ახალი ამბები

სააკაშვილთან შესახვედრად საშვს არ გვიწერენ — ადვოკატები

9 ნოემბერი, 2021 • 1430
სააკაშვილთან შესახვედრად საშვს არ გვიწერენ — ადვოკატები

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ გლდანის ციხეში შესასვლელად დაწესებულების ადმინისტრაცია მათ საშვს არ აძლევს.

ადვოკატი ბექა ბასილაია ჟურნალისტებთან ამბობს, რომ უკვე 40 წუთია, საშვის გამოწერას ელოდება მაშინ, როდესაც, როგორც წესი, ამას რამდენიმე წუთი სჭირდება.

„საშვი არ გამოუწერიათ, მიზეზსაც არ განმარტავენ. მათ არ სურთ, რომ ადვოკატები შეხვდნენ სააკაშვილს“, — ამბობს ბასილაია ჟურნალისტებთან.

მისი შეფასებით, ეს არის მიხეილ სააკაშვილზე „ფსიქოლოგიური ტერორის გაგრძელება, მათ უნდათ, რომ იზოლაცია იყოს უფრო მკვეთრი, უფრო მკაფიო“.

„მათ უნდათ, რომ ადვოკატებთან ურთიერთობაც შეეზღუდოს“, — ამატებს ის.


შიმშილობის გაცხადებიდან 39-ე დღეს, 8 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში)  მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს.

სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილმა ციხის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით კი იუსტიციის სამინისტრომ განცხადებაც გაავრცელა, რომლის თანახმადაც, სააკაშვილმა ასევე ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკაც დააზიანა.

“იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება”, – ეწერა სამინისტროს განცხადებაში.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში მოინახულა. ვიზიტის შემდეგ ლომჯარიამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ სააკაშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა ის მოატყუა, რადგან უთხრეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, თუმცა საბოლოოდ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიიყვანეს.

გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში — სააკაშვილი გლდანში გადაყვანაზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი