„უკანონო მოსმენებზე ჩვენი მანდატი არ ვრცელდება“ — პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიში

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ბოლო 6 თვეში პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 70 ფაქტი გამოავლინა.

სამსახურის მიერ გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 62% (44) შემთხვევა შეეხებოდა კერძო სექტორში მონაცემთა არაკანონიერ დამუშავებას, 29% (20) — საჯარო სექტორში, ხოლო 9% (6) — სამართალდამცავ ორგანოებში. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიშის თანახმად, გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთაგან 41 პირს ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა, ხოლო 24 პირს — გაფრთხილება. სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შეჩერების მექანიზმი (კონტროლის ელექტრონული სისტემის საშუალებით) 84 შემთხვევაში გამოიყენა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის 6 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა მორიგი, სავარაუდოდ, უკანონო ფარული ჩანაწერების გავრცელებას დაემთხვა. შაბათს „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც, სიუჟეტის ავტორის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მორიგ ფარულ მიყურადებას ეხებოდა. სიუჟეტში ნაჩვენები იყო არაერთი ვიდეო და აუდიოჩანაწერი, რომელიც პოლიტიკოსთა პირად ცხოვრებას ეხებოდა. თუმცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ანგარიშში სუს-ის მიერ უკანონო მიყურადების ფაქტები ვერ მოხვდა.

„უკანონო მოსმენების საკითხი სცილდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კომპეტენციას, რადგანაც ეს სისხლის სამართლებრივად დასჯადი საკითხია“, — ამბობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი.

ასევე, იგი ხაზს უსვამს, რომ სამსახურის მანდატი არც კონტრდაზვერვით საქმიანობაზე ზედამხედველობას ითვალისწინებს.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ხარვეზებზე რეაგირების მექანიზმები აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ფარული საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება შესაბამისი სასამართლო განჩინებით, პროკურორის დადგენილებებით. რაც შეეხება უკანონო მოსმენებს, ეს სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედება გახლავთ და ჩვენი მანდატი არ ვრცელდება. ჩვენ მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას ვახორციელებთ მონაცემთა დამუშავების დარღვევასთან დაკავშირებით“, — განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ სამოქალაქო სექტორი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან აქტიურად თანამშრომლობს და ამ ეტაპისთვის არ შეუძლია, რამე ეჭვი შეიტანოს ამ სამსახურის საქმიანობაში, თუმცა ფარული მიყურადების ხარვეზების გამოსავლენად აუცილებლად მიიჩნევს სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებას.

„თვითონ ინსპექტორის დამოუკიდებლობის ხარისხის გასაზრდელად საჭიროა ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტიების შექმნა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზეც. აუცილებელია, პარლამენტში შეიცვალოს გადაწყვეტილების მიღების წესი. დღეს უბრალო უმრავლესობით, ანუ ერთი პარტიის გადაწყვეტილებით ინიშნება და თავისუფლდება ინსპექტორი თანამდებობიდან, რაც მის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობაზე მნიშნელოვნად მოქმედებს. მეორე საკითხია საკანონმდებლო გარანტიები. ინსპექტორს უკეთესი ნაბიჯების გადასადგმელად სჭირდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი, რომელიც ინიცირებულია პარლამენტში, მაგრამ განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა. მეორე მხრივ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ფარულ მოსმენასა და მიყურადებაზე, ინსპექტორს ფაქტობრივად არ აქვს შესაძლებლობა, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, წინასწარ შეამოწმოს ის, თუ როგორ მიმდინარეობს ფარული მოსმენები. საკონსტიტუციო სასამართლოს ნათქვამი აქვს, რომ შემდგომი შემოწმება ეფექტიანი კონტროლის შესაძლებლობას ვერ იძლევა. საერთოდ უკონტროლოა კონტრდაზვერვის ნაწილი და ესეც იძლევა დამატებით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ნიკა სიმონიშვილმა.

წინასწარი შეტყობინების მექანიმზმს მონიტორინგის ეფექტიანობის დამაბრკოლებელ ფაქტორად მიიჩნევს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ყოფილი ინსპექტორი ლონდა თოლორაიაც.

„[პერსონალურ მონაცემთა დაცვის] სამსახურს, არც წინამორბედს და არც დღევანდელს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე შეიქმნა, არ აქვს საკანონმდებლო და პრაქტიკული ბერკეტი, თავისი შეხედულებისამებრ, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შევიდეს და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო შეამოწმოს, რა პროცესები მიმდინარეობს“, – განაცხადა თოლორაიამ ტელეკომპანია „პირველთან“.

ჯერჯერობით უცნობია, გადახედავს თუ არა „ქართული ოცნება“ წინასწარი შეტყობინების მექანიზმს და გაითვალისწინებს თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციების სხვა რეკომენდაციებს.

„პარლამენტში სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიდის მსჯელობა, როგორ შეიძლება გაძლიერდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. არის გარკვეული იდეები, რომელსაც ჩვენი საზოგადოება უახლოეს მომავალში გაიგებს“, — განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულებაზე ზედამხედველობა და მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლი. ამ მიზნით სამსახური საჯარო და კერძო დაწესებულებებში მონაცემთა დამუშავების კანონიერების ინსპექტირებას ახორციელებს და მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით მოქალაქეთა განცხადებებს განიხილავს.

თოლორაია: პარლამენტმა თაროზე შემოდო ანგარიში, რომელშიც მოსმენების საკანონმდებლო ხარვეზებზე ეწერა