
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აშშ-ის ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელს ჯონ პოსტსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს დღეს, 16 აპრილს შეხვდა.
როგორც შეხვედრაზე მედიისთვის გახდა ცნობილი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებს აღჭურვილობითა და სახარჯი მასალით.
პროგრამის განხორციელებამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ჯონ პოსტის ხელმძღვანელობით, შეისწავლა საქართველოში სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების საჭიროებები, რომლის საფუძველზეც შეირჩა სამიზნე სამედიცინო დაწესებულებები, რომლებსაც დახმარება გადაეცემა.
პროექტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დამწვრობის ცენტრს, ვეტერანთა ჰოსპიტალს, რეგიონალურ სასწრაფოებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, დედოფლისწაროს ჰოსპიტალსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებს გაუწევს დახმარებას.
“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსგავსი პროექტების განხორციელება საქართველოში 1992 წელს დაიწყო. მას შემდეგ საქართველოში ჰუმანიტარული დახმარების პროექტები განხორციელდა, რომლის საერთო ღირებულება 467 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა,“- განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
როგორც შეხვედრაზე რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობა ახალ ფაზაში შედის. ეს, მისი თქმით, შეეხება სწორედ ჯანდაცვის სამინიტროსათვის ტექნიკური დახმარების გაწევას და საქართველოს მონაწილეობას გლობალური ჯანდაცვის ინიციატივის პროექტში.
ახალი პროექტის ფარგლებში სამედიცინო ტვირთი საქართველოს მოეწოდება აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის გერმანიის სამხედრო ბაზიდან. პროგრამა ხორციელდება სახელმწიფო დეპარტამენტის ხუთი პარტნიორი ორგანიზაციის მიერ საქართველოში: ამქორ – საქართველო (UMCOR – Georgia), Counterpart International, ACTS- Georgia, Hellenic Care, IRD.
