საზოგადოება

„დოჟდის“ წამყვანი ფიშმანი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

6 მარტი, 2022 •
„დოჟდის“ წამყვანი ფიშმანი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

ოპოზიციური რუსული ტელეარხ „დოჟდის“ ჟურნალისტი მიხაილ ფიშმანი ამბობს, რომ ის საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ ფიშმანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ განუცხადა.

„გუშინ საქართველოში შვილებთან ერთად ჩამოვედი. ჩემი 4 წლის ბავშვიც კი შემოუშვეს საქართველოში, მე არა. თავიდან ერთი საათით გამაჩერეს, მერე პასპორტი დამიბრუნეს და მითხრეს, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარს მეუბნებოდნენ. ისიც მითხრეს, რომ შემიძლია, გადაწყვეტილება ათი დღის ვადაში გავასაჩივრო. ვკითხე, რასთან დაკავშირებით.

მითხრეს, რომ როცა ბაქოში დავბრუნდებოდი, საბუთებს მაჩვენებდნენ. წარმოდგენა არ მაქვს, რა საბუთებზე მესაუბრებოდნენ. პასპორტიც კი მას შემდეგ მომცეს, რაც გამოვფრინდი. არავის არაფერი [საბუთი] მოუცია, მიზეზი გაურკვეველი დარჩა, არავის არაფერი აუხსნია, მაგრამ სხვა ადამიანებიდან, კონტაქტებთან გავიგე, რომ ყველაფერი ტელეარხ „დოჟდის“ გამო მოხდა“ — უთხრა ჟურნალისტმა „ფორმულას“.

ფიშმანის თქმით, ის რუსეთიდან ჯერ ბაქოში ჩაფრინდა, შემდეგ კი ოჯახთან ერთად თბილისში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა არ უპასუხა ნეტგაზეთის კითხვებს „დოჟდის“ ჟურნალისტის საქართველოში არშემოშვებასთან დაკავშირებით.

ტელეკომპანია „დოჟდი“ იძულებული გახდა, 4 მარტს მაუწყებლობა შეეწყვიტა მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო დრაკონული კანონი. კერძოდ, მედიასაშუალებებს აეკრძალათ უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე კრემლისგან განსხვავებული ვერსიის გავრცელება, ასევე, ომისთვის ომის დარქმევა. ვინც ამ კანონს არ დაემორჩილება, 15 წლით პატიმრობა ემუქრება.

„დოჟდის“ გარდა არაერთი მედიასაშუალება იძულებული გახდა, უარი ეთქვა ახალი ამბების გაშუქებაზე, ან შეეწყვიტა მუშაობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი