საზოგადოება

ვინ და როგორ უნდა გაგვაფრთხილოს დაბომბვის საფრთხის შემთხვევაში

8 აპრილი, 2022 • 4152
ვინ და როგორ უნდა გაგვაფრთხილოს დაბომბვის საფრთხის შემთხვევაში

თუ ქიმიური ან ბირთვული აფეთქება მოხდა, ან მოსალოდნელია დაბომბვა, იცით თუ არა, თავი სად და როგორ შეაფაროთ? ან ვინ და რა საშუალებებით შეიძლება გაგაფრთხილოთ ამის შესახებ? უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, როგორ მუშაობს საქართველოში ადრეული შეტყობინებების სისტემები, რომელსაც მსგავსი კრიზისის დროს პოტენციურად შეუძლია ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.

უკრაინაში მიმდინარე ომმა, განსაკუთრებით  ცხადად წარმოაჩინა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ადრეული შეტყობინების სისტემას, როცა, მაგალითად, დასახლებული პუნქტისკენ მტრის ავიაცია მიფრინავს, ან ნასროლია რაკეტები. განგაშის სიგნალის ჩართვის შემდეგ ადამიანებს, საშუალოდ, 10-15 წუთი აქვთ, თავი შეაფარონ ბომბსაფარს. სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემებისა და ინფრასტრუქტურის არსებობა მშვიდობიან პერიოდშიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. 

ინფორმაციული ვაკუუმი

საქართველოში არსებული ადრეული შეტყობინებისა და უსაფრთხოების სისტემების შესახებ ინფორმაციის მოძიება ნეტგაზეთმა არაერთ სახელმწიფო უწყებასთან სცადა. ჩვენმა რამდენიმედღიანმა მცდელობამ აჩვენა, რომ ამ კუთხით ქვეყანაში სრული ინფორმაციული ვაკუუმია. 

ქართული კანონმდებლობის მიხედვით, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის წამყვანი ორგანო მშვიდობიან პერიოდში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურია. სწორედ აღნიშნულ სამსახურს ევალება საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების სისტემის, მათ შორის, ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარების ვალდებულება.

„ნეტგაზეთი“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან ოთხი დღის განმავლობაში ელოდა კოპმეტენტური პირის მოძიებას, რომელიც ისაუბრებდა სისტემაში არსებული ვითარების შესახებ, თუმცა, უშედეგოდ. უწყებისგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

მას შემდეგ, რაც საგანგებო სიტუაციების სამსახურისგან ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე, არის თუ არა საქართველოში წინასწარი შეტყობინების სისტემები დანერგილი და თუ ასეა, რომელ მოდელს იყენებს ქვეყანა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსაც მივმართეთ.

საბჭომ ჩვენი კითხვების მოსმენის შემდეგ კვლავ საგანგებო სიტუაციების სამსახურთან გადაგვამისამართა. თავდაცვის სამინისტროში კი გვითხრეს, რომ ჩვენს კითხვებს ვერ უპასუხებდნენ, რადგანაც, მათი თქმით, ეს ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს.

თუმცა სხვა ქვეყნების პრაქტიკა საპირისპიროს აჩვენებს — იქ მოქალაქეებმა ზუსტად იციან, რა ტიპის განგაშის სიგნალი როდის შეიძლება ჩაირთოს და საფრთხის შემთხვევაში სად შეიძლება შეაფარონ თავი. როდესაც განგაშის სიგნალი ირთვება, მოქალაქეებს რამდენიმე წუთი აქვთ თავშესაფრამდე მისაღწევად და თუ ამის შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ აქვთ, რთულად წარმოსადგენია, ფორსმაჟორულ ვითარებაში სად და როგორ უნდა მიაგნონ მსგავს ობიექტს.

ნეტგაზეთის რამდენიმედღიანი მცდელობიდან კი ირკვევა, რომ ფაქტობრივად, საზოგადოებისთვის არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტიპის გაფრთხილება-დაცვის საშუალებები არსებობს ქვეყნაში და საერთოდ არსებობს თუ არა.

საჰაერო განგაშის სისტემა

როგორ მუშაობს ადრეული შეტყობინების სისტემა სხვა ქვეყნებში

მსოფლიოში ადრეული შეტყობინების სისტემის რამდენიმე განსხვავებული მოდელი არსებობს. ქვეყნების ნაწილი ქუჩაში დამონტაჟებულ სირენებს იყენებს, რომლებიც მოსახლეობას საფრთხის შესახებ დამახასიათებელი სირენით ატყობინებს, ნაწილი ამისთვის მობილურ კომუნიკაციებს იყენებს. არის ისეთი სახელმწიფოებიც, სადაც ორივე ტიპის სისტემას იყენებენ სხვადასხვა საფრთხეზე რეაგირებისთვის.  

მაგალითისთვის, ევროკავშირში მოქმედებს ე.წ. EU-Alert სისტემა, რომლის მეშვეობითაც მოსალოდნელი საფრთხის შესახებ მოქალაქეებს მობილურ ტელეფონზე გაფრთხილება უვარდებათ. სისტემას ზოგიერთი ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის გამო დეწესებული შეზღუდვებისა და რეკომენდაციების მოსახლეობამდე მისატანადაც იყენებდა.

შეტყობინება კოვიდ-რეგულაციების დაცვისკენ მოწოდების შესახებ ნიდერლანდებში.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კი, სირენებთან ერთად, რომელიც ადამიანებს მოსალოდნელი ცუნამის ან/და სხვა ბუნებრივი კატასტროფების შესახებ ატყობინებს, მობილურ კავშირგაბმულობასაც მიმართავს.

2018 წელს ჰავაის მოსახლეობამ მობილურ ტელეფონებზე მიიღო შეტყობინება ბალისტიკური რაკეტის საფრთხის შესახებ. გაფრთხილებამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია, ჰავაის რეზიდენტებმა და სტუმრებმა თავშესაფრების ძებნა დაიწყეს. მოგვიანებით შესაბამისმა უწყებებმა განმარტეს, რომ გაფრთხილება ტექნიკური ხარვეზის გამო გაიგზავნა. 

შეტყობინება, რომელიც ჰავაის მოსხლეობამ მიიღო.

მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ქვეყნები, სადაც აღნიშნული სისტემები ფუნქციონირებს, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ სასწავლო განგაშს აცხადებენ. მაგალითად, ნორვეგიაში, სასწავლო მიზნით, განგაშის სირენები  ყოველწლიურად, იანვრისა და ივნისის მეორე ოთხშაბათს, დღის 12:00 საათზე ირთვება.

ნორვეგია სამი სხვადასხვა შეტყობინების გადასაცემად სამი სახეობის ხმოვან სიგნალს იყენებს. თუ ერთი წუთის ინტერვალში ხმა სამჯერ მეორდება, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებმა მედიის, ტელევიზიის ან სოციალური მედიების მეშვეობით ინფორმაცია უნდა მოიძიონ. ამგვარ სიგნალს იყენებენ როგორც მშვიდობიან პერიოდში, ასევე, ომის დროს. ერთი წუთის განმავლობაში წყვეტილი სირენა კი სამხედრო საფრთხეებზე მიანიშნებს და მოქალაქეებმა თავშესაფარს უნდა მიმართონ. იმ შემთხვევაში კი, თუ სირენა ნახევარი წუთის განმავლობაში უწყვეტად ისმის, ნიშნავს, რომ საფრთხემ ჩაიარა.

როგორ მუშაობდა განგაშის სისტემა საქართველოში

გადამდგარი გენერალი თენგიზ შუბლაძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ამგვარი ინფრასტრუქტურა 1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოშიც არსებობდა.

გენერალ შუბლაძის განმარტებით, საბჭოთა კავშირის პერიოდში მიიჩნეოდა, რომ დიდი სამრეწველო ცენტრები, შესაძლოა, ბირთვული ზემოქმედების დროს სამიზნეები ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, ავითარებდნენ შესაბამის ინფრასტრუქტურას, მათ შორის, თბილისში, რუსთავში, ცხინვალში, სოხუმში, ფოთსა და ბათუმში. მისი თქმით, ამგვარ ცენტრებში ეწყობოდა როგორც შეტყობინების სისტემები, ასევე შენდებოდა თავშესაფრებიც. 

გენერალი შუბლაძე, რომელსაც სამოქალაქო თავდაცვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება აქვს, განმარტავს, რომ სისტემა დიდი ხნის წინ დატოვა და დღევანდელ მდგომარეობაზე საუბარი უჭირს, თუმცა ვარაუდობს, რომ ამგვარი სისტემები ქვეყანაში აღარ არსებობს. 

ყოფილი სამხედრო „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებს, რომ სხვა მოდელებთან შედარებით, ქუჩაში დამონტაჟებული სირენები უპირატესია, რადგან შედარებით იაფფასიანია, დიდ ტერიტორიას ფარავს და მობილურ კომუნიკაციებზე მეტად დაცული შეიძლება იყოს:

„გარდა ამისა, დამატებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნას საპატრულო პოლიციის მანქანები, ასევე, ტელევიზია და ყველა საშუალება, რაც შესაძლებლობას იძლევა, ხმამაღალი შეტყობინებით გავაფრთხილოთ მოსახლეობა. რაც შეეხება მართვას, შესაძლებელია როგორც დაკავშირება უშუალოდ რადარებთან, ასევე, მექანიკურად მათი ამოქმედებაც.

თუმცა, როგორც წესი, ეს არის შორეული აღმოჩენის სისტემებთან ბმაში. როდესაც ხდება გაშვება, იქნება ეს რაკეტა თუ სხვა, ფიქსირდება და მანძილიდან და სიჩქარიდან გამომდინარე ხდება საშუალო გათვლა. როგორც წესი, 10-15 წუთია ხოლმე ის დრო, რომელიც რჩება მოსახლეობას იმისათვის, რომ თავი შეაფაროს“, — ამბობს გენერალი შუბლაძე. 

თენგიზ შუბლაძე აღნიშნავს, რომ ამ სისტემების გამოყენება მშვიდობიანი მდგომარეობის დროსაც შეიძლება, იქნება ეს ტექნოგენური ავარიები თუ ბუნებრივი კატასტროფები. გენერალი აღნიშნავს, რომ ამგვარი ინფრასტრუქტურის გამოყენება პოსტსაბჭოთა სივრცეში მიღებულია და არაერთ ქვეყანაში გვხვდება, მათ შორის, უკრაინაშიც.

გენერალი თენგიზ შუბლაძე ფოტო: „რადიო თავისუფლება“

მეორე მხრივ, გენერალი შუბლაძე აცხადებს, რომ საჭიროა შეფასდეს იმ თავშესაფრების მდგომარეობაც, რომელიც საქართველოს ერგო საბჭოთა მემკვიდრეობის სახით. მისი თქმით, თბილისში მდებარე ამგვარი კონსტრუქციების ნაწილი ამჟამად კერძო საკუთრებაშია. შესაბამისად, უცნობია, რა სამუშაოები ჩატარდა, ნაწილის მდგომარეობის შესახებ კი ინფორმაცია არ არის:

„მანძილი თავშესაფრამდე ირჩევა ამ 10-15 წუთის შუალედში. მეტროპოლიტენი, რასაკვირველია, ყველაზე დაცულია იმიტომ, რომ ის მიწის ქვეშ ძალიან ღრმადაა. თუმცა, ამ შემთხვევაში, გათვლა  ჩვეულებრივ იარაღზეა და არა ქიმიურ და ბიოლოგიურზე, რამდენადაც ჰერმეტულად ვერ იკეტება. მეორე საკითხია, რამდენად არის იქ წყლის მარაგები, რამდენად არის მშრალი პროდუქტისა და სამედიცინო მარაგები. 

ასევე, გამოყენებული შეიძლება იქნას მიწისქვეშა გადასასვლელები, სარდაფები, ხიდის ჯიბეები და მიწისქვეშა თავშესაფრები. თუმცა ამას ყველაფერს შესწავლა სჭირდება. შეიძლება გასამაგრებელი სამუშაოებია ჩასატარებელი. ჩემთვის ძნელია ამაზე საუბარი, რადგან კარგახანია აღარ მქონია შეხება. პოტენციალი არის, თუმცა მე არ ვიცი, რამდენად შესწავლილია ეს პოტენციალი“, – ამბობს გენერალი შუბლაძე „ნეტგაზეთთან“.

რა უნდა გაკეთდეს

მიუხედავად არსებული პოტენციალისა, გენერალი შუბლაძე აღნიშნავს, რომ საკითხი უფრო კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. კერძოდ, მისი თქმით, შედგენილი უნდა იყოს გეგმები და ყველა კორპუსის მცხოვრებელმა ზუსტად იცოდეს, თუ რომელ თავშესაფარს უნდა შეაფაროს თავი. ამასთან, მისი თქმით, ადამიანებს წინასწარ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ რა ნივთები იქონიონ თან თავშესაფარში წასვლისას, იქნება ეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები თუ საკვების და წყლის გარკვეული რაოდენობა. მისივე ცნობით, მხოლოდ ინფრასტრუქტურის გამართვა სამოქალაქო თავდაცვის ამოცანებისთვის საკმარისი არ იქნება.

ბუნკერი №424  თბილისში ფოტო: დავით თაბაგარი/National Geographic

ერთიანი სისტემის ჩამოყალიბების აუცილებლობასა და კომპლექსური მიდგომის საჭიროებაზე საუბრობს საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თეონა აქუბარდიაც.

მისი თქმით, სამოქალაქო თავდაცვა, თავდაცვის სისტემის ნაწილია, მაგრამ, მისივე განცხადებით, სამწუხაროდ, საქართველოში სამოქალაქო თავდაცვას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ დიდი პროგრესი არ განუცდია.

აქუბარდიას განცხადებით, ვერც წინა და ვერც მოქმედმა ხელისუფლებამ გარღვევა ამ კუთხით ვერ მოახდინა. ერთადერთი პროგრესული ნაბიჯი, რომელსაც ამ მიმართულებით დეპუტატი გამოყოფს, სკოლებში სამოქალაქო თავდაცვის სწავლების დაბრუნებაა. აქუბარდია მიიჩნევს, რომ როგორც კონცეპტუალური ბაზა, ასევე ინფრასტრუქტურა, ერთიანი თავდაცვის სისტემის ნაწილად უნდა იყოს განხილული. თუმცა 2018 წლის შემდეგ ქვეყანას თავდაცვის ეროვნული სტრატეგიაც კი არ განუახლებია:

თეონა აქუბარდია

„თავდაცვის ეროვნული სტრატეგია არის ეროვნული დოკუმენტი და განსაზღვრავს თავდაცვის პოლიტიკის მიზნებს და ამოცანებს, ისევე როგორც თავდაცვის ძალების დანიშნულებას. ამას სჭირდება უზარმაზარი თანხა და ეს თანხა, რა თქმა უნდა, ერთ წელიწადში ქვეყანას არ ექნება. ეს უნდა იყოს მიზანმიმართული გეგმის ნაწილი, რომლის შექმნასაც შემდგომ ათწლეულები დასჭირდება“, – ამბობს თეონა აქუბარდია.

დეპუტატის თქმით, სამოქალაქო თავდაცვის სისტემა მთლიანად თავიდანაა ასაშენებელი, იქნება ეს თავშესაფრების საკითხი, ევაკუაციის თუ თავდაცვისუნარიანობის საკითხი. აქუბარდიას თქმით, ამას სჭირდება სწორი სახელმწიფო პოლიტიკა, დიდი ფინანსები და საზოგადოების და მთავრობის ერთიანობა:

„ძალიან სამწუხაროა, რომ უკრაინის მოვლენების გამო დავიწყეთ სამოქალაქო თავდაცვაზე ლაპარაკი. იმიტომ, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ორი ომი აქვს გამოვლილი რუსეთთან,90-იანებში და 2008-ში. იმ სამოქალაქო ომზე აღარ ვლაპარაკობ, რომელიც გარკვეულწილად ინსპირირებული იყო რუსეთის მხრიდან და, ფაქტობრივად, 30 წლის მანძილზე, ყოველ 10 წელიწადში ომია ქვეყანაში და როდესაც სახელმწიფო არ იწყებს სამოქალაქო თავდაცვის მიზნით შესაბამის ღონისძიებებს, ეს ისევ და ისევ დამოკიდებულებაზე მეტყველებს ქვეყნის თავდაცვის მიმართ“, – აცხადებს თეონა აქუბარდია.

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნავს, რომ თუ ერთობლივი პოლიტიკა არ შეიქმნება, ცალკე განგაშის სისტემის მოწყობა ეფექტიანი არ იქნება. მისი თქმით, თავდაცვისთვის მთლიანად ქვეყანა უნდა იყოს მზად და როცა ერთობლივი გრძელვადიანი გეგმა არ არსებობს, ცალკეულ კომპონენტებზე აქცენტის გაკეთება რთულია. აქუბარდია ხაზს უსვამს ქვეყანაში მატერიალური რეზერვების აუცილებლობის საჭიროებაზეც, როგორიცაა საკვები, რათა იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები თავს შეაფარებენ, თავის გატანა შეძლონ.

როგორც აქუბარდია ამბობს, ამჟამად უკრაინაშიც საბჭოთა დროინდელ ინფრასტრუქტურას იყენებენ, თუმცა საქართველოში, სამწუხაროდ, ყველა ის თავშესაფარი, რომელიც ამ პერიოდში აშენდა, ან კერძო საკუთრებაშია, ან ნაგვითაა სავსე:

„ამ კუთხით ასევე გვაქვს მძიმე მემკვიდრეობა. რაც იყო, ისიც გავანადგურეთ და ამ კუთხითაც არ გვიფიქრია, რომ შეიძლებოდა ისევ დაგვჭირვებოდა ეს თავშესაფრები. ამიტომ, ერთია სახელმწიფოს და კერძო სექტორს შორის ურთიერთობა და კერძო სექტორისთვის იმის ახსნა, რომ ეს მიწისქვეშა თავშესაფრები შეიძლება იყოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გამოყენებული.

მეორეა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულის უზრუნველყოფა, რომ იყოს შესაბამის მდგომარეობაში თავდაცვის საჭიროებებიდან გამომდინარე, მაგრამ ეს უნდა იყოს გრძელვადიანი პოლიტიკის დაგეგმვის ფარგლებში და ასე ერთ წელიწადში ვერ გაკეთდება“, – აცხადებს თეონა აქუბარდია.

დეპუტატის თქმით, პრობლემა სამოქალაქო თავდაცვის საკითხებისადმი ხელისუფლებების დამოკიდებულებაშია. როგორც ის ამბობს, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, გასული 20 წლის განმავლობაში ქვეყანას ხელშესახები პროგრესი ექნებოდა, თუმცა არც წინა და არც მოქმედ მთავრობებს მნიშვნელოვანი გარღვევა არ გაუკეთებიათ და ამაზე პასუხისმგებლობაც პოლიტიკურ კლასს ეკისრება, რომელმაც დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის მანძილზე შესაბამისი ნაბიჯები არ გადადგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი