საზოგადოება

რუსეთმა სიკვდილმისჯილი უცხოელი მებრძოლები გაათავისუფლა

22 სექტემბერი, 2022 • 526
რუსეთმა სიკვდილმისჯილი უცხოელი მებრძოლები გაათავისუფლა

აზოველებთან ერთად ტყვეობიდან რუსეთმა გუშინ 10 უცხოელიც გაათავისუფლა, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძოდნენ. ამის შესახებ როიტერი საუდის არაბეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით იუწყება. ამავე წყაროს ცნობით, მოლაპარაკებაში ჩართული იყო პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი.

გათავისუფლებულები არიან აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ხორვატიის და მაროკოს მოქალაქეები.

UK-ის პრემიერმა ლიზ ტრასმა დაადასტურა, რომ 5 ბრიტანელი ტყვე ნამდვილად გათავისუფლებულია. მან საუდის არაბეთსა და ზელენსკის მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის.

გათავისუფლებულ ბრიტანელებს შორისაა ეიდენ ესლინი, უკრაინის მხარეს მებრძოლი, რომელიც ტყვედ აპრილში ჩავარდა.  დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში, კიდევ ერთ ბრიტანელ შონ პინერსა და მაროკოელ ბრაჰიმ საადუნთან ერთად, მას სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი. სამივე მათგანი თავისუფალია.

როიტერს ნათესავებმა დაუდატურეს, რომ რუსეთმა გაათავისუფლა ამერიკელი მებრძოლები ალექსანდრე დრიუკი და ენდი ჰიუნი.

გათავისუფლებული უცხოელი ტყვეები საუდის არაბეთში ჩაფრინდნენ.

ამჟამად რუსეთის ტყვეობაში რამდენიმე უცხოელი კიდევ რჩება.


წუხელ რუსეთის ტყვეობიდან, ჯამში, 215 ადამიანი გაათავისუფლეს, რომელთა შორის არიან „აზოვსტალის“ მცველები, უკრაინის მხარეს მებრძოლი ათი უცხოელი, ასევე პოლკ „აზოვის“ 108 მებრძოლი და 5 მეთაური — დენის პროკოპენკო, სერგეი ვოლინსკი „ვოლინა“, სვიატოსლავ პალამარი, დენის შლეგა, ოლეგ ხომენკო.

პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, 200 ტყვის სანაცვლოდ რუსეთს გადასცეს პუტინის ახლობელი ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ქვეყნიდან გაპარვის მცდელობის დროს დააკავეს. რუსეთს ასევე გადასცეს 55 ტყვე.

„აზოვის“ 5 მეთაური, რომელიც ტყვეობიდან გაათავისუფლეს, რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრებამდე თურქეთში, პრეზიდენტ ერდოღანის პატრონაჟის ქვეშ თურქეთში იცხოვრებს. ტყვეთა გაცვლის პროცესში ჩართული იყო საუდის არაბეთი.

როგორც Suspilne წერს, ტყვეთა გაცვლა ჩერნიჰივის ოლქში მოხდა. გათავისუფლებულებს შორის არიან მარიუპოლის საპატრულო პოლიციის უფროსი – მიხაილო ვერშინინი  და „აზოვსტალის“ ერთ-ერთი მცველი – ეკატერინა პოლიშჩუკი, რომელსაც „პტაშკად“ იცნობენ.

უკრაინული მხარის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის ტყვეობიდან უკრაინამ სულ 802 ადამიანი დაიხსნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი