სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის შემდეგ კონსილიუმის საჭიროება აღარ დგას — გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კონსილიუმის მუშაობის საჭიროება.

„მას შემდეგ, რაც პაციენტი გადაყვანილია გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, კონსილიუმის, გარედან მოწვეული ექსპერტების, საჭიროება ნამდვილად აღარ დგას.

თავად გლდანის დაწესებულებას აქვს იმის შესაძლებლობა და რეალურად, აქვს ხელშეკრულებები მთელ რიგ სამოქალაქო კლინიკებთან, საიდანაც მას შეუძლია მოიწვიოს ნებისმიერი სპეციალობის სპეციალისტი, რომელიც დასჭირდება“, — აცხადებს გაბუნია.

ჟურნალისტების კითხვას, ნიშნავს თუ არა მისი განცხადება იმას, რომ კონსილიუმი გაუქმდა, გაბუნიამ უპასხუა, რომ იმ ფორმატით, რა ფორმატითაც კონსილიუმი მუშაობდა, ახლა საჭირო აღარ არის.

გაბუნია ასევე დასძენს, რომ გლდანის ციხე არის მრავალპროფილური, C ტიპის კლინიკა, რაც ნიშნავს, რომ იქ არის ყველა საკმარისი პირობა „შიმშილობისა და შიმშილობიდან გამოსვლის შემთხვევაში მდგომარეობის მართვისთვის“.


მსგავსი შინაარსის განცხადება დღეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემაც გააკეთა. მან თქვა, რომ კონსილიუმი შეიქმნა მაშინ, როდესაც სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში იმყოფებოდა.

„მე-12 დაწესებულება, ეს არ არის სამკურნალო დაწესებულება. ეს არის პენიტენციური დაწესებულება. დღეს, როდესაც იგი იმყოფება მე-18 დაწესებულებაში, ბუნებრივია, ის არის ექიმების უფრო მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ. მასზე ზრუნავს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, რომელსაც მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.

და როდესაც დადგება საჭიროება იმისა, რომ მოწვეული იყოს კონსილიუმი, იმისთვის, რათა დამატებით თუ გახდება საჭიროება, მივიღოთ რეკომენდაციები, ბუნებრივია, ჩვენ ვიმოქმედებთ პაციენტის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე”, — დასძინა ბრეგაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა შიმშილობს.

ის მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუ მას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაიყვანენ. სახალხო დამცველმაც არაერთხელ განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფო არ შეეფერება ექიმთა კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

მიუხედავად ექიმების მოწოდებისა, ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.