საზოგადოება

ვაკის პარკის შადრევნის კონტრაქტორი კომპანიის მეწილეები წარსულში ფულის გათეთრებაში იყვნენ ბრალდებულნი

13 ოქტომბერი, 2022 • 2586
ვაკის პარკის შადრევნის კონტრაქტორი კომპანიის მეწილეები წარსულში ფულის გათეთრებაში იყვნენ ბრალდებულნი

ვაკის პარკის შადრევანის რეაბილიტაციაში ჩართული კომპანიის მეწილეები, მანამდე, ფულის გათეთრებისა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. საქმეს 2013 წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებდა.

საუბარია „გრინსერვის +“- ზე, რომელიც 33-33%-იანი წილი მფლობელები კობა ხარშილაძე და ლაშა ფურცხვანიძე არიან. ფურცხვანიძე ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელია, ხოლო ხარშილაძე მისი მოადგილე.

„გამოძიების ვერსიით, ფურცხვანიძემ მოადგილესთან ერთად, 2007 წელს ნაცნობების სახელზე ფიქტიურად დააფუძნეს შპს „გრინსერვისი“, რომლის რეალური მფლობელები და ხელმძღვანელები მისი დაფუძნების დღიდან თავად იყვნენ. შპს „გრინსერვისის“ დაფუძნების ძირითადი მიზანი ის იყო, რომ ამ კომპანიას მონაწილეობა მიეღო და გაემარჯვა ძველი თბილისის გამგეობის მიერ გამოცხადებულ გამწვანებითი სამუშაოების ტენდერებში, მაშინ, როდესაც ძველი თბილისის გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე და მისი მოადგილე სატენდერო კომისიის წევრები იყვნენ. ეს უკანასკნელები ტენდერებს აცხადებდნენ მათ მიერვე შედგენილი ხარჯთაღრიცხვით იმ ოდენობისა და სახეობის ხე-მცენარეებზე, რომლებიც კომპანიას წინასწარ ჰქონდა შეძენილი და შესაბამისად, შპს „გრინსერვისმა” ლაშა ფურცხვანიძის და კობა ხარშილაძის ძველი თბილისის გამგეობაში მოღვაწეობის პერიოდში გამგეობის მიერ გამწვანებით სამუშაოებზე გამოცხადებულ ხუთ სახელმწიფო შესყიდვაში გაიმარჯვა,“ – ვკითხულობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ არქივში.

ორგანიზაციის თანახმად, 2010 წლის 16 ნოემბერს „გრინსერვისის“ რეალურმა მფლობელებმა ლაშა ფურცხვანიძემ და კობა ხარშილაძემ, მას შემდეგ რაც აღარ იყვნენ საჯარო მოხელეები, საწარმოს ფიქტიური დამფუძნებლები შეცვალეს და საწარმოს 100%-იანი წილი თანაბრად გაიყვეს. 2013 წლამდე „გრინსერვისმა“ 8 მლნ ლარამდე ღირებულების ელექტრონული ტენდერები მოიგო, მათ შორის 407 000 ლარი პირდაპირი შესყიდვებიდან მიიღო.

„ბრალის წარდგენიდან ერთ წელიწადში ფურცხვანიძემ ბრალი აღიარა და ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ხარშილაძეს კი 2 წლით პატიმრობა და ჯარიმის გადახდა მიესაჯა.

2010 წელს ფურცხვანიძემ და ხარშილაძემ კიდევ ერთი კომპანია შპს „გრინსერვისი+“ დაარსეს. ეს კომპანია 2013 წლის იანვრიდან მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში და მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე 21 მლნ ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერები მოიგო, ასევე, გამარტივებული შესყიდვით 95 000 ლარი მიიღო. კომპანია ბოლო პერიოდშიც აქტიურად მონაწილეობს ტენდერებში. მაგალითად, მხოლოდ 2 თვეში, აგვისტო-სექტემბერში „გრინსერვისმა” მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ელექტრონულ ტენდერებში გაიმარჯვა”.

ამჟამადაც ფურცხვანიძე და ხარშილაძე კომპანიის 33-33%-ს ფლობენ.

მერიამ ტენდერი ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასყიდად 2021 წლის სექტემბერში გამოაცხადა. სავარაუდო ღირებულება 13.4 მლნ ლარი იყო.

კომპანიამ, „გრინსერვისი+“, 5 ოქტომბერს გააკეთა ბოლო შეთავაზება და განაცხადა, რომ მოთხოვნილ სამუშაოებს 11,8 მლნ ლარად გასწევდა. ხელშეკრულება სწორედ მასთან გაფორმდა.

ინსპექტირების ანგარიშის კვლევით ნაწილში მოცემულია ხარჯთაღრიცხვა, სადაც ჩანს, რომ „ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადებისა და შადრევნების ელექტრომომარაგებისა და სუსტი დენებით უზრუნველყოფის სამუშაოები“ ჯამში 72 376 ლარი დაჯდა.

როგორც აღმოჩნდა, ტენდერში გამარჯვებულმა „გრინსერვის+“-მა დაიქირავა გარე კონტრაქტორი, – შპს „ჯორჯიან იუნიონი“, რათა ამ უკანასკნელს ეწარმოებინა „კასკადებისა და შადრევნების ელექტრომომარაგებისა და სუსტი დენებით უზრუნველყოფის სამუშაოები“.

„ნეტგაზეთმა“ მოიპოვა დოკუმენტები, სადაც ჩანს, რომ თბილისის მერიამ აგვისტოს ბოლოს ოფიციალურად ჩაიბარა ვაკის პარკში შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ინსპექტირების განმახორციელებელი კომპანია წერდა, რომ შესრულებული სამუშაოები სამშენებლო ნორმებს შეესაბამებოდა.

მას შემდეგ, რაც ბავშვების დაშავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ბესიკ დონაძემ განაცხადა, რომ „კომპანიის გარდა პასუხისმგებლები არიან მერიის ის თანამშრომლები“, რომლებიც ხელს აწერენ ზემოხსენებულ მიღება-ჩაბარების აქტს და, მათთან ერთად:

  • თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი;
  • თბილისის მერის ის მოადგილე, რომელიც გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს კურირებს.

ოპოზიცია საუბრობს უშუალოდ კალაძის პასუხისმგებლობაც. თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ყველა დაისჯება“. ამასთან, კითხვაზე, ხედავს თუ არა ის მერიის პასუხისმგებლობას, მერმა განაცხადა:

„რა თქმა უნდა [ვხედავ პასუხისმგებლობას] უდიდესი თემა არის, უმძიმესი თემა არის. თავზარდაცემული ვართ ყველა. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი“.

ვრცლად ამ თემაზე:

რა ვიცით ვაკის პარკის რეაბილიტირებულ შადრევანზე

მასალების გადაბეჭდვის წესი