საქართველოს საზღვარზე რუსული საბაჟო პუნქტი “ზემო ლარსი” ერთი კვირის განმავლობაში ორივე მიმართულებით 37 000-ზე მეტმა მანქანამ და 115 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. აღნიშნულის შესახებ, რუსული TASS-ის თანახმად, რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერმა, ირბეკ ტომაევმა ისაუბრა.
ტომაევის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 23,3%-ით მეტია გასულ საანგარიშო კვირასთან შედარებით.
„ქვეყანაში განხორციელებულ ნაწილობრივ მობილიზაციასთან დაკავშირებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენი რესპუბლიკის[ჩრდილოეთ ოსეთი რედ.] გავლით საგრძნობლად გაიზარდა მსუბუქ ავტომობილთა ნაკადი საქართველოს მიმართულებით.
დღეს ზემო ლარსზე მოსალოდნელია დაახლოებით 3,5 ათასი ავტომობილის გადასვლა, რომლებშიც ძირითადად სამხედრო ასაკის პირები სხედან. გარდა ამისა, ყაბარდო-ბალყარეთისა და ინგუშეთის რესპუბლიკებთან ადმინისტრაციულ საზღვრებზე 800-მდე მანქანაა დაგროვილი.
რესპუბლიკის გზებზე ტრანზიტული მანქანების საერთო რაოდენობა 4891-ია, მათ შორის, 1391 სატვირთო და 3,5 ათასი მსუბუქი მანქანა“, — განაცხადა მან ორშაბათს.
სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ფოტოები, რომლებიც რუსეთ-საქართველოს საზღვართან ახლოსაა გადაღებული და მასზე რუსული ჯავშანტრანსპორტი ჩანს.
რუსეთი უარყოფს, რომ აქ ბლოკპოსტის მოწყობას გეგმავს, თუმცა RBK-სთან კომენტარში „ეფ-ეს-ბე“ [რუსეთის უსაფრთხოების სამსახური] ადასტურებს, რომ სამხედროები რუსეთის მოქალქეების შესაკავებლად მიავლინეს საზღვართან.
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს. მათი ერთ-ერთი დანიშნულების ადგილი საქართველოა, რადგან აქ შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ და ქვეყანაში გაჩერება ერთი წლის ვადით შეუძლიათ.
რას ჰყვებიან რუსეთიდან გამოქცეული კაცები — რეპორტაჟი საზღვრიდან