საზოგადოება

მელია: ვიწყებთ მასობრივი შიმშილობის აქციას

21 დეკემბერი, 2021 • 1312
მელია: ვიწყებთ მასობრივი შიმშილობის აქციას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ენმ მასობრივი შიმშილობის აქციას იწყებს.

მელიას განცხადებით, შიმშილობის აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.  რაც შეეხება ლოკაციას, ენმ-ის თავმჯდომარე აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები ენმ-ის ოფისის მიმდებარედ კახეთის გზატკეცილზე განლაგდებიან, სადაც ახლა საჭირო ინფრასტრუქტურა მზადდება.

შიმშილობის აქციის შესახებ ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. ენმ-ის ლიდერმა აღნიშნა, რომ რამდენიმე წუთში თანამოაზრეებთან ერთად თავადაც დაიძვრება კახეთის გზატკეცილისკენ და შიმშილობის აქციას შეუერთდება.

პროტესტის ამ ფორმაში შეერთებისკენ მელიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებსაც მოუწოდა:

„მე მეგობრებთან ერთად, ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად, და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიქნებით იმაზე მეტი, ვიდრე მავანს წარმოუდგენია. მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის ვიწყებთ საეტაპო ბრძოლას. ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტსტო შიმშილობის აქციას. ეს მძიმე გადაწყვეტილებაა, ეს არაძალადობრივი მეთოდია პროტესტის გამოთქმის, მაგრამ მძიმეა“, – ამბობს ნიკა მელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი