საზოგადოება

მარიუპოლი და ვოლნოვახა: როგორ ჩაიშალა ევაკუაცია და რას ამბობს პუტინი

5 მარტი, 2022 • 3191
მარიუპოლი და ვოლნოვახა: როგორ ჩაიშალა ევაკუაცია და რას ამბობს პუტინი

5 მარტი უკრაინაში, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილისათვის შედარებით იმედიანად დაიწყო: რუსეთსა და უკრაინას შორის დადებული შეთანხმების მიხედვით, ჰუმანიტარული დერეფნები უნდა მოწყობილიყო ორი ქალაქიდან — მარიუპოლიდან და ვოლნოვახადან — რათა სამოქალაქო პირებს იქაურობის დატოვების საშუალება მისცემოდათ. პროცესი ჩაიშალა.

რა მოხდა მარიუპოლში

5 მარტს გამოცხადდა, რომ ადგილობრივი დროით 09:00 საათიდან 16:00 საათამდე ადგილობრივები შეძლებდნენ, ე.წ. ჰუმანიტარული კორიდორების მეშვეობით დაეტოვებინათ ორი ქალაქი — დონეცკის ოლქში მდებარე მარიუპოლი და ვოლნოვახა — რომლებიც, ბოლო დღეებია, ინტენსიურად იბომბება.

ამავე პერიოდში, ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო, რათა მოსახლეობას ტერიტორიიდან მშვიდად გასვლის საშუალება მისცემოდა. ეს ვერ მოხდა: ევაკუაციის პროცესის გამოცხადებიდან 3 საათში ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა მისი გადადების შესახებ განაცხადეს, აღნიშნეს რა, რომ დაბომბვა გრძელდებოდა.

“იმის გამო, რომ რუსული მხარე არ ემორჩილება ცეცხლის შეწყვეტის პირობებს და აგრძელებს სროლას თავად მარიუპოლსა და მის გარეუბანში, ევაკუაცია გადაიდო”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ბრიტანული BBC-იც წერს, რომ მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტისა, რუსული მხარე დაბომბვას განაგრძობდა.

“ახლა მარიუპოლში ვარ, ქუჩაში. ყოველ სამ-ხუთ წუთში ერთხელ მესმის დაბომბვის [ხმა]“, – ციტირებს ტელეკომპანია ალექსანდრეს, 44 წლის ინჟინერს.

ტელეარხის რესპონდენტები ქალაქში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობენ. მათი სიტყვებით, ესმით აფეთქებების ხმები და ხედავენ კვამლს, რომელიც შენობებიდან ამოდის. ისინი დარდობენ ახლობლებზეც, რომლებიც ქალაქში არიან ჩარჩენილნი და შესაძლოა, ვერ იღებდნენ ინფორმაციას არსებულ ვითარებაზე.

“ზოგიერთი ადამიანი მარცხენა სანაპიროს უბნიდან [უბანი მარიუპოლის აღმოსავლეთით] მოდის და ამბობს, რომ იქ სრული კატასტროფა ხდება, გვამები ქუჩებში”, — აცხადებს ერთ-ერთი მათგანი.

მარიუპოლში აქამდეც მძიმე ვითარება იყო: უკრაინელი სამხედროები მასზე კონტროლს ინარჩუნებენ, თუმცა რუსეთის მხრიდან მძიმე საჰაერო დარტყმების შედეგად, მოსახლეობა წყლის, ელექტროენერგიისა და სანიტარული საშუალებების გარეშე დარჩა.

რა ხდება ვოლნოვახაში

უკრაინული მედიის თანახმად, ქალაქ ვოლნოვახადან და შემოგარენი სოფლებიდან, საიდანაც, მარიუპოლის მსგავსად, მოქალაქეები უნდა გაეყვანათ, მხოლოდ და მხოლოდ 400 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა.

“ეს ის ხალხია, ვინც წინა დღეს დამოუკიდებლად შეძლო ქალაქამდე მიღწევა და რომლებთანაც ევაკუაციის მანქანების კოლონა გაიჭედა [ვოლნოვახაში შესვლამდე].

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ გვქონდა განზრახული და გვჭირდებოდა ტრანსპორტი გაცილებით დიდი რაოდენობის ხალხის ევაკუაციისთვის, კოლონა იძულებული გახდა, შეჩერებულიყო, რადგან რუსეთის ჯარებმა განაახლეს ვოლნოვახის დაუნდობელი დაბომბვა”, — ციტირებს Ukrayinska Pravda დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსს, პავლო კირილენკოს.

გამოცემის თანახმად, ყველა ევაკუირებული  მოქალაქე გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას.

ვოლნოვახა პატარა, თუმცა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია, რომელიც მარიუპოლსა და რუსეთის მიერ კონტროლირებად დონეცკს შორის მდებარეობს.

არსებობს ცნობები, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ, ქალაქში შენობების 90% რუსეთის მხრიდან ინტენსიური დაბომბვის შედეგად დაინგრა.

უკრაინა რუსეთს ადანაშაულებს, პუტინი — “ნაციონალისტებს”

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის ძალებმა სცადეს  თავის სასარგებლოდ, პოზიციების გასამყარებლად გამოეყენებინათ ცეცხლის შეწყვეტის პერიოდი.

მარიუპოლის მერის მოადგილემ, სერგეი ორლოვმა BBC-ს უთხრა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მთლიანად ჩაიშალა რუსეთის მხრიდან დაბომბვის ფონზე.

“რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას. ეს სიგიჟეა…” — დასძინა მან.

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის განცხადებით, რუსეთის ჯარებმა დაარღვიეს შეთანხმება და დასახლებული პუნქტების დაბომბვა განაახლეს.

მისი თქმით, ვოლნოვახა, სადაც დღეს ჰუმანიტარული დერეფანი უნდა გახსნილიყო და დროებით ცეცხლი შეწყვეტილიყო, რუსების მიერ მაინც დაიბომბა.

მოსკოვში საპირისპიროს ამტკიცებენ:

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობა არ იყენებდა მარიუპოლისა და ვოლნოვახას მწვანე დერეფნებს  “უკრაინელი ნაციონალისტების” გამო.

ამ საკითხზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც ისაუბრა 5 მარტს ქალ მფრინავებთან შეხვედროს დროს:

“ნახეთ რა ხდება ამ წუთას, როცა მე თქვენ გელაპარაკებით, დაგვირეკეს კიევიდან, ხელისუფლებიდან, მოგვეცით კორიდორი მოქალაქეების გასაყვანადო. შეწყდა საბრძოლო მოქმედებები. მაგრამ ნახეთ რა ხდება? არ უშვებენ არავის, წარმოგიდგენია, რას აკეთებენ? ვინ არიან ესენი?  რა თქმა უნდა ნაცისტები არიან”.

უცნობია, რა ბედი ელის ქალაქებში ჩარჩენილ მოსახლეობას და მოხერხდება თუ არა მათი ევაკუაცია რაიმე ფორმით.


რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

უკრაინა ნატო-სგან უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადებას ითხოვს, რაზეც ალიანსი უარს ამბობს, მიიჩნევს რა, რომ ეს ომში პირდაპირ ჩართვას გამოიწვევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი