საზოგადოება

შქმერში მანგანუმის მოპოვებას თავიდან იწყებენ, ემზადებიან პროტესტისთვისაც

8 ოქტომბერი, 2022 • 1708
შქმერში მანგანუმის მოპოვებას თავიდან იწყებენ, ემზადებიან პროტესტისთვისაც

სოფელ შქმერში ერთხელ უკვე შეჩერდა მანგანუმის მოპოვება, თუმცა როგორც ჩანს, ახლა ყველაფერი თავიდან იწყება.

საქმე იმაშია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, სოფელში გეოლოგიური სინჯები აიღეს, რაც მანგანუმის მოპოვების წინმსწრები სამუშაოა.

წინასწარი სამუშაოების დაწყებას ადასტურებს სოფელ შქმერში მანგანუმის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის მფლობელი ორივე კომპანიის დირექტორი, გიორგი ნინიკაშვილიც.

ცოტა რამ კომპანიებისა და მათზე გაცემული ლიცენზიების შესახებ

მინერალური რესურსების სააგენტოს (წარსულში წიაღის ეროვნული სააგენტოს) მიერ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილი წერილის თანახმად, სოფელ შქმერში მანგანუმის შესწავლა-მოპოვებისთვის გაიცა ორი ლიცენზია ორ სხვადასხვა კომპანიაზე, „შპს მნ ნორთსა“ და „შპს ტექნოლოგი 2021-ზე“.

ორივე კომპანიის დირექტორი, ერთი ადამიანი, გიორგი ნინიკაშვილია.

ნინიკაშვილი წარსულში სხვებთან ერთად დაკავებული იყო მანგანუმის უკანონო მოპოვების და ამ გზით ათეულობით მილიონის ლარის უკანონო შემოსავლის მიღების ბრალდებით.

სააგენტოს მიერ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილი წერილის თანახმად, „შპს მნ ნორთის“ ლიცენზია მოიცავს ნედლეულის მოსაპოვებელ უბნებს, მათ შორის შქმერსა და კოლოსი-ბლაშეს, ხოლო „შპს ტექონოლიგი 2021-სთვის“ გაცემული ლიცენზია მოიცავდა ჭარნათის უბანს.

შქმერსა და კოლოსი-ბლაშეს უბნებზე მანგანუმის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის აუქციონს თან ერთოდა სოფლის მოსახლეობის საერთო კრების ოქმი, სადაც მოსახლეობა ნედლეულის მოპოვების სანაცვლოდ სოფელში წმინდა გიორგისა და წმინდა ნინოს სალოცავების შეკეთება/შემოღობვასა და სოფელში სასმელი წყლის ქსელის მოსაწყობად 150 მმ-იანი 500 მეტრის სიგრძის მილის შეძენას ასახელებდა.

მოგვიანებით, მოსახლეობის ნაწილმა განაცხადა, რომ ხელმოწერები ყალბი იყო, ან მათ არ იცოდნენ რას აწერდნენ ხელს.

გასული წლის ნოემბერში ნეტგაზეთმა ანზორ გაგნიძეს (შქმერში ონის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილის წარმომადგენელი) ჰკითხა, სოფლის საერთო კრება გაიმართა თუ არა კანონით განსაზღვრული წესებით, მაგალითად, ჰყავდა თუ არა მას მდივანი ან მისი ჩატარების შესახებ წინარე პროცედურები იყო თუ არა დაცული.

„სიმართლე რომ გითხრათ, შენობაში ჩატარებული კრება არ ყოფილა. უბანში, შარაზე შევკრიბე რამდენიმე მოსახლე. როგორ არა, მოაწერეს ხელი. შევიკრიბეთ უბანში, დავილაპარაკეთ, კი არ უარვყოფ, შევიკრიბეთ და წამოვაყენეთ ჩვენი პირობები“, – განუცხადა მაშინ გაგნიძემ ნეტგაზეთს.

ნაწყვეტი საერთო კრების ოქმიდან. ოქმს ონის მერის იმდროინდელი რწმუნებული ანზორ გაგნიძე აწერს ხელს.

„შპს ტექნოლოგი 2021-სთვის“ გაცემული ლიცენზია ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის შემდეგ, სალიცენზიო პირობების დარღვევის მოტივით 2022 წლის 6 თებერვალს შეჩერდა. ამ დროს ნინიკაშვილის მეორე კომპანია „შპს მნ ნორთს“ სამუშაოები დაწყებულიც არ ჰქონდა, ამდენად მას ლიცენზია არ შეჩერებია.

განცხადებაში, რომელიც მინერალური რესურსების სააგენტომ გაავრცელა, ნათქვამი იყო, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო ლიცენზიანტისთვის ჯარიმის დაკისრება და გონივრული ვადის მიცემა სალიცენზიო პირობების დასაცავად“ თუმცა სასამართლო გადაწყვეტილება განცხადების გავრცელების მომენტში ცნობილი არ იყო.

ნინიკაშვილის განცხადებით, მისი კომპანია, „ტექნოლოგი 2021“ ონის სასამართლომ 7 000 ლარით დააჯარიმა, რისი გადახდის შემდეგაც ამ კომპანიას კვალ აღუდგა მანგანუმის შესწავლა-მოპოვების მანამდე გაცემული ლიცენზია.

მიუხედავად ამისა, ნინიკაშვილის თანახმად, ამჟამად მხოლოდ „შპს მნ ნორთი“ ახორციელებს სამუშაოებს, „ტექნოლოგი 2021“ კი არა.

მანგანუმის მოპოვება თავიდან იწყება

გიორგი ნინიკაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას ადასტურებს, რომ ახლა სოფელში მართლაც მიმდინარეობს ნიადაგის ბურღვის სამუშაოები, რათა წინასწარ შეისწავლონ არსებული წიაღისეული, რის შემდეგაც ნედლეულის მოპოვება დაიწყება.

„ვაკეთებთ კვლევით სამუშაოებს, ბურღებს. სალიცენზიო 150 ჰექტრიდან შევისწავლეთ მონაკვეთები, შედეგებს წარვადგენთ მინერალური რესურსების სააგენტოში, გადავიხდით სახელმწიფოს მიერ დაწესებულ მოსაკრებელს და ამის შემდეგ ვიწყებთ მოპოვებას. ასეთია პროცედურა“, – აცხადებს ნინიკაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.

შქმერის ტერიტორიაზე მოპოვებული გეოლოგიური ნიმუშები – ფოტო „შქმერისთვის“

მისი განცხადებით, კომპანია მუშაობს მისთვის ლიცენზიით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე და არ ცდება დადგენილ საზღვრებს.

„რა ძალა უნდა გვადგეს, რომ ლიცენზიის მიღმა ტერიტორიაზე ვიმუშაოთ. ბურღვები, რომელიც ახლა ხორციელდება, განახორციელა კომპანია „შპს მნ ნორთმა“, – აცხადებს იგი.

ნინიკაშვილის განცხადებითვე, მანგანუმის მოპოვება სოფელს არ დააზიანებს და მას მხოლოდ ადამიანთა მცირე ჯგუფი, მათ შორის თბილისიდან ჩასული მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან.

„გვსურდა თანამშრომლობა, ამათ ეს არ აინტერესებთ. არც მოსახლეობის სიკეთე აინტერესებთ და არც არაფერი. [ამბობენ] არ გვინდა [მანგანუმის მოპოვება] და მორჩა. ნებისმიერ დროს, დებატებში, იქნება ეს სატელევიზიო… მზად ვართ დავუპირისპირდეთ“, – ამბობს გიორგი ნინიკაშვილი.

კომპანიების დირექტორის თქმით, იგი ნედლეულის მოპოვებისას, „200-300 მეტრის დამუშავების შემდეგ, განახორციელებს რეკულტივაციის სამუშაოებს“, ანუ მოპოვებული პერიმეტრს დაფარავს ნიადაგის ნაყოფიერი ფენით, რაც, როგორც თავად ამბობს, სოფლის ეკოლოგიას არ დააზიანებს.

მისივე განცხადებით, იგი მზადაა სოფელს სხვაგვარადაც დაეხმაროს, დააფინანსოს ფერმების მოწყობა, მსხვილფეხა საქონლის შემოყვანა და ა.შ.

წერილი სოფლის გამგებელს – სად მოიპოვებდნენ ნიმუშებს?

შქმერში ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, ზურაბ ჯოხაძემ გიორგი ნინიკაშვილისგან 6 ოქტომბერს წერილი მიიღო, სადაც ნინიკაშვილი კომპანია „მნ ნორთის“ სახელით ჯოხაძეს აცნობებს, რომ სოფლის ტერიტორიაზე იწყებს მანგანუმის შესწავლისთვის საჭირო ბურღვით სამუშაოებს, რისთვისაც გეგმავს სოფელში გზის შეკეთებას.

წერილს თან ერთოდა რუკა საკადასტრო კოდებით, რომლებიც, კომპანიის თანახმად, ლიცენზიით გათვალისწინებულ ტერიტორიებს ასახავდა.

ზურაბ ჯოხაძემ საპასუხო წერილში განაცხადა, რომ სოფლის ტერიტორიაზე მანგანუმის მოპოვება იყო უკანონო და თანდართული სალიცენზიო რუკა და საკადასტრო კოდები წარმოდგენილი იყო შეცდომით.

ნეტგაზეთმა საჯარო რეესტრში გადაამოწმა საკადასტრო კოდები და აღმოჩნდა, რომ რიგ შემთხვევაში ისინი მართლაც არასწორადაა მითითებული. მაგალითისთვის, საკადასტრო კოდი (88.14.24.014), რომლითაც მე-7 უბანია აღნიშნული, არ ემთხვევა კომპანიის მიერ რუკაზე დატანილ ადგილმდებარეობასა და ფართობს. იგივეა მე-4 უბნის შემთხვევაშიც, რომლის საკადასტრო კოდიც (88.14.24.016) რეალურად კერძო საკუთრება, საკარმიდამო ნაკვეთია, რომელზეც საცხოვრებელი სახლი დგას.

მარცხნივ: კომპანიის მიერ გაგზავნილი სალიცენზიო რუკა და საკადასტრო კოდები. მარჯვნივ: საკადასტრო კოდი აღნიშნავს საკარმიდამო მიწის ნაკვეთს სოფელ შქმერში და მისი ფართობი არ არის 206994 კვადრატული მეტი, როგორც ეს წინა რუკაზეა დატანილი.

მანამდე 2 დღით ადრე, მოძრაობამ სახელწოდებით „შქმერისთვის“ გაავრცელა ცნობა, რომ დააფიქსირეს ნიმუშების მოპოვების ფაქტი „სხალთის“ უბანში, სადაც მოძრაობის წევრების თანახმად, სამუშაოებში ჩართული პირები აცხადებდნენ, რომ ნიმუშებს „კოტეჯების ასაშენებლად“ აგროვებდნენ.

აუქციონზე თანდართული რუკა

სალიცენზიო აუქციონის დოკუმენტებში წარმოდგენილი საბჭოთა ტოპოგრაფიული რუკის ანალიზის თანახმად, რომელიც შემდგომში „მნ ნორთისთვის“ გამოყოფილ უბნებს მოიცავს, სავარაუდოა, რომ ნიმუშები, რომელთა მოპოვების შესახებაც ინფორმაცია ადგილობრივმა მოსახლეობამ გაავრცელა, მე-2 და მე-5 უბნებზე შეაგროვეს.

მნ ნორთზე გაცემული ლიცენზიის მე-2 და მე-5 უბნები Google Earth-ში

მიუხედავად ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიის მიერ სოფლის გამგებლისთვის გაგზავნილ რუკაში საკადასტრო კოდები არასწორადაა მოცემული და უბნების რიგითობა არ ემთხვევა აუქციონში წარმოდგენილ რუკაზე დატანილ რიგითობას, ნეტგაზეთმა გადაწყვიტა მაინც მიემართა მინერალური რესურსების სააგენტოსათვის კითხვით, თუ რომელ უბნებზე მოიპოვეს ნიმუშები და რომელი კომპანია ახორციელებდა ამ ნიმუშების მოპოვებას.

მინერალური რესურსების სააგენტომ ნეტგაზეთს კანონით გათვალისწინებული დროის დარღვევით უპასუხა, რომ სამუშაებს მართლაც „მნ ნორთი“ სააგენტოს მიერ 2021 წლის 09 ივლისს გაცემული სასრგებლო წიაღისეული მოპოვების ლიცენზიის N10002205 ფარგლებში აწარმოებდა.

მოძრაობის ცნობით, ნიმუშების მოპოვების ფაქტზე გარემოს დაცვის ინსპექციაში საჩივარი შეიტანა ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“, თუმცა, როგორც ნეტგაზეთს სამინისტროში განუცხადეს, სამუშაოების განმახორციელებელი პირები არ დაუჯარიმებიათ და ფაქტზე დამატებით არავითარი პროცედურები არ მიმდინარეობს, რადგან ნიმუშების მოპოვება უკვე გაცემული ლიცენზიის ფარგლებში ხდებოდა.

პროტესტი გაგრძელდება

ცოტნე გლოველი, რომელიც მოძრაობის „შქმერისთვის“ ერთ-ერთი ლიდერია, ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სოფელში მანგანუმის მოპოვება დაიწყება, პროტესტი გაგრძელდება.

„ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. ვაპირებთ იმის დაცვას, რაც ჩვენია. ამ აზრზე ვართ მთლიანად შქმერი. უკან დახევას არ ვაპირებთ, რადგან სიმართლე ჩვენ მხარესაა.

ჩვენ ვიცავთ ჩვენს სახლებს, ეზოებს, წინაპრებს და მომავალ თაობებს“, – აცხადებს ცოტნე გლოველი.

მისი განცხადებით, მთავარი მოთხოვნა არის გაცემული ლიცენზიების არა შეჩერება, არამედ სამუდამოდ გაუქმება.

„მოტყუებით გაცემული ლიცენზიებია, ძალიან დიდი ტყუილია ეს ყველაფერი. კომპანია ცდილობს ხალხის თაღლითურად გადაბირებას. ჩვენ მათთან არავითარი მოთხოვნა არ გვაქვს. ჩვენ ვითხოვთ სახელმწიფოსგან, რომ ლიცენზიები გაუქმდეს.

სად არის პრემიერ-მინისტრის დანაპირები, რომ შქმერი განვითარდებოდა?! დაიწყოს სახელმწიფომ სოფლის განვითარება და ჩვენ, მთელი სოფელი მათ ამაში გვერდით დავუდგებით. მაგრამ, როცა საქმე დანგრევას ეხება, ჩვენ ამის ნებას არავის მივცემთ“, – აცხადებს იგი.

პროტესტი შქმერში მანგანუმის მოპოვების წინააღმდეგ

სოფელში მანგანუმის მოპოვების წინააღმდეგია მერის წარმომადგენელიც, ზურაბ ჯოხაძეც.

მისივე განცხადებით, ის არ აპირებს კომპანიასთან რაიმე თანამშრომლობას, მათ შორის არც გზის გაკეთების კუთხით, რადგან გზის მოწყობა რეალურად ისევ კომპანიის ინტერესებში შედის.

„მაქსიმალურად ვცდილობ, რომ არ შევხვდე კომპანიას და მის წარმომადგენლებს, რადგან ჩემზე ბევრი ჭორი გავრცელდა, თითქოს მათთან ვთანამშრომლობ“, – აცხადებს ჯოხაძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი