პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიცირებული პროგრამა “ღიმილიანი საქართველო” გურიაში პირველად გუშინ, 11 აგვისტოს ამოქმედდა. ადგილობრივი და თბილისიდან ჩასული მედიკოსების ჯგუფი 50 წელს ზემოთ მყოფ მოსახლეობას უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას უწევს.
პროექტის კორდინატორის, ნუცა ზურაბიანის განმარტებით, ამ დროისათვის სოფელ სუფსაში სულ 250 პაციენტია აღრიცხული. მათ მომსახურებას 23 ექიმი უწევს. მკურნალობის ფარგლებში მსურველები საჭიროების მიხედვით მიიღებენ ქირურგიულ, ორთოპედიულ და თერაპიულ მომსაურებას.
“ღიმილიანი საქართველოს” პროგრამის იდეა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე თვის წინ გაახმაურა. გასული წლის 21 დეკემბერს ბათუმის უფასო სასადილოში პრეზიდენტი მოსახლეობას დაპირდა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, ისეთ სოფლებში, სადაც სტომატოლოგიური მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის, ასევე სოციალურად დაუცველი მოსახლეობა,უფასო სტომატოლოგიური მომსახურებას მიიღებს.
დეკემბერში ინიცირებული საპრეზიდენტო პროექტი არჩევნებამდე თვენახევრით ადრე, გუშინ დაიწყო.
“ღიმილიანი საქართველოს” პროექტის ხელმძღვანელი ნუცა ზურაბიანი განმარტავს, რომ პროექტისათვის მზადება იმ მომენტიდანვე დაიწყო, როგორც კი პრეზიდენტის ინიციატივა გაჟღერდა, თუმცა მისი მასშტაბურობის გამო პრაქტიკული სამუშაოების განხორციელება მხოლოდ გუშინ დაიწყო. მისივე ცნობით, პროგრამა 2012 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი და თბილისიდან ჩასული მედიკოსთა ჯგუფები ჩაატარებენ გამოკვლევებს. 50 წელს გადაცილებული მოსახლეობის აღრიცხვის შემდგომ კი მათთვის საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევა დაიწყება.
პროგრამის ხელმძღვანელის, ნუცა ზურაბიანის განმარტებით, პროექტის პილოტურობის გამო ამ მომენტისთვის უცნობია, კონკრეტულად რომელ რეგიონებს დაფარავს პროგრამა და რამდენ პაციენტს გაუწევს მომსახურებას.
“ზუსტად რამდენ ადამიანს მოემსახურება, ამ მომენტისთვის ზუსტად ვერ გეტყვით იქიდან გამომდინარე, რომ პროგრამა საპილოტეა. უშუალოდ რეჟიმი და სამუშაო შედეგი გვაჩვენებს შემდგომ დაგეგმარების პრინციპს,” – განაცხადა ნუცა ზურაბიანმა.
ამ მომენტისათვის არც იმის თქმაა შესაძლებელი, პროგრამის დაფარვის სფეროში მოხვდება თუ არა თბილისი, სადაც 50 წელს გადაცილებულ პაციენტთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მაღალია.




