საზოგადოება

სუბარი, ყაველაშვილი და ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

28 ივნისი, 2022 • 2937
სუბარი, ყაველაშვილი და ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ.

ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს, 28 ივნისს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დეპუტატების მიერ მმართველი პარტიის დატოვების მიზეზი ისაა, რომ მათ მიაჩნიათ, ე.წ. კულისებიდან მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ .

მდინარაძის თქმით, ეს სამი დეპუტატი ფიქრობს, რომ თუ „ქართული ოცნების“ ქოლგის ქვეშ იქნებიან, ვერ ისაუბრებენ იმის შესახებ, რაც აქვთ სათქმელი.

„მიწევს გაცნობოთ ერთი არაორდინალური გადაწყვეტილების შესახებ: ჩვენი გუნდის ღირსეული წევრები და მეგობრები სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ტოვებენ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიას, საპარალამენტო თანამდებობას. ამის მიზეზი გახდა ერთი შეუთანხმებელი საკითხი დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე, რასთან დაკავშირებით მანამდეც მიდიოდა პარტიაში დისკუსია, რომ დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი დასკვნები გააკეთოს, მათი აზრით.

მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს. ამასთან დაკავშირებით იყო კამათი, დისკუსია და მათ გადაწყვიტეს, რომ ამის გახმოვანებისთვის მათ სჭირდებათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი და გუნდის შიგნით შესაძლებელია გარკვეული უხერხულობები შეექმნათ ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება მიიღეს, გუნდი ამ გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერდა, თუმცა ეს საბოლოოა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი