დღეს, 17 აპრილს სტომატოლოგიური კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრისა და დისკუსიის დროს გაირკვა, რომ სამინისტრო მზადაა გაეცნოს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ მიწოდებულ რეკომენდაციებს და შეძლებისაგვარად გაითვალისწინოს.
ახალი რეგულაციები ჯანდაცვის მინისტრმა და მისმა მოადგილემ სტომატოლოგებსა და სტომატოლოგიური კლინიკების ხელმძღვანელებს დღეს თავად წარუდგინეს.
1 მაისიდან სტომატოლოგიური სერვისების მიმწოდებლებს რამდენიმე ვალდებულების შესრულება მოუწევთ, მათ შორის, დაწესებულებაში პანდუსის მოწყობა შშმ პირებისთვის, ერთი სტომატოლოგიური სავარძლისთვის 14 კვ.მ ფართობისა და ყოველ დამატებითზე 7კვ.მ ფართობის გამოყოფა.
“პანდუსების მოწყობაში რთული არფერია. პრიმიტიული კონსტრუქციაა ეს, რომელიც ელიავას ბაზრობაზეც შეგიძლიათ ააწყობინოთ 50 ლარად,” -განუცხადა დავით სერგეენკომ დღეს სტომატლოგიური კლინიკების წარმომადგენლებს.
ამ ეტაპზე პანდუსების მოწყობაზე უარს არც ერთი სტომატოლოგიური სერვისების მიმწოდებელი კლინიკა აღარ აცხადებს. ყველაზე დიდი პრობლემა კლინიკებისთვის უმეტესი ნაწილისთვის ის ფართობია, რომელიც ახალი რეგულიაციებით ჯანდაცვის უწყებამ მათგან მოითხოვა.
“ორი კლინიკა მაქვს – ერთი ბათუმში [150კვ.მ], ერთი თბილისში [300კვ.მ]. მე უფრო შემეხება ეს ცვლილება, კონკრეტულ ბრენდს, რომელსაც ძალიან დიდი ფული მაქვს ჩადებული, ვიდრე იმას, ვისაც, მაგალითად, სტომატოლოგიური კლინიკა ე.წ. ხრუშოვკაში აქვს გახსნილი. ყველა პროფილი, ქირურგია, თერაპია, პაროდონტოლოგია, ორთოპედია და ა.შ. შესაბამისად, თითოეული ეს კაბინეტი ახალ რეგულაციებში მოთხოვნილ 14 კვ.მ-ზე ნაკლებია. დაყოფილი მაქვს განყოფილებებად, ყველას აქვს თავისი კაბინეტი, ევროპული სტანდარტებით, ერთ კაბინეტში მომუშავე ერთი ექიმი ხარისხიანად ვერ გააკეთებს ყველას გასაკეთებელს. შესაბამისად, ახალი ნორმატივები ფართობთან დაკავშირებით არ შეცვლის ბაზარზე ხარისხს. შეცვლის იმას, რომ დაიწყება კლინიკების გადაკეთება იმისთვის, რომ ნორმატივებთან იყოს შესაბამისობაში. ეს მოითხოვს დამატებით დანახარჯებს კლინიკებისთვის. პირადად მე დამატებითი სესხის აღება მომიწევს ამისთვის. შეიძლება ამან შეამციროს სტომატოლოგიური კაბინეტების რაოდენობა, რაც თავის მხრივ მომსახურების ფასებსაც გაზრდის,”- ამბობს სტომატოლოგი თათია ანდღულაძე.
ახალი რეგულაციებით გათვალისწინებული ფართობი (14 კვ.მ+7კვ.მ) ჯერ კიდევ 2002 წლის დადგენილებით განისაზღვრებოდა. იგივე სტანდარტი იყო საბჭოთა პერიოდის დროსაც. თუმცა აქამდე აღნიშნული სტანდარტების აღსრულების მექანიზმი არ არსებობდა.
ახალი ნორმატივები იგივე პარამეტრით მთავრობამ 2014 წლის თებერვალში დაამტკიცა. შესაბამისად, 1 მაისიდან მონიტორინგის ჯგუფი შემთხვევითი შერჩევის მექანიზმით შეამოწმებს, რამდენად არის შესაბამისობაში ახალ სტანდარტთან სტომატოლოგიური კაბინეტი.
თავად ჯანდაცვის სამინისტრო ახალი მოთხოვნის საფუძველს იმით ხნის, რომ აღნიშნული პარამეტრები საქართველოში ისედაც არსებობდა. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტრომ დღევანდელ შეხვედრაზე, პრეზენტაციაში წარმოადგინა ის ქვეყნები, რომლებიც სწორედ ამ მონაცემებით ხელმძღვანელობენ. ესენია: ავსტრალია, აშშ-ის თავდაცვის დემპარტამენტი, გაერთიანებული სამეფო, პოლონეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და. ა.შ.
“ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ვეტერანთა ჰოსპიტლის და სამედიცინო სერვისების სტანდარტებში მითითებულია 11 კვ.მ თერაპიულისთვის, და 22 კვ.მ ქირურგიული სავარძლებისთვის. რადგან ჩვენს რეალობაში ძალიან ხშირად ერთსა და იმავე სავარძელზე ხდება როგორც თერაპიული, ასევე, ქირურგიული ჩარევა [იგივე კბილის ექსტრაქცია]. ამდენად, 22 კვ.მ- ზე არ წავსულვათ და ჩამოვყალიბდით 14 კვ.მ-ზე, ჩავთვალეთ, რომ იქნებოდა ყველაზე უფრო რაციონალური,”- ამბობს მარიამ ჯაში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნეტგაზეთთან საუბარში.
რატომ არ დაეყრდნო სამინისტრო, მაგალითად, ზოგიერთი ევროპული ქვეყნის სტანდარტს, სადაც აღნიშნული პარამეტრები 8, 10 ან11 კვ.მ-ია, სამინისტროს ასეთი პასუხი აქვს:
“სტომატოლოგიური სერვისი მაღალი რისკის საქმიანობაა. ყოველთვის უნდა იყოს მზაობა, რომ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა განხორციელდეს, მათ შორის ანაფილაქსიური შოკის დროს, როდესაც არის სავარძლის გაშლის აუცილებლობა და სამედიცინო გუნდის ჩარევის აუცილებლობა სიცოცხლის გადასარჩენად. ამისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი სივრცე. ისივე, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის გადაადგილების საშუალება. ამდენად, 14 კვ.მ ერთი სავარძლისთვის და დამატებით თითოეულ სავარძელზე – 7, ჩავთვალეთ რომ არის რაციონალური,”- ამბობს მინისტრის მოადგილე, მარიამ ჯაში.
ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ 1 მაისიდან გარდამავალ ეტაპი დაიწყება, რომლის დროსაც დაიწყება ვიზიტები კლინიკებში, ტექნიკურ რეგლამენტებთან დაკავშირებით კლინიკის ხელმძღვანელს კონსულტაცია გაეწევა და მიეცემა გონივრული ვადა ხარვეზების შესაბამისობაში მოსაყვანად. ეს გონივრული ვადა, თავად ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, 1 -დან 6 -თვემდე განისაზღვრება.
მინისტრის განმარტებითვე, გარდამავალი პერიოდი კლინიკების დაჯარიმებაზე [200-დან 500 ლარამდეა გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა] ორიენტირებული არ იქნება.
“პირველ ეტაპზე მთავარი მიზანი რეგულაციის არის ის, რომ გავიგოთ, რა პირობებში ვაწვდით სამედიცინო სერვისს. თუ პირველადი შეტყობინების შედეგები დაგვიდასტურებს, ქართული რეალობისთვის თუნდაც გონივრული ვადა, რომელიც შეიძლება 6 თვემდეც გაიწელოს, და რეალისტური არ არის, ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ გადახედვაზე. ამის საშუალება ყოველთვის არსებობს. მთავარი მიზანი რეგულაციების შემოღების იყო ის, რომ რეალურად შეგვეგროვებინა ინფორმაცია, რეგულირების ჩარჩოში მოგვექცია ისეთი მაღალი რისკის სამედიცინო სერვისი, როგორიც არის სტომატოლოგია. დღეს მხოლოდ იმ სტომატოლოგიურ დაწესებულებებზე ვფლობდით ინფორმაციას, რომელთაც ჰქონდათ რენტგენის აპარატი და რადიოლოგიის სერვისს აწვდიდნენ, ასეთი დაწესებულება იყო მხოლოდ 147. სხვა ინფორმაცია არ გვაქვს. მაგალითად, თუ რა ოდენობის, რა მოცულობის, რა ხარისხის სტომატოლოგიურ სერვისს და რა პირობებში ვაწვდიდით,”- ამბობს მარიამ ჯაში.
საბოლოოდ, სპეციალისტებთან დღევანდელი შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა კაბინეტების ფართობებთან დაკავშირებით საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციები მიიღოს და შესაძლებლობის ფარგლებში გაითვალისწინოს.
