საზოგადოება

აქციის ორგანიზატორები ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობას განიხილავენ — სუსი

6 ნოემბერი, 2021 • 2662
აქციის ორგანიზატორები ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობას განიხილავენ — სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციების ფარგლებში იგეგმება ადმინისტრაციული შენობების ბლოკირება და რუსთავის ციხესთან გზის გადაკეტვა.

გარდა ამისა, როგორც სუს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, აქციის ორგანიზატორები განიხილავენ ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობას.

“6 ნოემბრიდან, ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განზრახული აქვს პერმანენტული აქციების ორგანიზება, სადაც დაგეგმილია პარტიის მხარდამჭერების რეგიონებიდან ჩაყვანაც. საპროტესტო აქცია დაგეგმილია თბილისშიც. ოპერატიული ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების, კერძოდ, პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებებთან მისასვლელი გზების გადაკეტვას ამ დაწესებულებების ყოველდღიური სამუშაო რეჟიმის ხელშეშლის მიზნით. სიტუაციის მაქსიმალური ესკალაციისა და სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აქციაში დაგეგმილია ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების ჩართვა. ასევე, აქციის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული თანამშრომლის გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც”, — აცხადებს სუსი.

სუს-ის განცხადებით, აღნიშნული ქმედებები, რომელთა მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, იგეგმება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მის სანახავად შესულ პირთა მეშვეობით, აძლევს დირექტივებს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს.

სუსი აცხადებს, რომ მიიღებს ზომებს დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთისათვის, ხოლო დამნაშავეები კანონის წესით უმკაცრესად აგებენ პასუხს.

რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დღეს, 6 ნოემბერს, 17:00 საათზე გაიმართება.

6 ნოემბერს ენმ-ის აქცია თბილისის ნაცვლად რუსთავის ციხესთან გაიმართება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი