საზოგადოება

ჩემი ძალით გადაყვანა სცადეს, რა დროსაც გავითიშე – სააკაშვილი

28 დეკემბერი, 2021 • 3163
ჩემი ძალით გადაყვანა სცადეს, რა დროსაც გავითიშე – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ დღეს გორის ჰოსპიტალიდან მისი ძალით გადაყვანა სცადეს, რა დროსაც მან გონება დაკარგა.

აღნიშნულის შესახებ სააკაშვილმა წერილში დაწერა, რომელიც მისმა ადვოკატმა და „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ წაუკითხა ჟურნალისტებს.

„დღეს შემოვიდნენ წასაყვანად, ექვსის ნახევარი იქნებოდა, შავ ფორმაში ჩაცმულები, შემატყობინეს, რომ გადავყავდი, მაგრამ არ მითხრეს სად. მე მოვითხოვე, წნევის და პულსის შემოწმება, წნევა მქონდა 180, მეორე შემთხვევაში, მეორე გაზომვაზე უკვე 200/110-ზე. ჩემი ნორმალური წნევა არის 120/80-ზე. ეს იყო ჰიპერტონიული კრიზი, ჩემი აზრით. არასდროს არ ვყოფილვარ ასეთ მდგომარეობაში წნევის და პულსის თვალსაზრისით.

ამის შემდეგ სცადეს ძალით ჩემი გადაყვანა, მე გავუწიე წინააღმდეგობა, რის შემდეგაც გავითიშე და არ მახსოვს გარკვეული მონაკვეთი. გონებაზე რომ მოვედი, ექიმი მადგა თავზე და მითხრა, რომ არსად აღარ გადავყავდი და ვრჩებოდი ჰოსპიტალში. ასევე მითხრეს, რომ ჩემს ექიმებს შემოუშვებდნენ, მაგრამ არ შემოუშვეს. ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზი, რომელიც ოდესმე მქონია ცხოვრებაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიღებდნენ ვიდეოს, მათ შორის სამედიცინო პრობლემების დროს. ვიდეოზე დაფიქსირებულია ჩემი მძიმე მდგომარეობა“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილი წერილში.

გვარამია კლინიკაში შესვლის უფლებას ითხოვს. ის აპროტესტებს მომხდარს და რეაგირებისაკენ მოუწოდებს უკრაინის სახელმწიფოს, ასევე სახალხო დამცველს.

ნიკა გვარამიას ცნობით, სააკაშვილის ციხეში დაბრუნება ჰოსპიტალის ექიმის მიერ გამოწერილი ფორმა 100-ის საფუძველზე იგეგმება. ის ასევე ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ რეფერალურ კლინიკაში საქართველოში ან უცხოეთში, რადგან ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში რეაბილიტაციას ვერ მოახერხებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი