საზოგადოება

„პოსტივის“ საკონტროლო პაკეტი დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ 520 000 ლარად იყიდა

4 ოქტომბერი, 2022 • 1767
„პოსტივის“ საკონტროლო პაკეტი დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ 520 000 ლარად იყიდა

ტელეკომპანია „პოსტივის“ საკონტროლო პაკეტს ახალი მფლობელი ჰყავს – კომპანიის 52% დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ ახალმა წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ იყიდა. „პოსტივი“ ამ პოლიტიკური ჯგუფის მედიაპლატფორმა იქნება.

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, საჯარო რეესტრში მითითებული მონაცემებით, ჯაფარიძემ, ჯამში, 520 000 ლარი გადაიხადა საკონტროლო პაკეტში.

2 ოქტომბრის მდგომარეობით, ტელეკომპანიის წილები ასე იყო გადანაწილებული:

  • ნუგზარ რუხაძე – 16%
  • ზვიად ბლიაძე – 16%
  • ანა შენგელია – 8%
  • ვახტანგ კომახიძე – 8%
  • თემურ ჭარელაშვილი – 28%
  • შალვა რამიშვილი – 24%

ხელშეკრულების თანახმად, რუხაძემ, ბლიაძემ, შენგელიამ და კომახიძემ თავიანთი წილები [ჯამში 48%] სრულად დათმეს, ჭარელაშვილმა კი თავისი 28%-დან მხოლოდ 4% მიჰყიდა ჯაფარიძეს.

მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრი ცვლილებებს დაარეგისტრირებს, წილები ასე გადანაწილდება:

  • ვიქტორ ჯაფარიძე – 52% (საკონტროლო პაკეტი)
  • შალვა რამიშვილი – 24%
  • თემურ ჭარელაშვილი – 24%

ახალი მფლობელი

დღესვე ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების [„ოთხეულის“] მიერ დაფუძნებული მოძრაობა „ხალხის ძალა“ გაფართოვდა და მას მმართველი პარტიიდან კიდევ 5 დეპუტატი დაემატა, მათ შორის ვიქტორ ჯაფარიძე.

ვიქტორ ჯაფარიძე ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრია. იგი თავდაპირველად ენმ-ის მმართველობის დროს, 2004-08 წლებში იყო მაჟორიტარი დეპუტატი; მოგვიანებით, 2012 წელს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი გახდა, 2016-2020 წლებში ჩატარებულ არჩევნებში კი პროპორციული წესით გახდა პარლამენტარი კვლავ „ქართული ოცნებიდან“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) ცნობით, მხოლოდ 2018-20 წლებში ჯაფარიძისა და მისი შვილის, ოთარ ჯაფარიძის ნაწილობრივ მფლობელობაში არსებულმა კომპანიებმა 6 254 688 ლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმეს სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, გამარტივებული შესყიდვის წესით.

TI-ის ცნობითვე, ჯაფარიძე 2019 წელს ერთ-ერთი იყო „მდუმარე დეპუტატებისგან“ – ანუ მთელი წლის განმავლობაში პარლამენტში სიტყვით არ გამოსულა.

ჯაფარიძე რამდენიმე გახმაურებულ საქმეშიც ფიგურირებს. მაგალითად, ჟურნალისტი ირაკლი კორძაია ამბობდა, რომ სწორედ ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბართან ერთად, იყო ის პირი, რომელმაც ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე გაჩუმება ურჩია [ჯაფარიძემ ამ ინფორმაციას „ტყუილები“ და „ჭორიკნობა“ უწოდა, სუბარმაც თქვა, რომ „ჭორაობას არ აპირებს“].

ვიქტორ ჯაფარიძე ასევე ფიგურირებს ფარულ ჩანაწერში, სადაც ის ესაუბრება, სავარაუდოდ, 2018 წელს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ, პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან მირზა სუბელიანს. ჩანაწერის თანახმად, სუბელიანი, რომელიც მის მიმართ ხელისუფლების მოპყრობით უკმაყოფილო იყო, ჯაფარიძეს ჩამოუთვლის არაერთ საქმეს, სადაც, მისი თქმით, ხელისუფლების წინააღმდეგ კომპრომატები აქვს; ჯაფარიძე ამ ჩანაწერის თანახმად, ხელისუფლებასთან „მესენჯერი“ უნდა ყოფილიყო.

„ხალხის ძალის“ მედიაპლატფორმა

ახალი წევრების წარდგენისას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ჯაფარიძის მიერ ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის შესყიდვა ხელს შეუწყობთ „სათქმელის საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ“ მიტანაში.

ჟურნალისტების კითხვაზე ჯაფარიძემ განაცხადა, რომ აინტერესებს ეს ბიზნესი, მოსწონს არხის სარედაქციო პოლიტიკა და ამიტომ შეისყიდა საკონტროლო პაკეტი.

„პოსტივის“ ერთ-ერთმა მფლობელმა, შავლა რამიშვილმა მოგვიანებით ფეისბუკზე გამოაქვეყნა განცხადება ტელევიზიის სახელით, სადაც წერია, რომ ტელევიზიამ მიიღო გადაწყვეტილება, მხარი ღიად დაუჭიროს „ხალხის ძალას“:

„არხი დღეიდან ხდება მოძრაობა „ხალხის ძალის“ მედიაპლათფორმა“, – აცხადებს იგი.

„ხალხის ძალის“ ახალ წევრებს შორის „პოსტივის“ წამყვანებიც არიან: ნუკრი შოშიაშვილი, იოანე შაიშმელაშვილი და ნიკა ქობულაძე (ნიკუშა მარქსი).

ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი