აქციის მონაწილეებს სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ლერი ქვარაია შეხვდა. ცხოველთა დამცველებმა ქვარაიას მუნიციპალურ თავშესაფარში შექმნილ მდგომარეობაზე კითხვები დაუსვეს, თუმცა დირექტორის მოადგილის პასუხებით უკმაყოფილონი დარჩნენ. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მუნიციპალურ თავშესაფარში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დარღვეულია. მათი თქმით, იქ გავრცელებულია სხვადასხვა დაავადებები, რის შედეგადაც ცხოველები იხოცებიან.
თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე მუნიციპალურ თავშესაფარში მიყვანილია 1543 ძაღლი და 141 კატა, საიდანაც ბინადრობის ბუნებრივ (პირვანდელ) არეალში დაბრუნებულია 388 ძაღლი და 89 კატა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წლის 1 იანვრიდან 27 აპრილამდე მუნიციპალურ თავშესაფარში ევთანაზიას დაექვემდებარა 466 ძაღლი. სააგენტოს ცნობით, ამავე პერიოდში თავშესაფრის ტერიტორიაზე ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა 84 ძაღლი, 339 ლეკვი და 15 კატა.
ვეტექიმი აკაკი რუაძე მუნიციპალურ თავშესაფარში ცხოველების სავარაუდო დაღუპვის მიზეზებზე საუბრობს, თუმცა, მისი თქმით, შეუძლებელია ასეთ მოკლე პერიოდში ამ რაოდენობის ცხოველთა დაღუპვა:
”ბუნებრივი სიკვდილით, მე ვიცი, რომ იხოცებიან მხოლოდ ასაკიანი ძაღლები. ბუნებრივი სიკვდილი სხვანაირი არ არსებობს. ან დაავადება იქნება თავშესაფარში, ან ტრავმა. ლეკვების სიკვდილი ბევრმა რაღაცამ შეიძლება გამოიწვიოს. შეიძლება გამოიწვიოს იმან, რომ დედა არ აჭმევს. არიან კანიბალი დედები, რომლებიც არ აჭმევენ თავის შვილებს და მათ ჭამენ. გარდა ინფექციური დაავადებებით სიკვდილისა, თავშესაფარში სათანადოდ ვერ კვებავენ ცხოველებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი დაღუპვა. ლეკვების გაზრდა ისეთ ხელოვნურად შექმნილ გარემო პირობებში, როგორიც თავშესაფარია, არის საკმაოდ რთული. ძაღლი მიჩვეულია თავისუფლებას ან პატრონს და ამისთანა სიტუაციაში ძალიან ხშირია, რომ თვითონ დედები არ აქცევენ ყურადღებას თავის ლეკვებს. ის კი არა, სახლის ძაღლები არ აქცევენ ხოლმე ხანდახან ყურადღებას და ხელოვნურად უწევთ ხოლმე მისი გაზრდა.”
ვეტექიმი გამოსავალს ცხოველთა დროულ სტერილიზაციაში ხედავს. მისი თქმით, არ უნდა დავუშვათ ძაღლების უკონტროლო გამრავლება, რაც შემდეგ სავალალო შედეგების მომტანია.
”თუკი თავშესაფარში დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და იქ არ არის რაიმე სახის დაავადება მოდებული, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია ბუნებრივი სიკვდილით ერთდროულად ამდენი ლეკვის ნახვა. როგორ შეიძლება, ერთ დღეს მიხვიდე და შემოვლაზე ერთდროულად იპოვო 10, 7 ან 9 ლეკვი, რომელიც ბუნებრივი სიკვდილით არის მკვდარი. ეს გამორიცხულია. ესე იგი, იქ არის რაღაც დაავადება, რომელმაც იმსხვერპლა ასეთი რაოდენობის ცხოველები ყოველდღიურად, ამდენი ლეკვის ბუნებრივი სიკვდილი მართლა არაბუნებრივია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ თავშესაფარში არის ანტისანიტარია, თავშესაფარში არ იცავენ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს და თავშესაფარში მოდებულია დაავადება. ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ცნობილია, რომ ვოლიერებში, სადაც ჰყავთ მეძუძური დედები თავისი ლეკვით, ცივი წყლით, შლანგითვე რეცხავენ ზამთარში და ყინვაში. ლეკვები, უბრალოდ, სისველისგან, სხვადასხვა სახის დაავადებისგან და პირობების არქონისგან იღუპებიან,” – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ცხოველთა დამცველი, სოფიო ბეროშვილი.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოადგილის, ლერი ქვარაიას თქმით, 4 თვის განმავლობაში შესაძლებელია მსოფლიოს მასშტაბით ნებისმიერ კერძო თუ მუნიციპალურ თავშესაფარში დაიღუპოს 400-ზე მეტი ცხოველი ბუნებრივი სიკვდილით. მაგალითისთვის მან თეიმურაზ წიქორიძისა და თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფრის სტატისტიკის გადახედვა გვირჩია. მისი თქმით, დროის მოკლე პერიოდში ამ რაოდენობით ცხოველის დაღუპვა არ არის საგანგაშო და ეს, უბრალოდ, სამწუხარო რეალობაა.
სააგენტოს ცნობით, თავშესაფარში დეზინფექცია ტარდება ”იოდიზეფის” ხსნარით. მათი თქმით, ეს ხსნარი სრულიად უსაფრთხოა ცხოველთა ჯანმრთელობისთვის. ისინი ცხოველთა დამცველების ბრალდებას თავშესაფრის ტერიტორიაზე სანიტარული ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით აბსურდულს უწოდებენ.
სტატისტიკის მიხედვით, მუნიციპალურ თავშესაფარში სტერილიზაცია ჩაუტარდა 148 ცხოველს, კასტრაცია – 111-ს. თავშესაფრიდან ბუნებრივ არეალში ლეკვებისა და მეძუძური ცხოველების გაშვება არ ხდება. სააგენტოს ცნობით, ეს კატეგორია შეიძლება მხოლოდ გააჩუქონ ან ვინმემ შეიკედლოს.
ასევე, სადავო საკითხად რჩება თავშესაფრისთვის გამოყოფილი ფინანსების გადანაწილება. ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან, ჯამში, 2 914 000 ლარია გამოყოფილი. აქედან თანამდებობრივ სარგოზე და თანამშრომელთა პრემიებზე 2 მილიონზე მეტია განაწილებული, ხოლო ცხოველთა მოვლა-პატრონობისთვის 196 690 ლარი იხარჯება. რაც შეეხება თავშესაფრის დეზინფექციას და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას, ამისთვის მხოლოდ 500 ლარია გაწერილი.
“სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი და ცხოველთა დამცველი, სოფიო ბეროშვილი ამბობს, რომ ფინანსები არასწორად ნაწილდება. მისი თქმით, ცხოველების მოვლა-პატრონობაზე მილიონამდე ლარი მაინც უნდა იხარჯებოდეს. თუმცა, როგორც მონიტორინგის სააგენტოში ამბობენ, ბიუჯეტი თავშესაფრის მოთხოვნილებების შესაბამისად არის გადანაწილებული.
ცხოველთა მოყვარულები უკვე მეორე თვეა საპროტესტო აქციებით აკრიტიკებენ ”ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს” მუშაობას, მათ მიერ შემუშავებულ ახალ წესს და მუნიციპალურ თავშესაფარში შექმნილ სანიტარულ მდგომარეობას. პირველი საპროტესტო აქცია-მსვლელობა მიუსაფარ ცხოველთა საერთაშორისო დღეს გაიმართა, რის შემდეგაც აქციებმა საკრებულოსთან პერმანენტული ხასიათი მიიღო. ისინი ამბობენ, რომ წესის დამტკიცების შემდეგ მიუსაფარი ცხოველების ხოცვა დაიწყება. ცხოველთა დამცველები წესის დაჩქარებულად მიღებას აგვისტოში თბილისში დაგეგმილი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამართვას უკავშირებენ.
საპროტესტო აქციებისა და მსვლელობების მიუხედავად, თბილისის საკრებულომ ცხოველების მოვლა-პატრონობის ახალი წესი 6 აპრილს მიიღო, რომელსაც ცხოველეების უფლებების დამცველები ეწინააღმდეგებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო. წესის პროექტს მხარი 26-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5 წინააღმდეგი იყო და ერთმა თავი შეიკავა.
ახალი წესის თანახმად, სავალდებულო გახდა ცხოველის რეგისტრაცია რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობიდან 1 თვის ვადაში. რეგისტრაციას განახორციელებს უფლებამოსილი ორგანო, ამ შემთხვევაში, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ან შესაბამისი ვეტერინარული დაწესებულებაა. შეიქმნება აღრიცხვის ერთიანი ბაზა. საკუთრებაში მყოფ ცხოველს უნდა ჰქონდეს საიდენტიფიკაციოდ განკუთვნილი მიკროჩიპი ან ტატუირება, ან “საჭდი” და ყელსაბამი.
