საზოგადოება

ნაყოფია: სააკაშვილი „ვივამედში“ გადაყვანაზე თანახმაა, თუმცა, არა დღეს

10 მაისი, 2022 • 1310
ნაყოფია: სააკაშვილი „ვივამედში“ გადაყვანაზე თანახმაა, თუმცა, არა დღეს

ენმ-ის წევრის, კობა ნაყოფიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანაზე თანახმაა, თუმცა, მისი თქმით, ეს დღეს არ მოხდება.

ნაყოფიამ ცოტა ხნის წინ დატოვა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება, სადაც სააკაშვილს შეხვდა.

კობა ნაყოფიას თქმით, სააკაშვილს უთხრეს, რომ საუბარია კვლევებისთვის კლინიკაში მიყვანაზე და არა მკურნალობაზე, და შესთავაზეს, რომ „ვივამედში“ დღეს გადაიყვანდნენ. ნაყოფიას თქმით, ვინაიდან სააკაშვილს დღეს ოჯახთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი, კლინიკაში გადაყვანაზე უარი თქვა, თუმცა შემდეგ დღეებში მზადაა, ეს გააკეთოს:

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მიხეილ სააკაშვილისთვის ცნობილია იუსტიციის მინისტრის შეთავაზებაზე. მას უკვე აცნობეს, რომ ის იქნებოდა გადაყვანილი. უბრალოდ, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, საუბარია მხოლოდ გამოკვლევებზე გადაყვანაზე. შესთავაზე,ს რომ ეს მომხდარიყო დღეს, რაზეც უთხრა, რომ დღეს ვერ წავიდოდა, რადგან დღეს ის უიშვიათესი დღეა, როცა მას ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს ოჯახის წევრებს. ამის გამო მოუწია მას ამ შემოთავაზებაზე უარის თქმა.

ეს შეეხება მხოლოდ კვლევების ჩატარებას, არანაირ მკურნალობაზე და გადაყვანაზე მკურნალობის მიზნით საუბარი არაა – რაც მას პირადად უთხრეს. ის ზოგადად უსმენს ექიმების რეკომენდაციას. მე გაოცებული ვარ განცხადებით, რომ თითქოს მიშა საკვებს არ იღებს, ეს დიდი სიცრუეა. დიდი განსხვავებაა საკვების არმიღებასა და ვერ მიღებას შორის. მომდევნო დღეებში მზადაა გასაყვანად, დღეს ვერ წავიდოდა, რადგან შეხვედრა ჰქონდა ოჯახთან, ,რომელიც დიდი ხანია არ უნახავს. ყველანაირ შეთავაზებას ის განიხილავს და აუცილებლად გადავა კვლევების ჩასატარებლად“, – აცხადებს კობა ნაყოფია.

დღეს, 10 მაისს, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას შესთავაზებენ, სადაც ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში გაეწევა მკურნალობა.

რატი ბრეგაძე ამბობს, რომ საკვებისა და მედიკამენტების შერჩევითად მიღებით სააკაშვილი თავად უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხეს, რამაც შესაძლოა გარკვეული გართულებები გამოიწვიოს, რისი თავიდან აცილების მიზნითაც, მას შესთავაზებენ კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას.

მასალების გადაბეჭდვის წესი