საზოგადოება

“ოცნება” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას აპირებს

25 დეკემბერი, 2021 • 3723
“ოცნება” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას აპირებს

“ქართული ოცნების” წევრმა დეპუტატებმა მომზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდება, ხოლო მის ნაცვლად ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება.

ეს ინფორმაცია თავდაპირველად IPN-მა გაავრცელა და მისი ნამდვილობა ნეტგაზეთს კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, დეპუტატმა გურამ მაჭაარაშვილმა დაუდასტურა. კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

IPN-ის თანახმად პროექტით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ენიჭება, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს − პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია.

“სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება 2 სამსახური, რაზეც ჯერ კიდევ 2018 წელს იყო საუბარი. საგამოძიებო ფუნქციები კიდევ უფრო იზრდება, ემატება”, – ამბობს გურამ მაჭარაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში.

მისი თქმით, კანონპროექტში მოცემულია გარდამავალი პერიოდი 1 მარტამდე. სწორედ ამ პერიოდში უნდა ჩამოყალიბდეს ორი ახალი ინსტიტუტი და ცვლილება რეალურად 1 მარტს განხორციელდება, ასევე დაინიშნება მათი ახალი ხელმძღვანელები.

კანონპროექტის ინიცირება დროში ემთხვევა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. უწყებამ იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროებისთვის დააჯარიმა კიდეც. შესაბამისად, ოპოზიციაში თვლიან, რომ ამ ინიციატივით ხელისუფლება ლონდა თოლორაიას, სახელმწიფო ინსპექტორის დასჯას ცდილობს.

მაჭარაშვილი უარყოფს, რომ ამ გადაწყვეტილებას რაიმე კავშირი აქვს მიმდინარე პოლიტიკურ და სამართლებრივ პროცესებთან. მისი თქმით, გამოძიებისა და პერსონალური მონაცემების გამიჯვნას 2 წლის წინ არასამთავრობო სექტორშიც ითხოვდნენ.

“რაღაც ყოველთვის ხდება რაღაცის პარალელურად… დროში და სივრცეში ხომ ვერ დავამთხვევთ. საჭიროება როდესაც არის [რეფორმის] იმის მიხედვით ხდება [გადაწყვეტილების მიღება]”, – ამბობს მაჭარაშვილი.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი 2019 წელს შეიქმნა. ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე 6-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი