ღარიბაშვილს ბრიუსელში „პრობლემების სია“ გადაეცა — ფორმულა

„ლელოს“ წევრ სალომე სამადაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში გადაეცა მრავალპუნქტიანი პრობლემების ჩამონათვალი, რაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად პოლიტიკური კრიტერიუმების შესავსებად სჭირდება.

„დანამდვილებით გვაქვს ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს გადაეცა მრავალპუნქტიანი დოკუმენტი, რაც წარმოადგენს დაგროვებული პრობლემების აღწერას და შეეხება პოლიტიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილებას კანდიდატი სტატუსის მისაღებად. ხელისუფლება მორიგ ჯერზე იტყუება, როცა საუბრობენ, რომ ეს ყველაფერი არ იყო ნათქვამი შეხვედრებზე ან მათ არ გადაეცათ პრობლემების სია. სამწუხარო ის არის, რომ შედეგს დავინახავთ განხილვისას“, — განაცხადა სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში.

„ფორმულა“ აცხადებს, რომ ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია კონკრეტული პრობლემური პუნქტების შესახებ, რაც პრემიერს წარუდგინეს და 20-პუნქტიანი რეკომენდაციების სიიდან 6 არის:

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 19 აპრილის შეთანხმება არავითარი ფორმით არ არის დაკავშირებული კანდიდატის სტატუსის მიღებასთან.

„19 აპრილის შეთანხმება არის არა ევროკავშირთან, არამედ ოპოზიციასთან და ოპოზიცია უპასუხისმგებლოდ მიუდგა თავის დროზე ამ შეთანხმებას“, — განაცხადა კობახიძემ.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მასაც აქვს ინფორმაცია მაქვს, რომ პრემიერის ბრიუსელიდან კონკრეტული ვალდებულებების ჩამონათვალი გამოატანეს. ვაშაძის თქმით, ყველაფერი „ქართული ოცნების“ ხელშია, რომელმაც უნდა გაატაროს საკონსტიტუციო და მართლმსაჯულების რეფორმები.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით 16-18 მაისს იმყოფებოდა. მთავრობის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.