საზოგადოება

რის გამო დააპატიმრეს გვარამია — მოკლედ

16 მაისი, 2022 • 13341
რის გამო დააპატიმრეს გვარამია —  მოკლედ

„მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას, 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. წარდგენილი ბრალდებების ერთ ნაწილში გვარამია გამართლდა, ერთ-ერთი ბრალდების შემთხვევაში დაჯარიმდა, კიდევ ერთი, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდის შემთხვევაში კი — თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აქ ნახავთ, რის გამო დააპატიმრეს „მთავარი არხის“ დირექტორი.

რას ედავებოდნენ გვარამიას

ბრალდებები, რომლებიც ნიკა გვარამიას საქართველოს მთავარმა პროკურატურამ წარუდგინა, ეხება პერიოდს, როდესაც ის ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ გენერალური დირექტორი(2014-2019)  იყო.

ნიკა გვარამიას პროკურატურამ 2019 წელს ბრალი წაუყენა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ქონებრივი უფლების ართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, კომერციულ მოსყიდვაში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“(TI) მიხედვით, რომელმაც საქმის მასალები შეისწავლა, ფაქტობრივი გარემოებები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ქონებრივი უფლების გაფლანგვის ეპიზოდი

ბრალდების მხარის მტკიცებით, ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორობისას დაარღვია სამსახურებრივი ვალდებულება, არ იმოქმედა კეთილსინდისიერად და კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე.

კერძოდ, 2015 წლის სექტემბრიდან-დეკემბრამდე პერიოდში კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობის სანაცვლოდ, შპს „ინტერ მედია პლიუსისგან“ მოითხოვა 2014 წელს ანალოგიურ მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულ თანხასთან შედარებით მცირე ანაზღაურება.

შედეგად, პროკურატურის ვერსიით, გვარამიამ კომპანიის ფინანსურ დირექტორთან, კახაბერ დამენიასთან ერთად გაფლანგა 2015 წლის 16 იანვრის გენერალური ხელშეკრულებით განსაზღვრული „რუსთავი 2-ის“ კუთვნილი ქონებრივი უფლება და კომპანიამ 6 763 509 ლარის მატერიალური ზიანი განიცადა.

ეს ბრალდება გვარამიას სსკ-ის 182-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი.

  • კომერციული მოსყიდვის, აგრეთვე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ეპიზოდი

ბრალდების თანახმად, „რუსთავი 2-ის“ კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვის სანაცვლოდ, 2017 წლის 21 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ნიკა გვარამიამ შპს „ინტერ მედია პლიუსისგან“ სარგებლის სახით უძრავი ქონება (ორი ბინა) მიიღო.

პროკურატურისვე ვერსიით, უძრავი ქონების მიღების უზრუნველსაყოფად, 2016 წლის 5 და 25 ივლისს გაფორმდა ყალბი (ფიქტიური) სესხის ხელშეკრულებები. აღნიშნულის საფუძველზე კი, ვითომდა სასესხო ვალდებულების დაფარვის სანაცვლოდ, შპს „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორმა ნიკა გვარამიას ნასყიდობის ხელშეკრულებით გადასცა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება.

ეს ბრალდება გვარამიას სსკ-ის 221-ე და 362-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი.

  • ფულის გათეთრების ეპიზოდი

პროკურატურის თანახმად, მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიამ უძრავი ქონება მიიღო, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განიზრახა.

როგორც პროკურატურა ამბობს, „დანაშაულებრივად მიღებული ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემის, მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროსა და საკუთრების შენიღბვის მიზნით ნიკა გვარამიამ 2017 წლის 7 ივლისსა და 26 სექტემბერს უძრავი ქონება 602 521.80 ლარად გაასხვისა, რის შედეგადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღო.“

ეს ბრალდება გვარამიას სსკ-ის 194-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი.

გვარამია გამოძიებასა და ბრალდებებს თავიდანვე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” საქმის შესწავლის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ არ დასტურდება გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებები.

რომელ ბრალდებებში გამართლდა გვარამია

მოსამართლემ ნიკა გვარამია გაამართლა:

  • სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში(ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია);
  • სსკ-ის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით წადგენილი ბრალდების ნაწილში(კომერციული მოსყიდვა იმ პირის მიერ, რომელიც საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ახორციელებს ხელმძღვანელობით, წარმომადგენლობით ან სხვა სპეციალურ უფლებამოსილებას…);
  • სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით წადგენილი ბრალდების ნაწილში(უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება).

რაში გამტყუნდა, ანუ რის გამო დააპატიმრეს გვარამია

ბრალდებებზე, რომელთა გამოც ნიკა გვარამია დააპატიმრეს, პროკურატურა სსკ-ის 182-ე მუხლით(მითვისება ან გაფლანგვა) დაობდა. საუბარია ე.წ. 2015 წლის ეპიზოდზე და ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდზე.

პირველი, ე.წ. 2015 წლის ეპიზოდი ეხება პროკურატურის ბრალდებას, რომლის თანახმადაც გვარამიამ, კომპანიის ფინანსური დირექტორთან ერთად 6 763 509 ლარი გაფლანგა.

მეორე, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდში, პროკურატურა დაობდა შემდეგს:

უწყების მტკიცებით, 2019 წლის თებერვალში გვარამიამ ,,თეგეტა პრემიუმ ვიიქელსის“ (პორშეს ცენტრი) ხელმძღვანელებს შესთავაზა, რომ მათგან ძვირადღირებულ ავტომობილს შეიძენდა, “რუსთავი 2”-ის ეთერში მათი სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ.

პროკურატურის თანახმად, ხელშეკრულება 2019 წლის თებერვალში, პორშეს ცენტრსა და შპს “პროესკო მედიას” შორის გაფორმდა, თუმცა “პროესკო მედია” მხოლოდ ფორმალურად იყო 76 ათასი ევროს (232 201 ლარი)  ღირებულების ავტომობილის მესაკუთრე, რეალურად კი ის გვარამიასა და მისი ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაში გადავიდა.

გამოძიების მიხედვით, პორშეს ცენტრი სრულად უხდიდა “პროესკო მედიას” ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარეკლამო ღირებულებას, თუმცა “ეს უკანასკნელი, ნიკა გვარამიას დავალებით, არსებითად ამცირებდა ტელეკომპანია რუსთავი 2-სთვის გადასახდელ თანხებს, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი ადგებოდა ტელეკომპანიას”.

“2019 წლის აპრილიდან ივლისამდე პერიოდში, ტელეკომპანიამ განიცადა დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი, სანაცვლოდ კი ნიკა გვარამიამ და მისმა ოჯახმა, ფაქტობრივ საკუთრებაში მიიღეს 232 201 ლარის ღირებულების ავტომობილი – Porche Macan S”, — ამბობს პროკურატურა.

აღნიშნული ბრალდებები, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სსკ-ის 220-ე მუხლით გადააკვალიფიცირა. აღნიშნული მუხლი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

შედეგად, ე.წ. 2015 წლის ეპიზოდზე როგორც გვარამია, ისე დამენია, 50 000-50 000 ლარით დააჯარიმეს. მეორე ეპიზოდზე კი ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

უფრო მკაცრმა სასჯელმა(პატიმრობა) ნაკლებად მკაცრი სასჯელი(ჯარიმა) შთანთქა და საბოლოოდ, გვარამიას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით.

ოპოზიციური ტელევიზია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია განაჩენის გამოცხადებისთანავე, დღეს, 16 მაისს, სასამართლო დარბაზში დააკავეს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობისა” და სახალხო დამცველის პოზიცია

წარსულში “საერთაშორისო გამჭვირვალობამ”(TI) და სახალხო დამცველმა ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოში, სასამართლოს მეგობრის(Amicus Curiae) ფორმატში, ორი მოსაზრება წარადგინეს.

საქმის მასალების შესწავლის შემდეგ “საერთაშორისო გამჭვირვალობა” აღნიშნავდა, რომ არ დასტურდება გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტი.

“ნიკა გვარამიასათვის წარდგენილი ბრალდებების უმეტესობა მის მიერ 2015 წელს მიღებულ მენეჯერულ გადაწყვეტილებას უკავშირდება.

საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე, დირექტორის მიერ რისკების გაწევა და კონკრეტული მენეჯერული გადაწყვეტილების მიღება არათუ სისხლისსამართლებრივი, არამედ სამეწარმეო სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველიც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა გახდეს.

კომპანიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, დირექტორს უფლება აქვს მიიღოს სარისკო გადაწყვეტილებები. მას არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი გადაწყვეტილება წარმატებული ან საწარმოსათვის მოგების მომტანი არ აღმოჩნდა”, — აღნიშნავდა ორგანიზაცია.

ახლა, როცა გვარამიას პატიმრობა მიესაჯა, TI აღნიშნავს, რომ სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა, გადაწყვეტილების მიზანი კი “მთავარი არხის” მუშაობის შეფერხებაა.

სახალხო დამცველიც აცხადებდა, რომ კანონმდებლობებისა თუ სასამართლო პრაქტიკის ანალიზის მიხედვით, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება.

“დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია, თუნდაც ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, მაგრამ კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს ემსახურებოდეს და მოკლე, ან გრძელვადიანი რისკების დაზღვევას უზრუნველყოფდეს”, — აღნიშნავდა ომბუდსმენი.

„ყველაფერი კარგად იქნება!“ — გვარამია დაკავებამდე

მასალების გადაბეჭდვის წესი