„ბევრი მეპატრონე ბინის მოქირავებაზე უარს გვეუბნება“ – მარიუპოლელი ქალი თბილისში

41 წლის ანა მარიუპოლიდანაა. საქართველოში ქალი ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც მიწასთან გასწორებული მშობლიური ქალაქის დატოვება შეძლო ორ შვილთან ერთად. მათგან ერთი სულ რამდენიმე თვის არის, უფროსი კი — 9  წლის. თუმცა ანამ არ იცის, სად იცხოვრებს შემოდგომიდან.

ანას ჩვენ თბილისში, სასტუმრო „აკვმარინში“ შევხვდით. სასტუმრო „ღია საზოგადოების ფონდთან“ და სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ათობით უკრაინელ ოჯახს ეხმარება.

„აკვამარინის“ წარმომადგენლები ნეტგაზეთთან ამბობენ, რომ გულთან ახლოს მიაქვთ ლტოლვილთა ბედი და რამდენიმე თვეა მათ, ფაქტობრივად, უსასყიდლოდ ეხმარებიან. თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ მათი შესაძლებლობები ულიმიტო არ არის.

ანა ნეტგაზეთს ეუბნება, რომ 11 სექტემბრიდან სასტუმრო უნდა დატოვოს და არ იცის, სად წავა. მას ჯერ არ მიუღია უკრაინელი ლტოლვილებისთვის გამოყოფილი 300-ლარიანი დახმარება, თუმცა, რომც მიეღო, თბილისში ამ ფასად ბინას ფიზიკურად ვერ იქირავებს.

ანასთან ერთად თბილისში ჩამოვიდა მისი ნაოპერაციები დედაც, რომელსაც სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, თავისი განსაკუთრებული საჭიროებები აქვს.

როგორ გადარჩა ანა მარიუპოლში

41 წლის ანა მარიუპოლელში დაიბადა და გაიზარდა. აქ გაზარდა მან უფროსი შვილი, 9 წლის გოგო და აქვე გაჩნდა მისი უმცროსი ბავშვიც. ჩვილი 24 იანვარს დაიბადა, შესაბამისად, ომის დაწყების დღეს მას ზუსტად ერთი თვე შეუსრულდა.

ანა და მისი უმცროსი შვილი. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

ქალი იხსენებს, რომ ბოლო 8 წელიწადში „ყური შეეჩვია“ სამხედრო მოქმედებების ხმას, რადგან მისი სახლი მარიუპოლის განაპირას დგას —  ე.წ. დნრ-სა და დანარჩენი უკრაინის გამყოფ ბუფერულ ზონამდე აქედან 15 კილომეტრი იყო. შესაბამისად, მართალია, 23 თებერვალს პუტინმა აღიარა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა, ანას ვერც კი წარმოედგინა ის, რაც რამდენიმე დღეში უკრაინას დაატყდა თავს.

„ვფიქრობდი, რომ როგორც ყოველთვის, „შეგვაშინებდნენ“ და მალე ჩაცხრებოდა ეს ყველაფერი. მე ზუსტად 1 თვით ადრე, 24 იანვარს შემეძინა შვილი, პირველ თებერვალს გამოვეწერე სამშობიაროდან და იმ მომენტისთვის ჩემი მთელი ცხოვრება უკავშირდებოდა ამ პატარა, ახალი ადამიანისთვის ყველანაირი კომფორტის უზრუნველყოფას. შესაბამისად, ჩემი რაიონის მიღმა რა ხდებოდა, არ ვიცოდი.

25 თებერვალს წავედი აფთიაქში, ბავშვისთვის საჭირო ნივთების ყიდვა მსურდა. იმ მომენტისთვის აფთიაქები უკვე დაკეტილი იყო, სასურსათო მაღაზიებში კი ვეღარ ვიხდიდით საბანკო ბარათებით. იმისათვის კი, რომ აგეღო ნაღდი ფული, ბანკებთან უზარმაზარ რიგში უნდა ჩამდგარიყავი. ამასთანავე, თავად ბანკომატებში მთავრდებოდა ფული. ეს იყო პირველი პრობლემა, რომელიც შეიქმნა.

25 თებერვლის მაინც ისეთი სიტუაცია იყო, რომ არაფერი მიუთითებდა სერიოზულ საფრთხეზე მანამ, სანამ იმ საღამოს არ გაითიშა ელექტროენერგია. მართალია, შედარებით თბილი ზამთარი იყო, მაგრამ სახლში გვქონდა გამათბობელი ქვაბი და პირველი, რასაც ველოდებოდი შუქის ჩაქრობის შემდეგ, იყო პრობლემები გათბობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩემს შვილებთან და დედასთან ერთად, რომელიც იმ დროისთვის ჩემთან იმყოფებოდა, ქალაქის უფრო ცენტრალურ ნაწილში, დედაჩემის ბინაში გადავედით“.

25 თებერვლისთვის ანას დედის ბინაში ჯერ კიდევ იყო გათბობა, ელექტროენერგია და წყალი, ქალაქში კი მობილური კავშირიც ხელმისაწვდომი იყო. ქალი იხსენებს, რომ ყველაფერი ერთად მეტ-ნაკლებად მაინც ქმნიდა სტაბილურობის განცდას: „თავს ოდნავ უსაფრთხოდ ვგრძნობდით, მოგვეშვა კიდეც“.

სიწყნარე დიდხანს არ გაგრძელებულა. მალევე, ქალაქში, სადაც 1.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, 24-საათიანმა მაღაზიებმა შეწყვიტეს მუშაობა და მხოლოდ რამდენიმე საათით — 10:00-დან – 15:00 საათამდე — რჩებოდა ღია, საღამოობით დაიწყო ე.წ. სინათლის შენიღბვის რეჟიმი. 26 თებერვლის შემდეგ შევიწროვდა იმ ადგილების რაოდენობაც, სადაც უსაფრთხოდ გადაადგილება შეიძლებოდა. გარეუბნებში უკვე ისმოდა სროლა, მათ შორის, ვარდებოდა ჭურვები.

„ჩვენ ამ პერიოდისთვის ვაგრძელებდით ცენტრში ცხოვრებას. თუმცა წყალზე სიარული გვიწევდა. 1-2 მარტამდე ბავშვებსაც კი ვასეირნებდით. ბოლოს 2 მარტისთვის გავედი გარეთ მანქანით, სუპერმარკეტში და სწორედ აქ, ცხოვრებაში პირველად, თავთან ჩამიქროლა ჭურვმა. ეგრევე დავბრუნდით სახლში.

ამის შემდეგ დაიწყო კოშმარი. სასურსათო მაღაზიები, ფაქტობრივად, აღარ მუშაობდა. ქალაქში დაიწყო ქურდობა. თავიდან გაქურდეს აფთიაქები, შემდეგ კი, უკვე საყოფაცხოვრებო მაღაზიებიც, იღებდნენ სკამებს, მაგიდებს და შეშად იყენებდნენ.

ამ ეტაპისთვის კავშირი ნარჩუნდებოდა, მე სოციალურ ქსელში ვადევნებდი თვალს მომხდარს, რეგულარულად გამოდიოდა ქალაქის მერი და გვაწყნარებდა. ამბობდა, რომ არსად არ წახვიდეთო. შესაბამისად, ჩვენ არ გავედით და ეს იყო ჩვენი შეცდომა, რადგან 2 მარტის შემდეგ ქალაქიდან უკვე აღარ შეიძლებოდა გასვლა. პარალელურად ჯარი მოდიოდა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მხრიდან, უკვე შემდგომ მოვიდნენ რუსი სამხედროებიც“.

ყველაფერი სწრაფი ტემპით უარესდებოდა. 2 მარტს ანას დედის ბინას შეუწყდა ელექტროენერგია, საღამოს გაქრა წყალიც, შემდეგ- გათბობა, უკვე ბოლოსკენ – კავშირგაბმულობაც, რადგან ანძები დაინგრა.

„ბოლომდე ვფიქრობდი, ყველაფერი დროებითია, რომ ყველაფერს ჩართავენ, დაიწყებოდა სტაბილურობა, ყველაფერი აღდგებოდა ისე, როგორც მანამდე იყო, მაგრამ ეს არ მოხდა.

საღამოობით იწყებოდა სროლა, ჩვენი კორპუსი კი ივსებოდა ხალხით, ვისაც სახლები დაეწვა. ამ ეტაპისთვის აღარ გვქონდა წყალი. დაგვრჩა მხოლოდ რამდენიმე ბოთლი, რომელიც ჩვილისთვის შემოვინახე. დასაბანად განკუთვნილი ტექნიკური წყალი საერთოდ აღარ არსებობდა.

კორპუსთან ახლოს, საბავშვო ბაღში, კაცებმა გახსნეს სარდაფი და გათბობის მილებიდან გამოუშვეს წყალი, რომელსაც  ვსვამდით, რადგან სხვა გამოსავალი არ იყო“.

4 მარტს მარიუპოლში მოვიდა თოვლი. შესაბამისად, წყლის მოპოვების საშუალება გაჩნდა, თუმცა 3 დღეში ქალაქს ბოლომდე შეუწყდა ბუნებრივი აირით მომარაგება და „ეს იყო ცივილიზაციის ბოლო წვეთი, რომელიც გაქრა“.

ანა იხსენებს, რომ ბინაში, ალბათ, მაქსიმუმ +10 გრადუსი იყო. ჩვილს ყველაფერი ზემოდან ჰქონდა შემოხვეული, რათა გამთბარიყო, ის „პატარა უმოძრაო რგოლს ჰგავდა“.

10 მარტს ანას სახლთან ახლოს ჭურვი ჩამოვარდა. ქალს, მის ორ შვილსა და დედას ერთ ლოგინში ეძინათ, რათა როგორღაც მაინც გამთბარიყვნენ. ჭურვის ჩამოვარდნის დღეს, სისხამ დილით, ისინი ფანჯრების ჩალეწვამ გააღვიძა.

რაკი ფანჯრების შეკეთების საშუალება არ არსებობდა, ანა მალევე მიხვდა, რომ უნდა წასულიყო და თავშესაფარი ეშოვა. იმ დროისთვის ქალაქში რამდენიმე ცენტრალური თავშესაფარი იყო, სადაც უკვე აღარ იყო ადგილი. თუმცა ხალხმრავლობის გამო იქ თბილოდა, მოჰქონდათ წყალი და საჭმელი, ასევე არსებობდა მინიმალური საყოფაცხოვრებო კომფორტიც.

რუსეთის მიერ განადგურებული მარიუპოლის ქუჩები. 2022 წლის 29 მარტის ფოტო.

ანა ერთ-ერთ ასეთ თავშესაფარში გაემგზავრა. ამ დღეს პირველად ნახა განადგურებული მარიუპოლის სხვა ქუჩებიც. ამბობს, რომ შემზარავი იყო დანგრეული სახლების, დაცხრილული მანქანებისა და ცხედრები დანახვა. გზად ქალი მიხვდა, რომ ცენტრალური თავშესაფარი სროლების ეპიცენტრში იყო, ამიტომ მანქანა შემოატრიალეს და გზად არსებულ 38-ე სკოლაში შევიდნენ.

„იმ მომენტისთვის მყავდა მანქანა და სკოლამდე მისვლაში მეზობელი დამეხმარა. საქმე ის იყო, რომ დედაჩემი ჩემს შვილებთან ერთად უკანა სკამზე იჯდა. თუ ფანჯარა ჩაილეწებოდა, მე მათ უნდა გადავფარებოდი, შესაბამისად, გვჭირდებოდა ვინმე, ვინც საჭესთან დაჯდებოდა. მეზობელი დამეხმარა, ოღონდ იმ პირობით, რომ უკან, სახლში ჩემი მანქანით დაბრუნდებოდა,“ — იხსენებს ანა.

სკოლაში დასაძინებელი ადგილი არ იყო, ყველა გასაშლელი საწოლი, ე.წ. ლეჟანკა, ბავშვებს დაეკავებინათ. სკოლაშიც ძირითადად ისინი რჩებოდნენ, სანამ მშობლები გარეთ გადიოდნენ საჭმლისა და სხვა აუცილებელი ნივთების მოსაპოვებლად.

ანა იხსენებს, რომ სკოლის დირექტორი იყო ადამიანი, რომელმაც შეითავსა როგორც ბავშვებზე ზედამხედველობა, ასევე საჭმლის გადანაწილება. საჭმელი ყოველდღე კოცონზე მზადდებოდა, ხოლო დღეში 3-4 საათით ირთვებოდა გენერატორი და იყო ელექტროენერგიაც, მოჰქონდათ წყალი.

რაკი ანა მეძუძური იყო, მას ერთი ადგილი დაუთმეს. თუმცა სარდაფში ნელ-ნელა სულ უფრო მეტი ადამიანი მოდიოდა. ადგილი ისე ცოტა იყო, რომ ბევრი მათგანი ფეხზე იდგა.

„ბევრი, ვინც სახლში ბრუნდებოდა ცოტა ხნით, მოჰქონდა ამბავი, რომ ესა თუ ის მეზობელი სარდაფში ცოცხლად დაიმარხა, რადგან კერძო სახლებს პატარა სარდაფები ჰქონდათ და ჭურვის ჩამოვარდნის შემთხვევაში იქიდან ვერ ამოდიოდნენ.

16 მარტს სკოლაში მივიდნენ ჩეჩენი მებრძოლები, ამბობდნენ, რომ არიან „პუტინის დიადი არმიის“ წარმომადგენლები და ჩვენს გასათავისუფლებლად მოვიდნენ, რაკი ჩვენთან არ იყვნენ სამხედროები და სკოლა ძირითადად სავსე იყო ბავშვებითა და ქალებით. მათ ნაწილს მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა, მათ შორის იყვნენ ბავშვები, რომლებსაც თვალებში ნამსხვრევები ჰქონდათ. სარდაფში მყოფი ადამიანები, მათ შორის, ექიმები, ერთმანეთს ეხმარებოდნენ. სარდაფში პერიოდულად ჩამოდიოდა პედიატრიც, რომელსაც წამალი არ ჰქონდა, მაგრამ მშობლებს რჩევებით ეხმარებოდა.

ჩეჩნებმა დაარიგეს საბაზისო მედიკამენტები, ცოტა ტკბილეული. ასევე, გოგო, რომელსაც საკეისრო სჭირდებოდა, სხვა ქალაქში გადაიყვანეს, დაიკავეს ახლო სახლები და ერთ-ერთ ეზოში დააყენეს ტანკიც.

ჩვენ ვკითხეთ, როდის შეიძლებოდა გასვლა სკოლიდან. გვიპასუხეს, 2 დღე დაგვეცადა, სანამ ტერიტორიას „გაწმენდდნენ“. შესაბამისად, როდესაც ჯარმა წინ წაიწია, ჩვენ უკან აღმოვჩნდით და გვქონდა საშუალება, სარდაფიდან ამოვსულიყავით, გაგვეგო, რა ხდებოდა გარეთ. ქუჩაში ჯერ კიდევ საშინლად ყინავდა, ჩვენ კი საჭმელი გვითავდებოდა, არ იყო წყალი“, — ამბობს ანა.

16 მარტს, როდესაც ქალმა სკოლის დატოვება გადაწყვიტა, დედამისი ცუდად გახდა, გადაადგილება უჭირდა. ის დახმარების გარეშე ვერ მიაღწევდა საევაკუაციო ავტობუსამდე. არ არსებობდა კავშირი გარე სამყაროსთან, შესაბამისად, არ იყო არც ინფორმაცია. სკოლაში მყოფები ზოგჯერ რადიოტალღებს იჭერდნენ, თუმცა მხოლოდ პროპაგანდისტული რუსული ტალღების დაჭერა აღმოჩნდა შესაძლებელი.

ანამ გადაწყვიტა, რომ დედის ბინისკენ წასულიყო და თავისი მანქანა ეპოვა. ქალაქის დატოვებისთვის მანქანა ერთადერთი შანსი იყო. თუმცა ბინასთან მისვლისას აღმოაჩინა, რომ მეზობელმა მანქანით თავისი ოჯახი გაიყვანა ქალაქიდან და გაუჩინარდა.

მარიუპოლში იმ დროისთვის მხოლოდ რაღაც წერტილებში შეიძლებოდა მობილური კავშირის დაჭერა. ანამ იპოვა ერთი ასეთი ადგილი და ახლობლებთან დარეკა, უთხრა, რომ ცოცხალია და დახმარება სჭირდება. თუმცა ქალაქში გარედან არ უშვებდნენ, შესაბამისად, ანას ოჯახი თავისი ძალებით უნდა გადაერჩინა.

„უკანა გზაზე დავინახე დაქოქილი მანქანა, ირგვლივ ხალხი მობილურებს ტენიდა. მივხვდი, რომ ეს არის ადამიანი, ვისაც ჰყავს მანქანა და აქვს ბენზინი, რომელიც იმ დროისთვის ყველაზე ძვირფასი ვალუტა იყო. ბენზინი იყო სიცოცხლე.

ვიპოვე მეპატრონე და ვთხოვე, დამხმარებოდა. დედაჩემს კიდურების დამბლა ეწყებოდა, ფეხი იყო ცივი. ვიცოდი, რომ თუ კიდევ ცოტა ხანს გავჩერდებოდით, ფეხის ამპუტირება იქნებოდა საჭირო. ტიმოფეი, ასე ერქვა იმ კაცს, დაგვეხმარა, რომ ავტობუსამდე მივსულიყავით. ყველაფერი მიატოვა იმ წამს, ფეხებზე დაიკიდა ბენზინი და დაგვეხმარა, რომ ქალაქი დაგვეტოვებინა. ვოლოდარსკამდე მიგვიყვანა. ეს უკვე დნრ-ის ოკუპირებული ტერიტორია იყო. ყველაფერი, რაც გვებადა, ზედ გვეცვა“, — ამბობს ანა.

ვოლოდარსკშიც ანა და მისი ოჯახი ერთ-ერთ სკოლაში გაანაწილეს. აქაც ძალიან ბევრი ადამიანი იყო, მაგრამ იმის გამო, რომ ანას თან ჩვილი ახლდა, სარდაფში ჩაიყვანეს, სადაც უფრო მეტად თბილოდა და დაწოლაც შეიძლებოდა

ანა დაარეგისტრირეს და უთხრეს, რომ აქედან გასვლა მხოლოდ როსტოვში, რუსეთის ტერიტორიაზე შეიძლებოდა. უკრაინაში დასაბრუნებლად მას დიდი წრე უნდა დაერტყა — რუსეთი, ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და შემდეგ უკვე უკრაინის საზღვარი. ამის გაკეთება კი, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო.

ერთ-ერთი საევაკუაციო ავტობუსი მარიუპოლიდან. ფოტო გადაღებულია 2022 წლის 24 აპრილს. ავტორი: EPA-EFE/ROMAN PILIPEY

„დილით დავიწყეთ ალტერნატივის ძიება, რომ ეს ადგილი დაგვეტოვებინა. ვიპოვეთ კერძო პირი, რომელიც აპირებდა პროდუქტებისთვის წასულიყო დონეცკში. დონცეკში ჯერ კიდევ იყო საჭმელი და ცივილიზაცია.

ვთხოვეთ, რომ წავეყვანეთ. ის დაგვთანხმდა, თუმცა ძალიან ძვირი დაგვიჯდა. ასე მოვხვდით დონცეკში, სადაც ჩემი ძმა იყო. ჩვენ ისეთ ადგილას აღმოვჩნდით, სადაც უკვე იატაკზე ძილი აუცილებელი აღარ იყო და, მართალია, არც აქ მოდიოდა წყალი ბინებში, მაგრამ იყო შუქი, იყო საჭმელი, მუშაობდა მაღაზიები. მას შემდეგ, რაც 1 თვე არაადამიანურ პირობებში გავატარე, მომუშავე მაღაზია ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო. წარმოიდგინეთ, ახლა უკვე შემეძლო, ბავშვისთვის ტკბილეული მეყიდა ან ბავშვის „ფორმულა“, ჩემთვის მეყიდა რამე!

დედა წაიყვანეს საოპერაციოდ, გვითხრეს, ძლივს გადავარჩინეთ ამპუტაციასო. ის დღემდე ძლივს დადის“, — იხსენებს ანა.

მისივე თქმით, დონცეკში პირველი სამი დღე მართლა ბედნიერი იყო, თუმცა სროლები იქაც იყო და, შესაბამისად, არც უსაფრთხოება იყო ბოლომდე გარანტირებული.

„მახსოვს, ერთხელ შვილმა გაიგო სროლის ხმა, გავარდა კორიდორში და დაიმალა. მითხრა, აქაც ისვრიან და უნდა გავიქცეთო. მივხვდი, რომ უნდა წავსულიყავი. გადამყვანები ძალიან მაღალ ფასს აწესებდნენ, ამიტომ შედარებით ყველაზე იაფი საქართველოში გადასვლა იყო. თანაც, აქ უკვე იმყოფებოდა ჩემი ნათესავი, ასე ჩამოვედით საქართველოში“, — ამბობს ანა და ამატებს, რომ მისი დედა ცოტა ხანს დონეცკში დარჩა, სანამ ფეხი შეუხორცდა, შემდეგ კი ისიც თბილისში ჩამოვიდა.

„ბინის ბევრი მეპატრონე უკრაინელებზე სახლებს არ აქირავებს“

საქართველოზე და საქართველოს მოქალაქეებზე საუბრისას ანა ამბობს, რომ სულ მადლიერი იქნება. თუმცა ომიდან გამოქცეულ ლტოლვილს აქაც არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოუწია.

ანა განსაკუთრებით თბილად იხსენებს თბილისის 41-ე სკოლას, სადაც ბავშვებისთვის უკრაინული სექტორი შეიქმნა. ამბობს, რომ ამ სკოლის დახმარებით მისი შვილი განათლებას არ ჩამორჩა, ამასთანავე, ყოველ კვირა სხვადასხვა აქტივობებს ესწრებოდა.

თუმცა მთავარი საზრუნავი, კერძოდ კი, სად გააგრძელებს ანას ოჯახი ცხოვრებას, ჯერ კიდევ მოუგვარებელია.

როდესაც ანა თბილისში ჩამოვიდა, ნათესავისგან იცოდა, რომ მერია მოქალაქეებს სასტუმროებში ანაწილებდა. თუმცა მერიის ცხელ ხაზზე უთხრეს, რომ პასუხს დალოდებოდა. მანამდე ანა მოხალისეებმა გადაანაწილეს. ლოდინი დიდხანს გაგრძელდა, იყო არაერთი ზარი. ბოლოს მასაც გაუმართლა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებულ ერთ-ერთ სასტუმროში მოხვდა.

1 აგვისტოს, სხვა უკრაინელების მსგავსად, ანასაც მოუწია სასტუმროს დატოვება. იხსენებს, რომ იმ დღეს სასტუმროსთან მოხალისეები მივიდნენ და იკითხეს, ვინ იყვნენ მათ შორის ყველაზე მოწყვლადი ადამიანები. ასე ჩაეწერა ანა მათ სიაში და მალევე მოხვდა „აკვამარინში“.

წესით, მთავრობის დადგენილებით ანას ფინანსური დახმარება ეკუთვნის — 300 ლარი და პლუს 45 ლარი თითო სულზე. ამბობს, რომ ეს დახმარება ჯერ არ მიუღია, „მიზეზი არ ვიცი, შეიძლება რიგითობით ნაწილდება“.

თუმცა, ქალი ამბობს, რომ ამ ფასად ახლა თბილისში ბინის პოვნა შეუძლებელია. მისი რესურსები კი თითქმის ამოწურულია:

„ბევრ მეპატრონეს არ უნდა ჩვენთვის ბინის მოქირავება იმიტომ, რომ უკრაინელები ვართ. არსებობს სტერეოტიპი, რომ ან არ გადავიხდით, ან ბინიდან არ გავალთ. ეს ჩემთვის გაუგებარია. თუ ადამიანი არაკეთილსინდისიერი გადამხდელია, ამას მის წარმომავლობასთან კავშირი არ აქვს.

ამასთანავე, ბინის ბევრი მეპატრონე ითხოვს, რომ წარვუდგინოთ დასაქმებისა და შემოსავლის შესახებ ოფიციალური დოკუმენტები, რაც მე ახლა, უბრალოდ, არ მაქვს. ერთადერთი, რა მოთხოვნაც მაქვს, არის ის, რომ ტრანსპორტთან იყოს ახლოს, რადგან ჩემმა შვილმა სკოლაში დამოუკიდებლად შეძლოს სიარული.

ვაგრძელებ ბინების მოძიებას, თუმცა, რა და როგორ იქნება მომავალში, არ ვიცი“.

კიდევ ერთი გამოსავალი ოდესის ქუჩაზე არსებული ჰოსტელია, რომელიც „ღია საზოგადოების ფონდის“ თანაორგანიზებით მოეწყო. ანა ამბობს, რომ იყო ჰოსტელში, თუმცა იქ ცალკე გამოყოფილი ოთახები არ დახვდა, დედამისს კი, რომელიც ჯერ კიდევ გადის მკურნალობის კურსს, აუცილებლად სჭირდება პრივატული სივრცე.