რა სახის პოლიტიკურ და სამხედრო სარგებელს იღებს საქართველო ამერიკელ და ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად ვაზიანში გამართული სამხედრო წვრთნებისგან.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მოყოლებული 2000 წლიდან საქართველოს ტერიტორიაზე 20 საერთაშორისო სამხედრო წვრთნაა გამართული, თუმცა წელს პირველად “ღირსეული პარტნიორის” ფარგლებში სწავლებაში ამერკული ტანკები მონაწილეობდნენ. სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება. ქართულ-ამერიკული სწავლებაში 1300 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს – მათ შორის, 500 ქართველი, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 650 და 150 ბრიტანელი.
სამხედრო სარგებელი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ წვრთნები როგორც ქართული, ისე ამერიკული მხარის თანადაფინანსებით ტარდება. ბეგოიძე ჩვენთან იმ ბენეფიტებზე საუბრობს, რომლებსაც გაერთიანებული შტაბის აზრით, საქართველოს შეიარაღებული ძალები ამ წვრთნებით იღებს:
პოლიტიკური ბენეფიტები
ერთოლივი წვრთნები, რომელიც ვაზიანში ჩატარდა, რამდენიმე თვალსაზრისით სასარგებლოდ მიაჩნია ვოლოდიმერ დუბოვიკს, უკრაინელ ანალიტიკოსსა და საერთაშორისო კვლევების ცენტირს დირექტორს (ი. მეჩნიკოვის სახელობის ოდესის ეროვნული უნივერისტეტი), რომელიც გასულ კვირაში საქართველოს სტუმრობდა:
“ჩემი აზრით, ამგვარი სამხედრო წვრთნები ძალიან სასარგებლოა. პირველ რიგში, ის ამაღლებს საქართველოს სამხედრო მომზადების დონეს. ასევე, ზრდის ნატოს ძალებთან თავსებადობის ხარისხს. ახლა არც ერთ წვრთნას არ შეუძლია საქართველოს იმ ტიპის ასიმეტრიული კონფლიქტისთვის მომზადება, რომელიც რუსეთთან კვლავაცაა შესაძლებელი, მაგრამ ეს წვრთნა სწორ სიგნალს გზავნის. ჩვენ ნატოს წევრ ქვეყნებში გვესმის ხმები იმის შესახებ, რომ საქართველო ალიანსის პასუხისმგებლიანი პარტნიორია, რომელიც შესაძლოა უსაფრთხოების არამ ხოლოდ მომხმარებელი, არამედ კონტრიბუტორიც იყოს”, – გვითხრა ვოლოდიმერ დუბოვიკმა.
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე, რომელიც საქართველოს ინტეგრაციის პროცესს ნატოში უკვე წლებია აკვირდება, ამბობს, რომ ეს წვრთნები არა მოხლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ამ წვრთნით ნატოს წევრი ორი მთავარი წევრი სახელმწიფო, აშშ და ბრიტანეთი, აფიქსირებენ თავის პოზიციას, რომ ისინი საქართველოსთან სამხედრო ტექნიკურ სფეროში თანამშომლობის განვითარებით დაინტერესებული არიან.
“რუსეთს მოუწევს ანგარიში გაუწიოს იმას, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები მეტ-ნაკლებად ზრდიან თავიანთ სამხედრო ყოფნას საქართველოს ტერიტორიაზე. იგივე ნატოს სასწავლო ცენტრი, რომელიც საქართველოში დაფუძნდა. შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზეც, რომ საქართველო [ნატოს მიერ სერტიფიცირებული ასეული] ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს შეუერთდა და ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს ალიანსის წევრობა უნდა არა მხოლოდ იმისთვის, რომ უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ მოექცეს, არამედ თავადც შეიტანოს წვლილი უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში”, – ამბობს ჩიტაძე და ფიქრობს, რომ შესაძლოა ეს წვრთნები გაკრვეულწილად მესიჯი იყო არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ ნატოს წევრი იმ ქვეყნებისთვისაც, რომელთაც ალიანსის გაფართოების საკითხზე სკეპტიკური პოზიცია აქვთ.
“იგივე გერმანია, საფრნაგეთი თუ იტალია ალბათ ანგარიშს გაუწევენ იმას, თუ როგორია ქართველი სამხედროების მომზადების დონე. ასევე იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის განვითარებით. ნატოს სამხედრო ხარჯების დაახლოებით 70 პროცენტი აშშ-ზე მოდის და თუ ეს ქვეყანა დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარებით, ბუნებრივია, ევროპელი პარტნიორებიც ანგარიშს გაუწევენ”.
რუსეთი და საფრთხე
ვაზიანის საწვრთნელ პოლიგონზე მიმდინარე ერთობლივ წვრთნებს გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის მთავრობა. განცხადებაში რუსული მხარე აღნიშნულ წვრთნებს “ნატოს სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის თანმიმდევრულ ათვისებად” და „პროვოკაციულ ნაბიჯად“ აფასებს, „რომელიც მიმართულია კავკასიის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების შეგნებულად გამწვავებისკენ“.
“რუსეთი ნატოს თითოეულ წვრთნას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარდა, პროვოკაციას უწოდებდა ხოლმე, მაგრამ მისი რეაქცია განსაკუთრებულია, როდესაც საქმე სამხედრო ტექნიკის გადმოსროლას ეხება. ვიცით, რომ რუმინეთის და ბულგარეთის ტერიტორიაზე [ნატოს] მნიშვნელოვანი სამხედრო ობეიქტების განთავსება იგეგმება [რუმინეთში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა] და, ბუნებრივია, ეს რუსეთის გაღიზიანებას იწვევს. ამავე დროს, რუსეთი ანგარიშს გაუწევს გარკვეულ სამხედრო ფაქტორებს: თუ ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიაზე, შესაბამისად, შავი ზღვის რეგიონში აშშ-ისა და ნატოს სამხედრო ყოფნის ხარისხი გაიზრდება და ნატოს შეეძლება საქართველოს ტერიტორიაზე ძალების გადასროლა….”, – ამბობს ნიკა ჩიტაძე.
მისი თქმით, საქართველომ რუსეთისგან პროვოკაციის შიშით თავდაცვისუნარიანობის გამტკიცების პროცესზე უარი არ უნდა თქვას, რადგან კრმელისგან საფრთხე ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს:
“რუსეთის მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ საქართველო ნატოში ესწრაფვის. რუსეთის გაღიზიანებას იწვევს დამოუკიდებელი საქართველო. 1990-იან წლებში საქართველო არც ნატოსკენ ესწრაფვოდა და არც ევროკავშირსკენ, თუმცა რუსეთი ჩაერია აფხაზეთის და ცხინვალის კონფლიქტში. ამიტომ რუსეთის ქცევა აიძულებს საქართველოს, რომ უფრო გაააქტიუროს სამხედრო წვრთნები და განამტკიცოს ურთიერთობა პოტენციურ პარტნიორებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ მის უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – განმარტავს ჩიტაძე.
გენშტაბის უფროსის პირველი მოადგილე კი აცხადებს, რომ მისთვის მნიშნელოვანი არ არის, რას აცხადებს რუსეთი:
“ჩვენ გვაქვს გეგმები, ჩვენი ხედვები და მის მიხედვით ვმოქმედებთ. ჩვენ გვაქვს დავალებები, რომლებსაც ვასრულებთ. სამხედრო სწავლებები ტარდება, ეს ჩვეულებრივი ამბავია და მომავალშიც გაგრძელდება. ამა წლის სექტემბერში ჩვენ კიდევ ერთ საკმაოდ ფართომასშტაბიან სწავლებას ვუმასპინძლებთ და რუსეთი ამას უნდა შეეგუოს. ჩვენ ვართ ნატოს პარტნიორი, ასპირანტი ქვეყანა და ვატარებთ ერთობლივ სწავლებებს პარტნიორებთან ერთად”, – ამბობს ომარ ბეგოიძე.