საზოგადოება

ქართველი ქალები და ბავშვებიც დაიღუპონ? — სამხარაძის პასუხი დანილოვს

27 მარტი, 2022 • 5479
ქართველი ქალები და ბავშვებიც დაიღუპონ? — სამხარაძის პასუხი დანილოვს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან ოლეკსი დანილოვის აზრით, რუსეთის ინტერესების სფეროებში დამატებითი ფრონტების გახსნა დაეხმარებოდა უკრაინას რუსეთის თავდასხმასთან გასამკლავებლად.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დანილოვმა ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

„მას შემდეგ, რაც მთიან ყარაბაღმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, შემიძლია ვთქვა, რომ იქ ნამდვილად მიმდინარეობს მოვლენები. „ბაირახტრები“ მთიან ყარაბაღშიც მუშაობდნენ. სომხეთი მიმართავს რუსეთის ფედერაციას, რათა დაეხმაროს ჯარით, მაგრამ რუსებმა იქიდან ჯარები გამოიყვანეს და ჩვენს ქვეყანაში გამოგზავნეს. ჩვენ ვაკვირდებოდით ამ კოლონებს და ვიცით, რომ დახმარება, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დაჰპირდა მთიან ყარაბაღს და სომხეთს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იქ გამოჩნდება“, — განაცხადა დანილოვმა.

მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა, რომ იაპონიის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ კურილიის 4 კუნძული მას ეკუთვნის, რის შემდეგაც რუსეთის ფედერაციამ ადგილზე წვრთნები დაიწყო.

„მაგრამ სამხედრო პერსონალის რაოდენობა, რომელიც რუსეთის თავდაცვის იმ სექტორში იმყოფება, ძალიან მცირეა, რადგან ყველა მათგანი აქ [უკრაინაში] არის გამოგზავნილი“, — დასძინა დანილოვმა.

მისი თქმით, როგორ დასრულდება ეს ვითარება, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ თუ რუსეთის ფედერაციისთვის გაიხსნება მეორე ფრონტები, რომელიც მან ხელოვნურად შექმნა თავისივე ქმედებებით, მნიშვნელოვნად დაეხმარება უკრაინას.

დანილოვმა აღნიშნა, რომ „საქართველო, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე სწორად იქცევა“.

„მაგრამ თუ დნესტრისპირეთიც [მოლდოვა], საქართველოც და ყველანი დღეს დაკავებული იქნებოდნენ თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით… უფრო მეტიც, პოლონეთი უკვე არაოფიციალურ დონეზე გამოვიდა პრეტენციით კალინინგრადის ოლქზე. ეს ჩვენ ნამდვილად დაგვეხმარეობა, რადგან რუსეთს ექნება, რით დაკავდეს გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა, ჩვენი ბავშვებისა და ქალების მკვლელობისა“, — თქვა დანილოვმა.

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტსი თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე:

„იმედი მაქვს, რომ ეს ყალბი ამბავია. უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი მოუწოდებს საქართველოს (და სხვებს), უარი თქვას ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის პოლიტიკაზე მეორე ფრონტის გახსნით, რათა ჩვენი ქალაქები და სოფლები განადგურდეს და ქართველი ქალები და ბავშვებიც დაიღუპონ? მართლა?“, – წერს ნიკოლოზ სამხარაძე.

უკრაინის ომი და ყარაბაღი – რა ხდება რეგიონში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი