შაბათი. საღამოს შვიდი საათი. საქველმოქმედო ფონდ კარიტასის სამზარეულოში მამაკაცები იკრიბებიან. სამზარეულოს სკამებს წრეზე აწყობენ და სხდებიან. ცხრანი არიან, სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის. ყველაზე უმცროსი, დაახლოებით, 23 წლისაა.
– გამარჯობა, მე ვარ ჟენია, ალკოჰოლიკი, – ამბობს უკრაინიდან ჩამოსული სპიკერი.
– გამარჯობა, ჟენია, – ესალმება ყველა ერთხმად.
შემდეგ საკუთარ თავზე ჟენია უფრო დაწვრილებით ყვება. მერე ჯგუფის წევრებს სთხოვს, გაეცნონ მას და მოყვნენ, ვინ არიან. მისალმების შემდეგ თითოეული მათგანი სახელთან ერთად, რომელიც შეიძლება გამოგონილიც იყოს, აღიარებს, რომ ალკოჰოლიკია.
ყოფილი ალკოჰოლიკი არ არსებობს, მაგრამ არიან ალკოჰოლიკები 5, 10 ან სულაც 33 წლის სიფხიზლით. ყველა მათგანი საკუთარ სიფხიზლეს დღემდე სხვა ადამიანების დახმარებით ინარჩუნებს. ხშირად ისინი სიფხიზლის შენარჩუნებაში სხვა ადამიანებსაც ეხმარებიან. ზოგიერთი მათგანი კი AA-ს (Alcoholics Anonymous –ანონიმურ ალკოჰოლიკთა ჯგუფის) სპიკერი ხდება და დაგროვილი ცოდნით ალკოჰოლიკებს სიფხიზლის შენარჩუნებაში ეხმარება.
ჟენიაც ერთ-ერთი მათგანია, დაახლოებით 11 წლის სიფხიზლით. საქართველოში გამოცდილების გასაზიარებლად ჩამოვიდა. ჯგუფის წევრების უმეტესობა ამბობს, რომ ბოლოს რამდენიმე დღის წინ დალია. არიან ისეთებიც, ვისაც წელიწადზე მეტია არ დაულევია. ყველას სჯერა, რომ თუკი სხვებმა შეძლეს, ისინიც შეძლებენ და გამოჯანმრთელდებიან.
მედიკოსები, ვინც ალკოჰოლდამოკიდებულებთან მუშაობენ, ამბობენ, რომ ალკოჰოლიზმისგან, როგორც ფსიქიკური დაავადებისგან გათავისუფლება სწორედ ფსიქოლოგიური ჩარევითაა შესაძლებელი.
ამ მხრივ ალკოჰოლიკების მიერ დაწერილი „12 ნაბიჯი“, რომელსაც საფუძველი აშშ-ში 1935 წლიდან ჩაეყარა, ერთადერთი აპრობირებული და შედეგიანი პროგრამაა მთელ მსოფლიოში, რომელსაც AA იყენებს. ეს სისტემა არა ექიმებმა, არამედ თავად ალკოჰოლიკებმა მოიგონეს. ამერიკელმა ბილ იუნსონმა და რობერტ სმიტმა, ანონიმურ ალკოჰოლიკთა კლუბის დამფუძნებლებმა, შეძლეს, რომ სასმელი საუბრით შეეცვალათ.
ფხიზელი ალკოჰოლიკისთვის ნებისმიერი პრობლემა შეიძლება ალკოჰოლის მიღების საფუძველი გახდეს. ამიტომ ცხოვრების რთულ ეტაპებზე და სტრესულ სიტუაციებში ალკოჰოლზე დამოკიდებულები ასეთ კრებებზე უფრო ხშირად დადიან.
პროგრამა „12 ნაბიჯის“ პირველი და ყველაზე რთული ნაბიჯი იმის აღიარებაა, რომ ხარ ალკოჰოლიკი, საკუთარი ცხოვრების სამართავად უძლური ხარ და არსებობს უმაღლესი ძალა, რომელიც გეხმარება. ეს ნაბიჯი ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ საქართველოში ანონიმურ ალკოჰოლიკთა კლუბები ვერ განვითარდა. მსგავს შეკრებებზე ხშირად რელიგიური უთანასწორობის პრობლემები ჩნდება.
გარდა ამისა, ჯგუფის სპიკერი აუცილებლად ყოფილი ალკოჰოლდამოკიდებული უნდა იყოს. ამ მხრივ საქართველოში შესაფერისი კანდიდატურა იშვიათად მოიძებნება.
AA კარგად აშშ-ში, პოლონეთში და სხვა რამდენიმე განვითარებულ ქვეყანაში მუშაობს. მხოლოდ პოლონეთის დედაქალაქში 300-მდე ასეთი ჯგუფია. ალკოჰოლდამოკიდებულმა კარგად იცის, რომ ნებისმიერ დროს საკუთარ სახლთან მდებარე კლუბში შეუძლია მისვლა.
AA კლუბი, სადაც ჟენია ერთ-ერთ შაბათს სპიკერი იყო, საქართველოში ერთადერთია და ისიც ჩამოყალიბების პროცესში. თვითდახმარების ჯგუფს “კარიტასმა” შეკრებისთვის ფართი მისცა.
გ.კ. რამდენიმე კვირაა, რაც ანონიმურ ალკოჰოლიკთა სწორედ ამ თვითდახმარების ჯგუფს ხელმძღვანელობს და “12 ნაბიჯის” პროგრამით ალკოჰოლზე დამოკიდებულებს სიფხიზლის შენარჩუნებაში და ფსიქიკურ გამოჯანრთელებაში ეხმარება.
ალკოჰოლიკი გ.კ იხსენებს, რომ წლების წინ, როდესაც ალკოჰოლის მიღების შემდეგ საცხოვრებელ კორპუსთან ჩნდებოდა, მეზობლები ეზოდან სახლებში შერბოდნენ.
„ისეთი აგრესიული ვხდებოდი, ყველას ეშინოდა ჩემი და სასწრაფოდ ტოვებდნენ იმ ადგილს, სადაც მე ვიყავი,“ – ამბობს გ.კ.
ალკოჰოლიზმის ფონზე ჯანმრთელობა მკვეთრად გაუუარესდა. შემდეგ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში 18 თვე სასჯელს ციხეში იხდიდა. თუმცა ფიქრობს, რომ ეს დრო სხვა პატიმრებისგან განსხავავებით კარგად გამოიყენა.
„ბევრს ვკითხულობდი. ეს ძალიან დამეხმარა იმის მიღწევაში, რომ დღეს ფიზიკურად და ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელი ვარ.“
„დეტოკსიკაციასა და სამედიცინო ჩარევას ალკოჰოლიზმის მკურნალობაში მინიმალური წილი აქვს. გამოჯანმრთელების პროცესში და სიფხიზლის შენარჩუნებაში მთავარი ფსიქოთერაპიული და ფსიქოლოგიური ჩარევაა, რაც თანხებთან არის დაკავშირებული. ფსიქოთერაპევტული დახმარებისა და ანტიდეპრესანტებისთვის თანხა, როგორც წესი, არ აქვთ. ამიტომ ურჩევნიათ ისევ 2 -ლარიანი არაყი დალიონ,“- ამბობს სპეციალიზებული კლინიკა „ურანტის“ ხელმძღვანელი, ზურაბ სიხარულიძე.
ფსიქოთერაპევტი მანანა სოლოღაშვილი, რომელიც დამოკიდებულთა ჯგუფებთან წლებია მუშაობს, ამბობს, რომ საქართველოში, როგორც ღვინის ტრადიციების ქვეყანაში, სმის პრობლემა საზოგადოებისთვის მტკივნეული მხოლოდ უკიდურეს ფაზაში ხდება.
„ეს არის ნარკომანიაზე უფრო დიდი სოციალური პრობლემა საქართველოში და განსაკუთრებით რეგიონებში ჰყვავის. ალკოჰოლიზმი ნარკომანიაზე უფრო ხშირად ვითარდება მისი უფრო მარტივი ხელმისაწვდომობის გამო.“
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ალკოჰოლი ნარკოტიკულ საშუალებებზე სწრაფად იწვევს დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და ფსიქიკური აზროვნების დეგრადაციას.
ამ ეტაპზე ქვეყანას ალკოჰოლიზმთან ბრძოლის სტატისტიკაც არ აქვს.
„ჩემი დაკვირვებითა და პირადი გამოცდილებით სიფხიზლის შენარჩუნება ალკოჰოლიკებს უფრო უჭირთ, ვიდრე – ნარკოდამოკიდებულებს. ჩემივე პრაქტიკიდან გამომდინარე, თუ ნარკოდამოკიდებულებში ეს რიცხვი 4-5%-ია, ალკოჰოლდამოკიდებულებთან მხოლოდ 2-4%. მსოფლიო სტატისტიკა კი აჩვენებს, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 20-25%-ს შეადგენს,“ – ამბობს ფსიქოთერაპევტი.
ალკოჰოლიზმი, როგორც კომპლექსური დაავადება, გავლენას ადამიანის ფსიქიკაზე, ემოციებზე და ფიზიკურ მდგომარეობაზე ახდენს. ფიზიკური ჯანმრთელობის გაუარესება ყველაზე ბოლო ეტაპია და ალკოჰოლიზმის მკურნალობაც სწორედ ამ ეტაპით უნდა დაიწყოს.
ექიმი ზურაბ სიხარულიძე ალკოჰოლიზმის განვითარების 3 სტადიაზე საუბრობს.
საწყის სტადიაზე ადამიანს საკუთარი კრიტიკის უნარი ჯერ შენარჩუნებული აქვს და მისი ფსიქიკა დეგრადირებული ჯერ არ არის. მეორე და მესამე სტადიაზე, როგორც ფსიქიკური, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობა გაუარესებულია. მესამე სტადია, ექიმის განმარტებით, ფსიქიკური თვალსაზრისით თითქმის შეუქცევადი ხდება და პაციენტს ჰალუცინაციები, ციებ-ცხელება და ბოდვები უვითარდება. სამივე სტადიაზე სამედიცინო ჩარევა პაციენტის დეტოქსიკაციით ხდება, რომელიც ალკოჰოლის ნარჩენებისგან ორგანიზმის გასუფთავებას გულისხმობს.
„თუმცა მკურნალობას არანაირი აზრი არ აქვს, სანამ ეს თავად პაციენტის ნება არ გახდება. კლინიკაში ისინი, ძირითადად, შეწუხებულ ოჯახის წევრებს მოჰყავთ.“
მომართვიანობის ტენდენცია კლინიკებში მკურნალობის მაღალი საფასურის გამო დაბალია. ალკოჰოლიზმი კი, როგორც ექიმი ამბობს, ძირითადად დაბალი სოციალური სტატუსის მქონე პირთა დაავადებაა.
„ალკოჰოლიზმი მაღალი სოციალური სტატუსის ფენასაც ემართება და მას „ვიქენდების“ ალკოჰოლიზმს ვეძახით. ის ძირითადად იურისტებს, ბანკირებს და ისეთი პროფესიების ადამიანებს ემართება, ვისაც ძალიან დაძაბული სამუშაო გრაფიკი აქვთ. მთელი კვირა არ სვამენ და პარასკევს საღამოდან იწყებენ. კვირას ძლიერი „პახმელიის“ მოსახსნელად უკვე ჩვენ გვაკითხავენ. იგივე გრძელდება მეორე კვირასაც,“ – ამბობს სიხარულიძე.
კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანაში გახშირდა უმუშევრობის, მთელი დღე სახლში მარტო ყოფნისა და დეპრესიების ფონზე ქალთა ალკოჰოლიზმიც, რომელიც ძირითადად დიასახლისებს ემართებათ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, ალკოჰოლიზმი სიკვდილისა და ინვალიდობის გამომწვევ მეხუთე რისკფაქტორად მიიჩნევა.
მხოლოდ 2004 წელს ამ მიზეზით მსოფლიოში 2,5 მილიონი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 320 ათასი – 15-29 წლის ასაკში.
ალკოჰოლიზმის ძირითად გამომწვევ გარე ფაქტორებად მედიკოსები ბავშვობაში კომუნიკაციის პრობლემებს, მუდმივ სტრესებს, დეპრესიებს, სოციალურ ფონსა და უმუშევრობას ასახელებენ. სწორედ ამ ბოლო ფაქტორის გამო დეტოქსიკაციაც ხელმიუწვდომელი რჩება.
კლინიკებში, როდესაც პაციენტი პირველადი ეტაპისთვის დეტოქსიკაციისთვის მიდის, მკურნალობა დღეში საშუალოდ 80-120 ლარი უჯდება. აღნიშნულ მკურნალობას სახელმწიფოს არც ერთი პროგრამა არ ფარავს.
საქართველო ამ დრომდე არ იყენებს მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანში აპრობირებულ მეთოდს – ყოველი გაყიდული ალკოჰოლური სასმელის აქციზიდან მინიმალური თანხა (მაგალითად, 1 თეთრი) გადარიცხოს ალკოჰოლიკთა მკურნალობის ფონდში.
„მერწმუნეთ, ეს თანხა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მკურნალობის ხელმისაწვდომობა მოიხსნას, მაგრამ ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ეს არის საზოგადოების პრობლემა. სახელმწიფო კი ყოველთვის უსმენს საზოგადოებას, რომელიც ფიქრობს – „სვამს, მერე რა მოხდა.“
