის ფართობი

ტყით სპეციალურ სარგებლობაზე ხელშეკრულება ხვედელიძის კომპანიამ ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს გააფორმა, 3 ნოემბერს კი საჯარო რეესტრმა ეს უფლება დაამოწმა.

საუბარია მიწის 3 ნაკვეთზე, რომელთა ჯამური ფართობი 125248 კვ.მ-ია. სამივეს დანიშნულება, ამ ეტაპზე, არასასოფლო-სამეურნეოა და ყველა მათგანი ტყის ფონდში ირიცხება.

ინფორმაცია ხვედელიძის კომპანიისთვის — სახელწოდებით “აგრო ქართუ” — საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში ტყის ფართობის იჯარით გადაცემაზე, თავდაპირველად, “ტვ პირველმა” გაავრცელა.

ივანიშვილის ცოლის კომპანიას ტყის ფართობი სარგებლობაში გადაეცა ელექტრონული აუქციონით, რომელიც მიმდინარე წლის 14 სექტემბერს დაიწყო და 23 სექტემბერს დასრულდა. ნაკვეთები წელიწადში 32 877.60 ლარად, 1 ბიჯით გაიცა სარგებლობაში.

კონტრაქტის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა პირმა სარგებლობისათვის გათვალისწინებული ტყის ფართობი უნდა გამოიყენოს ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენეს მოსაწყობად. ეს გულისხმობს მწყრის, კაკბისა და ხოხბის თავისუფალი შენახვის აგროკომპლექსის მოწყობას, ხის ვოლიერების განთავსებას,ბადით ნაწილობრივ გადახურვასა” და ტერიტორიის შემოღობვას.

ტელეკომპანიის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე გარკვეული ნაგებობები უკვე აშენებულია და სამუშაოები გრძელდება, ტყის ნაწილი კი შავი კაპრონის ბადეებითაა გადახურული. ბადეებს ანძის მსგავსი კონსტრუქციები აკავებს.

 კადრების მიხედვით, ტყის ფართობი ნაწილობრივ უკვე გადახურეს. სქრინი “ტვ პირველის” სიუჟეტიდან

ხვედელიძის კომპანიამ ხსენებული პროექტი სააქციო საზოგადოება “ინოსისტემსს” დაუკვეთა. “ინოსისტემსის” ვებგვერდის მიხედვით, დაკვეთა 2021 წლის ნოემბერში განხორციელდა.

“ეს არის კაპრონის ბადეები, სპეციალური მასალაა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა, დამუშავებულია სპეციალური მეთოდით და ვერანაირ საფრთხეს ვერ შეუქმნის ვერასდროს ვერც ტყეს და ვერც ფრინველს…

ეს ძელი არის მოწყობილი ისეთი მეთოდით, რომ არც ერთი ხის ფესვი და სხვა კომპონენტით არ დაზიანებულა. სპეციალური მეთოდთ დამუშავდა ამ ძელის მოწყობის წესი… არც ტექნიკა შესულა ტყეში და არც არაფერი”, — უთხრა სააქციო საზოგადოების დირექტორმა დავით ჩხენკელმა “ტვ პირველს”.

“ტვ პირველის” ჟურნალისტმა სატყეო სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი ჭაჭიაშვილს ჰკითხა, “ეროვნულმა სატყეო სააგენტომ რატომ მისცა ქონების მართვის სააგენტოს უფლება, გადაეცა ტყე ეკატერინე ხვედელიძისთვის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლისთვის”.

ჭაჭაიშვილი აცხადებდა, რომ კითხვებს ჩაინიშნავდა და ჟურნალისტს დაუკავშირდებოდა, ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ — “ამის შესახებ იყო თქვენთვის ცნობილი?” — კი თქვა:

“მე არ ვიცი, ხვედელიძის კომპანიაა თუ ბიძინასი. არ იყო ჩემთვის ცნობილი…”

ფოტოები ჭორვილადან, სადაც ტყე გადახურეს. წყარო: “ინოსისტემსის” ვებგვერდი

რას ამბობს სატყეო სააგენტო

მაინც რატომ გამოცხადდა აუქციონი ზემოხსენებულ სამ ნაკვეთზე ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოსაწყობად?

სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ “ტყითსარგებლობის უფლების მოპოვებისთვის, კერძოდ კი, ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის უფლებისთვის”, ხვედელიძის კომპანიამ უწყებას 2021 წლის 25 ნოემბერს მიმართა და აუქციონიც ამის შემდეგ გამოცხადდა.

“ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ადგილზე არსებული სიტუაცია შეისწავლა. სააგენტოს გადაწყვეტილებით, 125248 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, 2022 წლის 23 სექტემბერს ჩატარდა საჯარო აუქციონი (N725 – აუქციონის ლოტი – N-725FJX122), დასრულდა შპს „აგრო ქართუს” გამარჯვებით.

შპს „აგრო ქართუმ” აღნიშნული უფლებით სარგებლობისთვის, ტყის მართვის ორგანოს, ყოლველწლიურად უნდა გადაუხადოს 32 877.6 ლარი და ასევე, უნდა წარმოადგინოს საგარანტიო თანხა 6262.4 ლარის ოდენობით. ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და „აგრო ქართუს” შორის ხელშეკრულება 2022 წლის ოქტომბერში გაფორმდა”, — დასძენს სააგენტო.

მშენებლობის პროექტი. წყარო: “ინოსისტემსის” ვებგვერდი

უწყება იქვე აღნიშნავს, რომ ტყით სპეციალური სარგებლობის იჯარა მხოლოდ საქართველოს პრაქტიკა არ არის და ეს ევროპის “რიგ ქვეყნებშიც” ხდება.

სააგენტოს თქმით, მოიჯარე ვალდებულია, უზრუნველყოს ტყის მოვლა-პატრონობა და დაცვა; თავისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს სატყეო სააგენტოს მიერ ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელებას.

“ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობების შესრულებაზე კონტროლს შესაბამისი რეგიონული სატყეო სამსახური ახორციელებს”, —ვკითხულობთ განცხადებაში.

ნახეთ ტყის ფონდით მოსარგებლის უფლება-მოვალეობები სრულად

1.  ტყითმოსარგებლე უფლებამოსილია სარგებლობის ობიექტი სარგებლობაში გადასცეს სხვა პირს მთლიანად.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში ტყითმოსარგებლე ( სარგებლობის უფლების გადამცემი)  ვალდებულია, შესაბამისი საბუთები წარუდგინოს სააგენტოს. ტყითსარგებლობის ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებები ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან.

3. საჯარო რეესტრში ტყითსარგებლობის ხელშეკრულების რეგისტრაციას უზრუნველყოფს ახალი ტყითმოსარგებლე.

4. ტყითმოსარგებლე ვალდებულია დაიცვას საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის N221 დადგენილებით დამტკიცებული “ტყითსარგებლობის წესი”-ს მოთხოვნები (ასევე, გადაიხადოს ქონების (მ.შ მიწაზე) და სხვა გადასახადები).

5. ფართობით სარგებლობა უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ტყითსარგებლობისას სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე არ გამოიყენოს საქმიანობის ის ფორმები და მეთოდები, რომლებიც უკავშირდება გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას (ჰაერის დაბინძურება, ხე-ტყის მოჭრა და ა.შ).

7. თავისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს ტყის მოვლა-აღდგენისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელებას.

8.გადაცემული ქონება არ გამოიყენოს იმ მიზნებისათვის, რომელიც  ხელშეკრულებით არ იქნება გათვალისწინებული.

აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ტყითსარგებლობა განახორციელოს საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის N221 დადგენილებით დამტკიცებული “ტყითსარგებლობის წესი”-ს, მის საფუძველზე მასთან გაფორმებული ტყითსარგებლობის შესახებ ხელშეკრულების, ამ ბრძანებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს საიჯარო ქირის ოდენობის გადახედვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოს მიერ დადგენილი ეროვნული სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით და გაზარდოს საიჯარო ქირა, რისთვისაც ბაზისად აღებული იქნება საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მაჩვენებელი.

ტყის მართვის ორგანო  ტყითსარგებლობის შეწყვეტის ან მისი ვადის გასვლის შემდგომ უფლებამოსილია დაიტოვოს და საკუთარ ბალანსზე უსასყიდლოდ აიყვანოს ტყითმოსარგებლის მიერ ტყითსარგებლობის ფარგლებში აშენებული მუდმივი (კაპიტალური) შენობა-ნაგებობები თავისი შესაბამისი ინფრასტრუქტურით (ელექტრო და წყალგაყვანილობის ჩათვლით), მათი  შემდგომი სარგებლობის/განკარგვის მიზნით. ან მოსთხოვოს ტყითმოსარგებლეს ტყითსარგებლობის შეწყვეტის, ან მისი ვადის გასვლის შემდგომ  ტყითსარგებლობაში გადაცემული ტერიტორია საკუთარი ხარჯებით მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში.

“ეროვნულ სატყეო სააგენტოში 2022 წელს (1 ნოემბრამდე), ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების გასაცემად, გამოცხადდა 20 აუქციონი, საიდანაც შემოსულმა თანხამ 166 993.10 ლარი შეადგინა”, — აცხადებს სააგენტო.

ცნობილია, რომ გასული წლის ბოლოს დაბა ბაკურიანში 5958 კვ/მ ფართობის ტყე ასევე 49 წლით სარგებლობაში პრემიერ ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს გადაეცა.

ამასთან, თბილისის ყოფილი მერისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას მეუღლის კომპანიას 2019 წელს თბილისთან ახლოს, “საბადურის ტყის” მიმდებარედ, 10 ჰექტარი მიწა 40 წლიანი განკარგვის უფლებით, აღნაგობის წესით გადასცეს.

ამავე თემაზე:

“მორიგი ქველმოქმედებაა” – ზარქუა ტყის გადახურვაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი