აქცია-კონცერტის ორგანიზატორი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა იყო, რომელშიც ასზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციაა წარმოდგენილი.
აქცია მიმართვებით დაიწყო, პირველი შეკრებილებს პლატფორმის თავმჯდომარემ ლაშა ტუღუშმა მიმართა, რის შემდეგაც სცენაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი ავიდა, რომელიც შეკრებილებს ქართულ ენაზე მიესალმა:
“მე დარწმუნებული ვარ რამდენიმე თვეში საქართველო ხელს მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც თქვენ ისარგებლებთ საქონლის, მომსახურეობის და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილებით. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ახლა, და ამის შემდეგ მალევე თქვენ უკვე მეოთხე თავისუფლება გექნებათ- ხალხის გადაადგილების თავისუფლება”.
ფილიპ დიმიტროვის შემდეგ სცენაზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავიდა. მისი თქმით, ამ მნიშვნელოვან შეკრებას სათავეში უდგას ყველაზე ჯანსაღი ძალა – სამოქალაქო საზოგადოება.
“ჩვენ ყველანი აქ ნათელი მიზნისათვის ვართ გაერთიანებული, რომელიც არ არის უბრალოდ რომელიმე პოლიტიკური ძალის არჩევანი. ეს არც რომელიმე პოლიტიკოსის ან სახელმწიფოს მოხელის არჩევანია, ეს არჩევანი არც მხოლოდ ჩვენ გაგვიკეთებია – მათ, ვინც აქ ერთადვდგავართ. ეს არის არჩევანი, რომელიც გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა, რომლებმაც შექმნეს ლაღი ქვეყანა – საქართველო, რომლებმაც თავისუფლება, სულიერი თავისუფლება, სხვისი მიმღებლობა, ტოლერანტობა ჩადეს ჩვენი კულტურის საფუძვლებში. ამიტომ ჩვენ აქ ვდგავართ არა მარტო ჩვენი არჩევანისთვის, არამედ იმ არჩევნისათვის, რომელიც გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა”. – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ამის შემდეგ კონცერტი დაიწყო, რომელიც მარიკო ებრალიძემ, გახსნა, დღევანდელ აქცია-კონცერტში შემდეგი მუსიკოსები და ბენდები მონაწილეობდნენ: ანსამბლი ლაშარი , მერიის ბიგ ბენდი, გიო სუხიტაშვილი, მარიკო ებრალიძე, ალეკო ბერძენიშვილი, გორდელა, Z for Zulu, თინათინი, არა, Eldrine ,The Jetbird, LOUDspeakers, KID Jesus.
კონცერტის პარალელურად გადიოდაც ვიდეო მიმართვები, რასაც ორგანიზატორები აქციამდე ერთი თვით ადრე ამზადებდნენ. ვიდეო მიმართვებში ადამიანები ხსნიან თუ რატომაა მათი არჩევანი ევროპა.
დღევანდელ აქცია-კონცერტზე იმყოფებოდნენ პოლიტიკოსებიც, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკანიანი, ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, დეპუტატი თინა ხიდაშელი, დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე და სერგო რატიანი, “ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანი გიგა ბოკერია და სხვები.
“ყველას, ვინც იზიარებთ საქართველოს ევროპულ არჩევანს და გსურთ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, გელოდებით 13 აპრილს ევროპის მოედანზე. ეს არის ის საკითხი, რომელზეც საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთი პოზიცია უნდა ჰქონდეს. მოგიწოდებთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, გავერთიანდეთ ამ იდეის გარშემო”.- ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
