კვლევა, რომელიც ბოსტონის ბავშვთა ჰოსპიტალმა ჩაატარა, ამტკიცებს, რომ ძუძუთი კვება 6 თვემდე ან წლამდე კავშირშია ენობრივი უნარების უკეთეს განვითარებასთან 3 წლის ასაკში და უფრო მაღალ ვერბალურ თუ არავერბალურ IQ-სთან 7 წლის ასაკში. 1 წლის განმავლობაში ძუძუთი კვება უზრუნველყოფს, რომ 7 წლის ასაკში ბავშვის IQ 4.2 ქულაზე მაღალი იყოს. 0.35 ქულას კი ყოველ თვეში ბავშვი დედის რძისგან იღებს.
კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ადამიანის გონებრივ განვითარებაზე ეფექტს ახდენს ძუძუთი კვების ხანგრძლივობა და ექსკლუზიურობა (როდესაც ბავშვი მხოლოდ დედის რძით იკვებება და არ იღებს სხვა დანამატს, წყალსაც კი) – სწორედ ამ მიგნებითაა ეს კვლევა მნიშვნელოვანი. ასევე აქამდე არ ჩატარებულა კვლევა, რომელიც ლაქტაციის დროს (სარძევე ჯირკვლების მიერ რძის გამოყოფა) დედების მხრიდან კვების რეჟიმის დაცვის ეფექტს წარმოაჩენდა ბავშვების გონებრივ განვითარებაზე.
კვლევის მიზნებიც შესაბამისად განისაზღრა– გაეზომათ ბავშვის აზროვნების უნარები 3 და 7 წლის ასაკში ექსკლუზიური და ხანგრძლივი ძუძუთი კვების შემდეგ და გაეზომათ, როგორ ეფექტს ახდენს ბავშვის გვიანდელ კოგნიტურ უნარებზე ლაქტაციის პერიოდში დედის მიერ თევზის მიღება.
კვლევის შედეგების მიხედვით, ძუძუთი ხანგრძლივი კვება კავშირშია “ფოტო–ლექსიკის ტესტის” მაღალ ქულასთან სამი წლის ასაკში. აღნიშული ტესტი ზომავს სტანდარტული ამერიკული ინგლისურის ათვისების უნარს. ძუძუთი ხანგრძლივი კვება ასევე კაშირშია “კაუფმანის მოკლე ინტელექტის ტესტის” მაღალ ქულასთან შვიდი წლის ასაკში. ეს ტესტი ზომავს ვერბალური და არავერბალური უნარების განვითარების დონეს. კავშირი ვერ დადგინდა ძუძუთი ხანგრძლივ კვებას და მახსოვრობისა და ათვისების ტესტების მაღალ ქულას შორის. დამატებითი სასარგებლო ეფექტი აჩვენეს ვიზუალურ–მოტორული უნარების განვითარების კუთხით 3 წლის ასაკში იმ ბავშვებმა, რომელთა დედებიც ლაქტაციის პერიოდში, კვირის განმავლობაში 2 ულუფაზე მეტ თევზს იღებდნენ, იმ ბავშებთან შედარებით, რომელთა დედებიც თევზს საერთოდ ან ნაკლები რაოდენობით იღებდნენ.
გარდა აღნიშნულის შედეგებისა, დედის რძით კვებას სხვა პოზიტიური შედეგებიც მოაქვს. მაგალითად, იგი ამცირებს ყურის ინფექციის განვითარების რისკს და გასტრორენტერიტს, რომელიც ფართოდ გავრცელებული იყო ჩვილებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მიუხედავად მრავალი დადებითი ეფექტისა, გამოცემა “გარდიანი” წერს, რომ დიდი ბრიტანეთში იმ ქალების რიცხვი, რომელიც ძუძუთი კვებავენ ბავშვებს, მცირდება. 2013 წლის აგვისტოს მონაცემებით, დედები, რომლებიც 6–8 კვირის შემდეგაც აგრძელებენ ჩვილების ძუძუთი კვებას, საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლებია.
ჯანდაცვის დეპარტამენტის რეკომენდაციას, 6 თვედე ძუძუთი კვებონ ჩვილები ექსკლუზიურად, დედების მხოლოდ 2% ითვალისწინებს. გამოცემა ასევე სვამს შეკითხვებს, უკავშირდება თუ არა ეს საკითხი საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლეევებში ბრიტანეთის გაუარესებულ შედეგებს? ან მართლა გაიზრდება თუ არა ადამიანის IQ ძუძუთი კვებით?
დებატები იმასთან დაკავშირებით, ზრდის, თუ არა დედის რძე IQ-ს ქულას, ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობს. ინტელექტის ტესტის ქულაზე სხვა ბევრი ფაქტორიც ახდენს გავლენას, როგორიცაა სოციო–ეკონომიკური სტატუსი, დაბადების წონა, მშობლის განათლება, სხვადასხვა წახალისება, რომელსაც ბავშვი იღებს, და დედის ინტელექტი.
მკვლევარებმა ასევე სხვადასხვა ტიპის კვების ეფექტი გაზომეს. მაგალითად, ზოგიერთ შემთხვევაში ერთმანეთს ადარებდნენ ორი ტიპის მონაცემს, დედებისას, რომლებსაც ძუძუთი გამოუკვებავთ ჩვილი თუნდაც რამდენიმე წუთის მანძილზე და იმ დედებისას, რომლებსაც ძუძუთი კვებისთვის არ მიუმართავთ. ამ კვლევების უმეტესობამ ვერ დაადასტურა მნიშვნელოვანი ზრდა ინტელექტის კუთხით. მეორე მხრივ, იყვნენ მკვლევარები, რომლებიც თავიანთ კითხვებში აქცენტს გრძელვადიან და ექსკლუზიურ ძუძუთი კვებაზე აკეთებდნენ. McGill–ის უნივერსიტეტის პედიატრთა კათედრის კვლევამ დაადგინა, რომ IQ-ზე გავლენას გრძელვადიანი და ექსკლუზიური ძუძუთი კვება ახდენს.
ბოსტონის კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვის IQ-ზე ზეგავლენს ახდენს დედის ინტელექტი, ოჯახის შემოსავალი და ძუძუთი კვების ექსკლუზიურობა და ხანგრძლივობა.
