საზოგადოება

„განათლების მიღმა ვრჩებით“ — ვინ და რატომ აპროტესტებს აუდიტორიებში სწავლის განახლებას

18 აპრილი, 2022 • 3787
„განათლების მიღმა ვრჩებით“ — ვინ და რატომ აპროტესტებს აუდიტორიებში სწავლის განახლებას

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა 2 მაისს უნდა დაიწყოს. თუმცა სტუდენტთა ნაწილი ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს და ამბობს, რომ მათ, უბრალოდ, წასასვლელი არსად ექნებათ.

საქმე ის არის, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინების შემდეგ თბილისში ბინები საგრძნობლად გაძვირდა, სახლის მეპატრონეთა უმეტესობა კი გადასახადს დოლარში ითხოვს. სტუდენტები ამბობენ, რომ ამ პირობებში ბინის ქირის საფასურს, უბრალოდ, ვერ გადაიხდიან.

„უნივერსიტეტში გვეუბნებიან, რომ ჰიბრიდული [შერეული – როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურად] სწავლებისთვის არ არსებობს რესურსი – ეს ნიშნავს, რომ ადამიანს, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა, რომ დაესწროს ლექციებს, ახლა არ ექნება წვდომა განათლებაზე“ — ამბობს ნეტგაზეთთან ინტერვიუში ერთ-ერთი სტუდენტი.

თსუ აცხადებს, რომ დისტანციური სწავლება ვერ უზრუნველყოფს განათლების იმ დონეს, რისი მიღებაც სტუდენტებს აუდიტორიებში შეუძლიათ და არ აპირებს ონლაინ ან/და ჰიბრიდული სწავლების დანერგვას.

სტუდენტები საცხოვრებლის გარეშე

სასწავლო-საგამოცდო პერიოდი თსუ-ს აუდიტორიებში 2 მაისს უნდა დაიწყოს და დასკვნითი ნაწილი 13 ივლისს უნდა დასრულდეს. შესაბამისად, სტუდენტებს თბილისში ნაქირავები ბინა დაახლოებით ორ თვე-ნახევარი დასჭირდებათ. ნეტგაზეთთან ინტერვიუში სტუდენტების უმეტესობა ამბობს, რომ რომც ჰქონდეს მობილიზებული ამხელა თანხა, ბინის არცერთი მეპატრონე ასეთ მცირე პერიოდზე ბინას არ მიაქირავებს.

მეორეკურსელი ნინო ჯანჯალაშვილი ჟურნალისტიკის მიმართულებაზე სწავლობს. ნინო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევიდანაა, უნივერსიტეტში კი პანდემიის პერიოდში ჩაირიცხა.

ნინო ფეისბუკზე, სპეციალურად შექმნილ ჯგუფში — „არა 2 მაისს“ — ვიპოვეთ. ამ ჯგუფის მეშვეობით სტუდენტები აქციებსა და სხვა ღონისძიებების ორგანიზებას ახდენენ, ცვლიან ინფორმაციას და სხვა.

„მეც იგივე პრობლემა მაქვს, რაც რეგიონის ყველა სტუდენტს. საქმე ის არის, რომ ამჟამად ჩვენი უნივერსიტეტის ძალიან დიდი ნაწილი, ალბათ, 40%-იც კი, არის ამა თუ იმ რეგიონის წარმომადგენელი. დღეს ბინის ქირის საფასურს ითხოვენ დოლარში, ბევრს კი, ვისაც უკვე ნაქირავები ჰქონდა ბინა, მაკლერებმა დაურეკეს და მოსთხოვეს, ბინები დაეცალათ, რადგან ლარში გადახდილი თანხა მათ აღარ უნდოდათ.

ეს ყველაფერი ხდება, მათ შორის, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და საქართველოში რუსეთის მოქალაქეები ჩამოვიდნენ. წარმოიდგინეთ, ჩვენ მხოლოდ 2 თვისთვის უნდა გადავიხადოთ ქირა, რომელიც ხშირად 600 დოლარია – 1 თვე აუდიტორიაში ლექციებს დავესწროთ, ხოლო 1 თვე გამოცდები ჩავაბაროთ.

ამას ემატება ისიც, რომ გამქირავებლები 2 თვით ბინებს არ აქირავებენ. წინასწარ ითხოვენ რამდენიმე თვის თანხას. გამოდის, 2 თვის გამო უნდა გავწიოთ ამხელა ხარჯი – რამდენიმე თვით ბინის ქირის გადასახადი, თბილისში ცხოვრებისა და ამას დამატებული, სწავლის გადასახადი“, – ამბობს ნინო.

ნინო ჯანჯალაშვილი. ფოტო: პირადი ფეისბუკი

ნინო ჯანჯალაშვილი განმარტავს, რომ თუ სტუდენტებს შეღავათი მიეცემათ და მათი ნაწილი სწავლას დისტანციურად შეძლებს, სექტემბრისთვის მათ მომზადების დრო ექნებათ – „ფინანსური რესურსების მოგროვების შესაძლებლობა გვექნება“.

„პირველად როდესაც გავიგეთ, რომ თსუ მეორე სემესტრის გაგრძელებას ფიზიკურ რეჟიმში აპირებდა, იყო თებერვალი. თუმცა მანამდეც უთქვამთ, რომ იწყებოდა და არ დაწყებულა. შეუცვლიათ გადაწყვეტილება. ასეც რომ არ ყოფილიყო, თებერვლიდან დღემდე ძალიან რთულია ბინის მოძებნა, დაქირავება რესურსების მოპოვება და ა.შ. თანაც, თებერვლიდან რატომ უნდა გვექირავებინა ბინა, როდესაც თუნდაც აპრილში გაგრძელდებოდა სწავლა?“

ჩვენ სტუდენტებს ვკითხეთ, რას ფიქრობდნენ ისეთ ალტერნატივაზე, როგორიცაა, მაგალითად, საერთო საცხოვრებელი. თუმცა ეს გამოსავალიც პრობლემურია. თსუ-ს დღეს ორი საერთო საცხოვრებელი აქვს: ერთი ლისზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ აშენდა და კეთილმოეწყო, მეორე კი -ბაგებში. სტუდენტები უკვე წლებია ამბობენ, რომ ბაგების საერთო საცხოვრებლის შენობა არცერთ თანამედროვე სტანდარტს არ აკმაყოფილებს.

ერთ-ერთმა სტუდენტმა ნეტგაზეთს  საცხოვრებლის ფოტოები მიაწოდა.

სტუდენტები ამბობენ, რომ ბაგეში საერთო საცხოვრებელი, სულ მცირე, რემონტს საჭიროებს.

გარდა ინფრასტრუქტურული საკითხისა, ამ პრობლემის მეორე მხარე არის ის, რომ საცხოვრებლებში საკმარისი ადგილები არ არის. ნეტგაზეთის კითხვების საპასუხოდ, მათ შორის, ბაგების საცხოვრებლის სტანდარტთან შესაბამისობაზე, უნივერსიტეტში გვპასუხობენ:

„ბოლო დღეებში საერთო საცხოვრებელთან, სასწავლო პროცესთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით სტუდენტებს შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორი, კანცლერი, ასევე, ფაკულტეტების წარმომადგენლები. რექტორთან გამართულ ბოლო შეხვედრას, სტუდენტებთან ერთად, მათივე თხოვნით, არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენელი ესწრებოდა. ყველაზე მწვავედ გამოიყო რეგიონებში მცხოვრები სტუდენტების საკითხი, რადგან ქვეყანაში მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების და ლტოლვილების გამო გაზრდილი ბინის ქირა მათთვის ხელმისაწვდომი არაა.

როგორც ცენტრის წარმომადგენელმა აღნიშნა, ის დიალოგში მონაწილეობს როგორც სტუდენტების უფლებადამცველი და მზადაა ჩაერთოს სამუშაო პროცესში, რომელიც შედეგს მოიტანს.

შეხვედრაზე თსუ-ს კანცლერმა სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დაწყებულია რეგისტრაციის პროცესი თსუ-ს საერთო საცხოვრებელში ლისის ტბაზე და ბაგებში, სადაც 65 თავისუფალი ადგილია ამ ეტაპზე. ასევე მიმდინარეობს მუშაობა ლისის საერთო საცხოვრებელში კიდევ ერთი კორპუსის აღჭურვაზე, რაც დამატებით 85-მდე სტუდენტის მიღების შესაძლებლობას იძლევა. ეს ნიშნავს, რომ 150-მდე სტუდენტის საცხოვრებლის საკითხი დადებითად გადაწყდება“.

სხვა სტუდენტების მსგავსად, მცირე პერიოდით უნივერსიტეტისთვის ჩამოსვლა არ შეუძლია არც გვანცა ჯინჭარაძეს. ის ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტია.

გვანცასთვის, რომელიც ქობულეთში ცხოვრობს, ეს პერიოდი გადამწყვეტია, რადგან მან უნივერსიტეტი სწორედ ამ ზაფხულს უნდა დაასრულოს. ბოლო წელიწად-ნახევარი, პანდემიის გამო ლექციებს დისტანციურად დაესწრო. ამავე პერიოდში ნახა სამსახური, ახლა კი მისი მიტოვება 2,ან თუნდაც 3 თვისთვის გვანცას არ შეუძლია.

სწორედ ამ სამსახურის მეშვეობით იხდის ის სწავლისა თუ სხვა ხარჯებს.

გვანცა ჯინჭარაძე

„ამ პროტესტს ვუერთდები, რადგან ძალიან რთულია, მეოთხეკურსელმა დატოვოს სამსახური 1 თვის გულისთვის, მით უმეტეს, როდესაც სექტემბრიდან სწავლას არ ვაგრძელებ“, – უყვება გვანცა ნეტგაზეთს.

„ეს არის გულგრილობა სტუდენტების მიმართ, რადგან არ ითვალისწინებენ არანაირ მოთხოვნებს. არც იმას, რომ შეღავათი გაუწიონ, არჩევანის უფლება მისცენ და ა.შ. არ გვითვალისწინებენ ერთი პროცენტითაც კი“,- ამბობს გვანცა ჭინჭარაძე და დასძენს, რომ მის კურსზე უმეტესობა იმავე გამოწვევის წინაშე დგას.

„ფიზიკურად ვერ ჩამოვალ. ერთადერთი შეღავათი ჰუმანიტარულ ფაკულტეტს ის აქვს, რომ შუალედურები გვექნება ონლაინ. სხვა არავითარი შეღავათი არ გვაქვს, პრეზენტაციებიც კი აუდიტორიებში უნდა ჩავაბაროთ. შესაბამისად, ამ ქულას კარგავ.

მხოლოდ იმედი გაქვს ფინალურის, რომელზეც ან ჩახვალ, ან ვერა… სავარაუდოდ, მომიწევს, რომ ჩავიდე, ჩავაბარო [ფინალური გამოცდა] და ისევ უკან დავბრუნდე. ერთი მიმართულებით 5 საათის გზაზე“.

„არ გვისმენენ“

სტუდენტებს თსუ-ს ეზოში შაბათს, 16 აპრილს შევხვდით. ადგილზე დაახლოებით 50-მდე სტუდენტი იყო. ერთ-ერთ მათგანს ხელში ლეპტოპი ეჭირა. ამ ლეპტოპით კი აქციას სხვა ათობით სტუდენტი ესწრებოდა, ზოგს ხელში პლაკატები ეჭირა – „არა 2 მაისს“. ეს სტუდენტები რეგიონში ცხოვრობენ და ქალაქში ჩამოსვლა აქციისთვის ვერ შეძლეს.

აქციაზე ჩვენ სოფიკო მოლაშხიას შევვხვდით – მეოთხეკურსელს, რომელიც აღმოსავლეთმცოდნეობას სწავლობს. სოფიკო თბილისში ცხოვრობს, თუმცა ერთ-ერთია, ვინც ამა თუ იმ ღონისძიებების ორგანიზებას უწევს. 3 სხვა სტუდენტთან ერთად, წინა კვირას ის შეხვდა რექტორს, გიორგი შარვაშიძეს.

სტუდენტები რეგიონებიდან აქციას Zoom-ის მეშვეობით ესწრებიან. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

„რექტორთან შეხვედრაზე ვიყავით 4 სტუდენტი. რექტორს ვესაუბრეთ არსებულ პრობლემებზე, რომ არის ათასობით სტუდენტი, რომლებიც ბინის პრობლემის გამო ვერ ჩამოდიან და მოუწევთ, რომ სასწავლო პროცესის მიღმა დარჩნენ. ასევე, ადმინისტრაციის მხრიდან სულ იყო პასუხი, რომ არ აქვთ საკმარისი რესურსი ჰიბრიდული მეთოდით სწავლებისთვის…

უშუალოდ მე ვკითხე [რექტორს], რატომ არ აქვს იმის რესურსი, რომ 2 თვის განმავლობაში მოახერხოს ჰიბრიდული რეჟიმის შემოთავაზება, მაგრამ ჩვენი საუბრის ბოლოს, ეს ყველა კითხვა, რაც დავსვით – დარჩა უპასუხოდ“, – ამბობს სოფიკო მოლაშხია ნეტგაზეთთან საუბარში და დასძენს, რომ რექტორის მთავარი გზავნილი იყო ის, რომ ონლაინ სწავლება ვერ აძლევს სტუდენტს სრულყოფილ განათლებას.

„ეს პრობლემები ჩვენ ისედაც ვიცით, გვისაუბრიაო. სხვა გამოსავალი არ არის, ორში დავიწყოთ აუდიტორიაში სწავლა და მოვაწყოთ რაიმე „ჰაუზინგ“ პროექტი, რომ იქნებ ეს სტუდენტები, ვისაც ბინის პრობლემა აქვს, ვინმემ შეიფაროს – პირადად მე შევიფარებ ორსო. სულ ეს იყო შეხვედრაზე, რაც მოვისმინეთ“, – ამატებს სოფიკო.

სტუდენტები თსუ-ს ეზოში. 16 აპრილი 2022 წელი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

„ჩვენი მოთხოვნა არის უპირველესად, რომ უნივერსიტეტმა შემოგვთავაზოს ჰიბრიდული მეთოდი, როგორც ეს მოხდა სხვა უნივერსიტეტებში. ეს მეთოდი გულისხმობს იმას, რომ სტუდენტებს, ვისაც აქვს საშუალება აუდიტორიებში დასწრების, ისწავლიან აუდიტორიებში, სტუდენტები კი, რომლებსაც არ აქვთ ამის საშუალება, დაესწრებიან დისტანციურად“, – ამბობს ნეტგაზეთთან ბარბარე საური, მეოთხე კურსის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი.

ბარბარეც ერთ-ერთია, ვინც სტუდენტების საორგანიზაციო საქმეებშია ჩართული. თავად თბილისში ცხოვრობს და ამბობს, რომ შეიფარებდა კიდეც სტუდენტებს. თუმცა მთავარი პრობლემა ისაა, რომ სტუდენტებს ამის გაკეთება საერთოდ არ უნდა უწევდეთ.

ბარბარე ნეტგაზეთთან ინტერვიუში ჰყვება, რომ არაერთი შეხვედრის და გადამისამართების შემდეგ, საბოლოო პასუხი არის, რომ უნივერსიტეტს არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, დისტანციური სწავლება გააგრძელოს. თუმცა, ამავდროულად, ბარბარე უნივერსიტეტის ბიუჯეტზე მიუთითებს და ამბობს, რომ ხარჯის დიდი ნაწილი არამიზნობრივია და შესაძლებელი იყო თანხების სწორედ აქედან გამოყოფა.

„ძალიან ბევრი წელია ასეთი გულგრილი დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ. ის, რომ სახეზეა სისტემური პრობლემა, ყველა ნაბიჯზე დასტურდება უნივერსიტეტის მხრიდან – ეს იქნება რექტორი, ადმინისტრაცია თუ სხვა. მგონია, რომ მოვიდა ის დრო, როდესაც რაღაცებზე ხმამაღლა ლაპარაკი უნდა დავიწყოთ. ვფიქრობ, სწორედ ამ სიჩუმემ უნივერსიტეტი მოიყვანა იქამდე, რომ.. აი, როდესაც ხუმრობენ, უნივერსიტეტისგან მხოლოდ შენობაა დარჩენილიო – ეს რეალობად იქცა“.

მომდევნო აქცია სტუდენტებმა ოთხშაბათს, 20 აპრილს დაგეგმეს,პარალელურად კი, სტუდენტები შესაბამის პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებენ.

თსუ-ს პასუხი

ნეტგაზეთმა წერილობით მიმართა თსუ-ს. პირველი კითხვა, რაც ჩვენ უნივერსიტეტს დავუსვით, დისტანციური სწავლებაზე უარს ეხებოდა. ჩვენ ვკითხეთ თსუ-ს, რატომ მიიღო უნივერსიტეტმა ეს გადაწყვეტილება.

უნივერსიტეტი ამბობს, რომ მათი მთავარი მიზანი მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებაა. შესაბამისად, კოვიდ სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ, თსუ „უკეთესი განათლებისთვის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება“.

თსუ ჩვენთვის მოწოდებულ პასუხში ამბობს, რომ 2021-2022 წლის სასწავლო წელი 7 მარტიდან ჰიბრიდული რეჟიმით დაიწყო, თუმცა, სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ეგიდით, 2 მაისიდან სრულად სააუდიტორიო სწავლება განახლდება.

„2 მაისიდან სრულად სააუდიტორიო სწავლების განახლებასთან დაკავშირებით ინფორმაცია სტუდენტებს მიეწოდათ 18 თებერვალს. შესაბამისად, 2 თვეზე მეტი დრო მიეცათ სტუდენტებს სასწავლო პროცესისთვის მოსამზადებლად. აქ გათვალისწინებული იყო არა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, ასევე ის ფსიქოლოგიური ფაქტორებიც, რაც თან ახლდა სტუდენტების, პროფესურის გადაწყობას სააუდიტორიო ფორმატზე ორწლიანი პაუზის შემდეგ. ეს პერიოდი რეალურად არის დრო ახალ გარემოებასთან ადაპტირებისთვის.

გამონაკლისი შეიძლება შეეხოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს, რომელთაც ექმნებათ გადაადგილების ფიზიკური საფრთხე. მათ საკითხზე იმსჯელებენ ფაკულტეტები, თუ რა რესურსით შეიძლება მათი საკითხის მოგვარება და მხარდაჭერა“, – წერია პასუხში.

ამასთანავე, უნივერსიტეტი დასძენს, რომ რეალურად საუბარია 2 მაისიდან 27 ივლისამდე [ავტორისგან: 27 ივლისი არის დამატებითი გამოცდების ბოლო ვადა. ამ გამოცდებს მხოლოდ ის სტუდენტები აბარებენ, ვინც ძირითად ნაკადში, რომელიც 13 ივლისს სრულდება ვერ მიიღეს მონაწილეობა; ე.წ. გადაბარებები], რაც დაახლოებით, სამ თვეს შეადგენს.

„სააუდიტორიო სწავლების დაწყების თარიღის სექტემბერში გადატანაც დაკავშირებული იქნება სირთულეებთან, რადგან წინასწარ პროგნოზის გაკეთება, თუ როდის დასრულდება ომი უკრაინაში ან უკეთესობისკენ თუ შეიცვლება ეკონომიკური მდგომარეობა, რთულია. ამ ეტაპზე მთელ მსოფლიოში სახეზეა ეკონომიკის შემცირების ტენდენცია, მიმდინარეობს ინფლაციური პროცესები,“ – დასძენს უნივერსიტეტი.

„მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, შედგა შეთანხმება, რომ სტუდენტების ჯგუფი, პროგრესის ცენტრის წარმომადგენლის მონაწილეობით, ჩაერთვება სოციალურად დაუცველი სტუდენტების შესახებ მონაცემების დაზუსტებაში, რომელთაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ საერთო საცხოვრებლით სარგებლობა. ასევე შეთანხმდნენ, რომ გადაიხედება კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც ხდება სტუდენტური საერთო საცხოვრებლით დაკმაყოფილება და უპირატესობა სწორედ სოციალურად დაუცველ და ფინანსური შესაძლებლობის არმქონე სტუდენტებს მიენიჭებათ.

მეორე ეტაპზე, სტუდენტებს ლისზე ახალ კორპუსში შეასახლებენ. თუკი ეს ძალისხმევაც საკმარისი არ იქნება, რექტორმა წამოაყენა ინიციატივა, რომ უნივერსიტეტელებმა და ბიზნესის სექტორმა აღმოუჩინონ სტუდენტებს დახმარება, რაშიც თავადაც ჩაერთვება, როგორც თსუ კურსდამთავრებული“.

რაც შეეხება არამიზნობრივ თანხებს, ჩვენ ვკითხეთ უნივერსიტეტს, კერძოდ ვუხსენეთ სტუდენტების მიერ ხსენებულ მივლინებებზე დახარჯული თანხა – 444 354 ლარი 2020 წელს. თსუ-მ გვითხრა, რომ ეს მონაცემები არ შეესაბამება სინამდვილეს.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 734 აკადემიური პერსონალი, 909 სამეცნიერო და 1386 მოწვეული ლექტორი და მასწავლებელი. 2020 წელს თსუ-მ მათი მივლინებების დასაფინანსებლად დახარჯა 95724 ლარი“, – ნათქვამია პასუხში.

მასალების გადაბეჭდვის წესი