„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI-ის) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC-ის) მორიგი ერთობლივი კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ქვეყნის ეკონომიკის ამჟამინდელ მდგომარეობას უარყოფითად აფასებს.
კითხვაზე, შეეფასებინათ ქვეყნის ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობა, 55%-მა თქვა „ცუდი“, 38%-მა – „საშუალო“, მხოლოდ 4%-მა თქვა „კარგი“.
ამასთან, გამოკითხულთა თქმით, მათი უმეტესობის ეკონომიკური მდგომარეობაც გაუარესებულია. კერძოდ, მაგალითად, ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა (45%) ამბობს, რომ 5 წლის წინანდელთან შედარებით, ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს.
მხოლოდ 20% ამბობს, რომ მეტი შესაძლებლობა აქვს, 34%-ისთვის კი ბოლო 5 წელიწადში მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა.
ამასთან, თითქმის ყოველი მესამე გამოკითხული (30%) ამბობდა, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ყოველთვე ან უფრო ხშირად იყო შემთხვევა, რომ არ ჰქონდა ფული საკუთარი თავისთვის ან ოჯახისთვის საკვების საყიდლად.
29%-მა თქვა, რომ ასეთი შემთხვევები ჰქონიათ, თუმცა, უფრო იშვიათად, ვიდრე ყოველთვე,39%-მა კი თქვა, რომ ამ მდგომარეობაში არასოდეს აღმოჩენილა.
ავტორების თანახმად, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში საქართველოში, 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე, ქვეყნის მასშტაბით, ზრდასრული მოსახლეობა პირისპირ გამოკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავდა.
საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია. კვლევის შერჩევა დეტალურად ასეთია: