საზოგადოება

დონეცკსა და ლუგანსკში სეპარატისტებმა სრული სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადეს — Reuters

19 თებერვალი, 2022 • 1736
დონეცკსა და ლუგანსკში სეპარატისტებმა სრული სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადეს — Reuters

დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკების ლიდერებმა, დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა, სრული სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადეს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო Reuters წერს.

პუშილინმა ზემოხსენებულ განკარგულებაზე შაბათს გავრცელებულ განცხადებაში ისაუბრა. მცირე ხნის შემდეგ, ანალოგიურ დოკუმენტს ხელი ლუგანსკის სეპარატისტმა ლიდერმაც მოაწერა.

სეპარატისტების მიერ კონტროლირებად რეგიონებში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებას წინ უძღოდა ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციის გადაწყვეტილება ორივე რეგიონიდან.

მედიის ცნობით, სეპარატისტმა ლიდერებმა 18 თებერვალს გამოქვეყნებული ვიდეომიმართვები, სადაც ისინი კიევის მხრიდან “დაგეგმილი აგრესიის” შესახებ საუბრობენ და მოსახლეობის ევაკუაციას აანონსებენ, სინამდვილეში 16 თებერვალს ჩაწერეს, როდესაც რეგიონში დაძაბულობა არ შეინიშნებოდა.

კიევმა განაცხადა, რომ განცხადებები დონეცკსა და ლუგანსკზე თავდასხმის შესახებ დეზინფორმაციაა და ისინი ამას არ გეგმავენ.

დასავლეთის ქვეყნები, რამდენიმე კვირაა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხეზე საუბრობენ, 18 თებერვალს კი აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინმა უკვე მიიღო უკრაინაზე თავდასხმის გადაწყვეტილება. თავად მოსკოვი აღნიშნულს უარყოფს.

დასავლეთში აცხადებენ, რომ რუსეთი შეეცდება, ხელოვნურად შექმნას უკრაინაზე თავდასხმის საბაბი. აშშ-ის მონაცემებით, უკრაინის შიგნით და მის საზღვართან ახლოს, ჯამში,  169 000-დან 190 000-მდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული. ეს რიცხვი მოიცავს დონეცკსა და ლუგანსკში მობილიზებულ პრორუს მებრძოლებსაც.

ვითარების ესკალაციის შიშები გააღრმავა რამდენიმე აფეთქებამ, რომლებიც სეპარატისტების მიერ კონტროლირებად რეგიონებში მოხდა.

ერთ-ერთ შემთხვევაში, დონეცკის თვითგამოცხადებული მთავრობის შენობასთან პარასკევს ავტომანქანა აფეთქდა. ამერიკელი და უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს იყო დადგმული თავდასხმა, რომელიც დაძაბულობის გასაღრმავებლად დაიგეგმა.

აღნიშნულის შემდეგ, შაბათს, ლუგანსკში ორი აფეთქების შესახებ გავრცელდა ცნობა. AP ლუგანსკის საინფორმაციო ცენტრზე დაყრდნობით წერს, რომ ერთ-ერთი აფეთქება გაზსადენზე მოხდა, მეორე კი, როგორც ეს უკანასკნელი თვითმხილველზე დაყრდნობით იუწყება — ავტომომსახურების სადგურზე.

მომხდარის მიზეზები უცნობია. “ინტერფაქსი” ციტირებსს “ლუგანსკგაზის” დირექტორს, რომელიც გაზსადენზე აფეთქებას “საბოტაჟს” უკავშირებს.

ეუთოს თანახმად,  რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემთხვევათა დრამატული ზრდა ფიქსირდება. ხუთშაბათს დონეცკსა და ლუგანშკში დამკვირვებლებმა 870 ასეთი შემთხვევა აღრიცხეს, მათ შორის, 654 აფეთქება.

უკრაინის ხელისუფლება და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ერთმანეთს ადანაშაულებენ შეთანხმების დარღვევაში.

პარალელურად, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ ინფორმაცია მიიღო დონეცკში ინფრასტრუქტურული ობიექტების დანაღმვის შესახებ. უწყების თქმით, ეს არის ე.წ. ყალბი შეტევისათვის მზადების ნაწილი, რომლის მიზანიც თავდასხმაში ოპონენტის დადანაშაულებაა.

გარეკანის ფოტო: Александр Река / ТАСС 

პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო – ბაიდენი

მასალების გადაბეჭდვის წესი