6 აპრილს, პირველად ბოლო 2 წელიწადში, საქართველოში კოვიდით არავინ გარდაცვლილა

2020 წლის ზაფხულიდან დღემდე პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როცა კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, 6 აპრილს კოვიდით გარდაცვალების შემთხვევა არ დაუფიქსირებიათ.

საქართველოში კორონავირუსით პირველი პაციენტი 2020 წლის აპრილში დაიღუპა და მას შემდეგ საქართველოში ვირუსით დაღუპვის 16 765 შემთხვევაა აღრიცხული. პანდემიის განმავლობაში გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო 2021 წლის 2 სექტემბერს. ამ დღეს 86 ადამიანი გარდაიცვალა.

რაც შეეხება ვირუსის გამოვლენის მაჩვენებელს, 7 აპრილის მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარდა 22 ათასზე მეტი ტესტი, რომლის შედეგადაც 324 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 1.43 პროცენტია.