საზოგადოება

ივანიშვილი ოლიგარქი არაა, პოლიტპატიმრები არ გვყავს — ღარიბაშვილი

24 ივნისი, 2022 • 1320
ივანიშვილი ოლიგარქი არაა, პოლიტპატიმრები არ გვყავს — ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, პოლიტპატიმრები კი საქართველოში არ არსებობენ. აღნიშნულის შესახებ მან ევროკომისიის მოთხოვნებთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ დღეს, 24 ივნისს ისაუბრა.

დეოლიგარქიზაციაზე საუბრისას, რომელიც ზემოხსენებულ მოთხოვნებში მე-5 პუნქტადაა მითითებული, ღარიბაშვილმა დასძინა, რომ აღნიშნულზე თბილისს ბრიუსელთან ექნება კომუნიკაცია.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება კონსულტაციები ბრიუსელთან, უფრო მეტი კონკრეტიკის და განმარტების მისაღებად, თუ რა მოლოდინები არსებობს, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ აღნიშნული კანონის მიღება.

ჩვენ გვითხრეს, რომ უკრაინას აქვს ანალოგიური კანონი მიღებული, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ არ არის სრულყოფილი და ა.შ. ჩვენ ამ თემას, რა თქმა უნდა, ჩავუღრმავდებით.

მოგეხსენებათ, აღნიშნული პირობა სამივე ქვეყანას განესაზღვრა და მოდით, ვაღიაროთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არ არის ეს გამოწვევა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხსაც ისეთივე პასუხისმგებლობით შევასრულებთ, ისევე როგორც სხვა დანარჩენს, პირველის გარდა”, — დასძინა ღარიბაშვილმა.

პირველ მოთხოვნად, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ახსენა, ევროკომისია საქართველოს პოლარიზაციის პრობლემის მოგვარებას უყენებს. როგორც ღარიბაშვილმა თქვა, მთავრობა ამ მოთხოვნას ოპოზიციის გარეშე ვერ შეასრულებს.

უშუალოდ ბიძინა ივანიშვილზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ მან თქვა, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი არა ოლიგარქი, არამედ “ყველაზე დიდი მეცენატია, რომელიც ქვეყანას ოდესმე ჰყოლია”:

“ბატონი ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. ოლიგარქის უამრავი განმარტება არსებობს, თუმცა ერთ-ერთი მთავარი [განმარტების მიხედვით] ოლიგარქი არის პირი, რომელიც მდიდრდება სახელმწიფოს რესურსებით, აქვს გავლენიანი ბიზნესები საქართველოში, პოლიტიკა და პარტიები და ა.შ.

ბატონ ბიძინა ივანიშვილს არავითარი შემოსავალი არ მიუღია საქართველოდან, პირიქით: კაცმა თუ რამე იშოვა, ჩამოიტანა, დახარჯა საქართველოში. იგი არის მეცენატი, ქველმოქმედი. შემდეგ არის პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი.

ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღეს არავითარი როლი, სტატუსი პოლიტიკაში არ გააჩნია. მან საჯაროდ განმარტებაც გააკეთა და დატოვა პოლიტიკა. სხვა ყველანაირი ცილისწამებები არის უსაფუძვლო. ამას სჭირდება დასაბუთება”.

მისივე სიტყვებით, “ოლიგარქობის ცდუნებები შესაძლოა სხვა ინდივიდებს ჰქონოდათ და ჰქონდეთ” და მთავრობა ამას შეისწავლის.

ამავე პრესკონფერენციაზე ღარიბაშვილმა თქვა, რომ “პოლიტპატიმრები ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს და არ ეყოლება”.

“პოლიტპატიმრები იყვნენ წინა ხელისუფლების დროს, ბატონი სააკაშვილის დროს…”, — დასძინა მან.


ევროკომისიის 23 ივნისის გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებათ, საქართველოს შემთხვევაში კი მოხდება ევროპული პერსპექტივის აღიარება.

გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარკვეულ პირობებს შეასრულებს.

ამ პირობებს შორის დასახელებულია „დეოლიგარქიზაცია“, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა, მიუკერძოებელი სამართალდამცავი უწყებების ფუნქციონირება, მედიამენეჯერების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებში მიუკერძოებლობა და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი