კრედიტის ამომღებები მოვალეს ვეღარ მოატყუებენ

საფინანსო ორგანიზაციებს კრედიტის ამოღების მიზნით ეკრძალებათ მოვალეების მოტყუება, მათთან პოლიციის წარმომადგენლად თავის გასაღება და მოუწევთ „დაიცვან მიმართვის საქმიანი და ზრდილობიანი ფორმა“. წინააღმდეგ შემთხვევაში 1000 ლარით დაჯარიმდებიან.

ეს წესები გაწერილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ახლად შექმნილ, ფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებულ ეთიკის კოდექსში. კოდექსის ძირითადი ასპექტები 2022 წლის მარტიდან შედის ძალაში.

2022 წლის 17 თებერვალს, კოდექსის პრეზენტაციაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ წლების განმავლობაში არაერთი ადამიანი უჩიოდა საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას სხვადასხვა სახის არაეთიკურ პრაქტიკას, რაც მომხმარებლის უკმაყოფილებას იწვევდა.

„თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, ეს უკავშირდებოდა [საფინანსო ორგანიზაციების] თანამშრომლების უფლებამოსილების გადამეტებას და საფინანსო ინსტიტუციების ზოგად მიდგომას არ ასახავდა“, – განაცხადა გვენეტაძემ.

მისი განცხადებით, ფინანსური ორგანიზაციები იზიარებენ ეთიკის კოდექსის მიღების მნიშვნელობას და კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისთვის მზად არიან.

ეთიკის კოდექსის ძირითადი მოთხოვნები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანახმად, ასეთია:

კობა გვენეტაძის თანახმად, ეთიკის კოდექსით გაწერილი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება, „გამოიყენოს საზედამხედველო ზომები ან სანქციები“.

ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილების უფროსმა, ნათია ჭყონიამ „ნეტგაზეთთან“ საუბრისას დააზუსტა, რომ კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის თითოეული ფაქტზე წესდება ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით:

„ჯარიმების წესები ცალ-ცალკე არსებობს კომერციული ბანკებისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის. სწორედ ამ წესებში გაიწერება [ჯარიმების ოდენობა კოდექსის დარღვევის შემთხვევაში] და კოდექსის ამოქმედებასთან ერთად, პირველი მარტიდან ეს ჯარიმებიც ამოქმედდება“, – გვითხრა მან.