საქართველოში მოქმედი პრორუსული საგარეო ორიენტაციის მქონე ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ძალების ნაწილი ერთობლივ ღია წერილს აქვეყნებს, რომლითაც მიმართავენ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამენ.
წერილს ხელს აწერენ „პატრიოტთა ალიანსი“, “ქართული მარში” და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები
წერილის მთავარი თეზისები ემთხვევა მოსკოვის გაცხადებულ საგარეო პოლიტიკურ ხედვებსა და მიზნებს საქართველოსა და რეგიონში. ესენია:
წერილი ირმა ინაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე, მხოლოდ რუსულ ენაზე გამოაქვეყნა. „ნეტგაზეთის“ მის თარგმანს გთავაზობთ:
ღია წერილი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს
2022 წლის 20 თებერვალი
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო!
ერწმუნეთ ჩვენს პატივისცემას თქვენდამი და ნება მოგვეცით, გამოვხატოთ მადლიერება ჩვენს წინა წერილზე დადებითი გამოხმაურებისთვის. ასევე, ნება მოგვეცით, გაგიზიაროთ ჩვენი შეშფოთება საერთაშორისო უსაფრთხოების არსებული სისტემის დისფუნქციასთან დაკავშირებით, რასაც მოწმობს მოვლენები ყოფილ იუგოსლავიაში, ერაყში, ლიბიაში, სირიაში, ავღანეთში, კავკასიაში, ყაზახეთში და, რაღა თქმა უნდა, უკრაინაში.
გვსურს გამცნოთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი სისტემის მშენებლობას, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლიანობაზე და მხარეების ინტერესების ორმხრივ პატივისცემაზე. ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, ჩვენი აზრით, ფუძემდებელი მიდგომა სამხედრო ნეიტრალიტეტი უნდა იყოს.
მწუხარებით უნდა ვთქვათ, რომ საქართველო არ არის თავისუფალი ქვეყანა, რაზეც მოწმობს უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებები იმის შესახებ, რომ „აშშ-ის პოზიცია საქართველოს ხელისუფლების საშინაო დავალებაა“. ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლება, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, რეგულარულად აძლევს ნატოს საშუალებას, საკუთარ ტერიტორიაზე წვრთნები ჩაატაროს. ეს სხვა არაფერია, რუსეთის პირდაპირი გამოწვევის გარდა.
ასევე მწუხარებით უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო უკვე დიდი ხანია მოცულია უცხოური ორგანიზაციების ქსელის მიერ, რომლებიც ყალბ სოციოლოგიურ კვლევებს ატარებენ და ხატავენ ნატოში სწრაფვის საყოველთაო სურვილს. თუმცა ყველაზე მასშტაბური გამოკითხვა ამ თემაზე 2020 წელს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ ჩაატარა. გამოკითხვის ფარგლებში, 1,2 მილიონ ადამიანზე მეტმა შეავსო საგამოკითხვო ფურცელი, 900 ათასზე მეტმა კი აუდიოინტერვიუ ჩაწერა. შედეგად, ნათელი გახდა, რომ მოსახლეობის პოზიცია რადიკალურად შეიცვალა: რომ 69,4% მხარს უჭერს სამხედრო ნეიტრალიტეტს, 75,8% კი- რუსეთთან დიალოგს.
გვესმის რა, რომ რუსეთთან დაპირისპირება საქართველოსთვის დამღუპველია, ჩვენ, 53 პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაცია, გავერთიანდით პატრიოტთა ერთიან ფრონტში, საჯაროდ მოვაწერეთ ხელი დეკლარაციას საქართველოს სრულ სამხედრო ნეიტრალიტეტზე და ვითხოვთ ხელისუფლებისგან, შესაბამისი ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში შეიტანოს.
გვესმის რა, რომ საქართველო რუსეთთან თანამშრომლობის გარეშე ვერ გაუმკლავდება ვერც რეგიონალურ და, მით უმეტეს, ვერც გლობალურ გამოწვევებს, მივისწრაფვით რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ და გვსურს, შევხვდეთ სახელმწიფო დუმისა და ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელობას, რათა შევიტანოთ თუნდაც პატარა, მაგრამ ჩვენთვის შესაძლისი წვლილი რეგიონალური უსაფრთხოების ეფექტიანი სისტემის ფორმირებაში.
ბატონო პრეზიდენტი, მოგმართავთ თქვენი დახმარების იმედით და კიდევ ერთხელ გთხოვთ, ერწმუნოთ ჩვენს პატივისცემას თქვენდამი.
წერილს ხელს აწერენ:
ნეიტრალიტეტის განსხვავებული ვარიაცია ინიციატივის დონეზე საქართველოში არაერთხელ დაუყენებია სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას. ნეიტრალიტეტი, სამხედრო მიუმხრობლობა, უბლოკო სტატუსი – ეს ყველაფერი მარტივ ენაზე ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას ნიშნავს. სწორედ ამას ითხოვს რუსეთიც, რომ საქართველო და უკრაინა ნატოში არ მიიღონ.
თუ რატომ არ შედის “ნეიტრალიტეტი” საქართველოს ინტერესებში, წაიკითხეთ ნეტგაზეთის მასალები:
NDI-ის ბოლო, 2021 წლის დეკემბრის კვლევით, მოსახლეობის 77 პროცენტი უჭერს მხარს ნატოში შესვლას, პატრიოტთა ალიანსი კი აცხადებს, რომ მათი კვლევა საპირისპირო შედეგს უჩვენებს. თუმცა პატრიოტთა ალიანსის კვლევამ სპეციალისტებში არაერთი შეკითხვა და სკეპტიციზმი გამოიწვია. რამდენად სარწმუნოა „პატრიოტთა ალიანსის“ კვლევა? – ნახეთ აქ.