“პარტიზანი გოგოების” ვიდეოპროტესტი: როგორ კლავენ ქალებს საქართველოში [ვიდეო]

“ნეტგაზეთი” “პარტიზანი გოგოების” წევრს ესაუბრა. მისი თქმით, ერთი მხრივ, კულტურა ქალებს წარმოაჩენს პატივცემულ ადამიანებად, ხოლო სინამდვილეში ისინი ძალადობის მსხვერპლი ხდებიან.

 

“პარტიზანი გოგოები” საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ 17 მაისის ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადებასაც აკრიტიკენ და მიაჩნიათ, რომ ამ ნაბიჯით პრობლემის მიჩქმალვას ცდილობენ.

 

“ბოლო ხანებში გახშირებული მკვლელობები, როდესაც ქმარმა მოკლა ცოლი, დავუკავშირეთ 17 მაისს, როდესაც აღინიშნა ოჯახის სიწმინდის დღე პირველად. და იმ კუთხით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ეს ყველაფერი არის ყალბი. ქალებს კლავენ, ამაზე ნიუსები დაიდო – გავიგეთ, მაგრამ რამდენი რამ ხდება, რაც ჩვენს ყურამდე არ აღწევს. ამის ფონზე აღნიშვნა ოჯახის სიმტკიცის, როცა ასეთი პრობლემა გაქვს, და ამით ამის მიჩქმალვა ამაზრზენია”,- ამბობს “პარტიზანი გოგოების” წევრი. 

 

ვიდეოს ადევს ჯგუფ “ივერიის” სიმღერა “საქართველოს მანანებო”. ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ ამ სიმღერით უკეთესად წარმოაჩინეს სიყალბე, თუ როგორ ცემენ პატივს ქალებს სიმღერებში, ხოლო სინამდვილეში მათ მიმართ ძალადობენ:

 

“საბოლოოდ ორი სიყალბე და ერთი პრობლემა გავაერთიანეთ”.

 

ვიდეო არის ინგლისურნოვანი. “პარტიზანი გოგოების” წევრი ამბობს, რომ ამაში ის მნიშვნელობა ჩადეს, რომ ინგლისური არის საერთაშორისო ენა – ისევე, როგორც ქალთა მიმართ ძალადობა არის გლობალური პრობლემა, ხოლო მთხრობელი საუბრობს “ქართული ინგლისურით”, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდეო არის გლობალურ პრობლემაზე, რომელიც ლოკალურ მაგალითზე ამახვილებს ყურადღებას, – ამბობს ჩვენი რესპოდენტი.

 

ეს რიგით მეორე ვიდეოა, რომელიც “პარტიზანმა გოგოებმა” გაავრცელეს. პირველ ვიდეოში “ეპისტოლედან – ეპისტოლემდე”, მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ილია მეორის გამოთქმული მოსაზრება, რომ ქალები მუშაობის ნაცვლად ერთობიან, იყო გაკრიტიკებული. 

 

“პარტიზანი გოგოების” ჯგუფი 2012 წლის დასაწყისიდან არსებობს. პარტიზანი გოგოები ანონიმური ფემინისტური ჯგუფია და რეაგირების სპეციფიკური მეთოდები აქვს.