ექიმთა რაოდენობა და ხარისხი

საქართველოში ჭარბი რაოდენობის დიპლომირებული ექიმების მიუხედავად, იმ სპეციალისტების დეფიციტია, რომლებიც თანამედროვე დასავლურ მოთხოვნებსა და სტანდარტებს დააკმაყოფილებენ.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემით, საქართველოში ექიმების წარმოების მაჩვენებელი 1000 მოსახლეზე თითქმის სამჯერ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს.

100 ათას მოსახლეზე საქართველოში 462 ექიმი მოდის,  როდესაც ევროპულ ქვეყნებში ეს რიცხვი 327–ია.

ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ექიმების ჭარბწარმოებაა და ყოველწლიურად 1200 –მდე ექიმი (სტომატოლოგების გარდა) შედის შრომის ბაზარზე. საშუალო ევროპულ მაჩვენებელს რომ მიუახლოვდეს,  საქართველომ წელიწადში დაახლოებით 350 ექიმი უნდა აწარმოოს.

„სამედიცინო პერსონალის ზედმეტი რაოდენობა პირდაპირპროპორციულად ჭარბი რესურსის მოხმარებას იწვევს. ეს არის წამლის ზედმეტი რაოდენობის დანიშვნა, ზედმეტი რაოდენობის გამოკვლევების ჩატარება, კონსულტაციები. რაც უფრო მეტ საავამდყოფოს გახსნი, უფრო მეტი მოთხოვნა გაჩნდება. საჭიროა რეგულაცია და გათვლა, ბაზარი რა რაოდენობას მოითხოვს,“–ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი და არასამთავრობო ორგანიზაციის „ხარისხი ჯანდაცვის სერვისებში“ წარმომადგენელი, ირაკლი სასანია.

ბოლო წლების მანძილზე ჯანდაცვაზე საერთო ეროვნული დანახარჯი საქართველოში ისედაც მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2009 წელს მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტის) 10.1%–ს მიაღწია, რაც თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე საქართველოს მსგავსი ეკონომიკური დონის ქვეყნებში. ამ მაჩვენებლით საქართველო გერმანიის, დანიისა და შვეიცარიის გვერდით დგას.

დიპლომირებული ექიმების ჭარბი რაოდენობის მიუხედავად, ზოგიერთი სპეციალობის ექიმის დეფიციტი მთელი ქვეყნის მასშტაბით მაინც დგას.

ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი სასანია ამბობს, რომ საქართველოში კადრების დეფიციტი  ნეიროქირურგიასა და კარდიოქირურგიაშიც გვხვდება.

ამ მონაცემს ადასტურებს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ოფიციალური მონაცემიც. აჭარაში, სადაც სულ 1 187 ექიმია, მედიცინის კონკრეტული დარგები მაინც ნაკლებად არის განვითარებული. რეგიონის ერთ–ერთი ყველაზე დიდი, რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ნანა ნაკაიძე ამბობს, რომ პაციენტს მათთან თითქმის ყველა პროფილის ექიმის კონსულტაცია და ქირურგიული მომსახურება შეუძლია მიიღოს, გარდა კარდიოქირურგიული მომსახურებისა. ამიტომ, თუ პაციენტს, მაგალითად, კორონოგრაფია დაჭირდა, საავადმყოფოდან მისი სხვა კერძო საავადმყოფოებში გადამისამართება უწევთ.

ჯანდაცვის მკვლევრების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კადრების დეფიციტს ხშირად თანამედროვე ევროპული მოთხოვნები ქმნის, ეთანხმება საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი, გიგი წერეთელიც. მისი თქმით, კვალიფიციური კადრების რაოდენობა მართლაც არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. თუმცა სტრატეგია, რომელიც ქვეყანას გააჩნია, წერეთლის თქმით, ამ პრობლემას ავტომატურად მოაგვარებს.

„ეს პროცესი ხელოვნურად ვერ დარეგულირდება. აქ არ დგას საუბარი სამსახურიდან ვინმეს გაშვებაზე, თუ ის არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. თუმცა, ახალი ინფრასტრუქტურის, ხარისხის ინდიკატორების შემუშავების, კვალიფიკაციის მაღალი მოთხოვნებისა და კონკურენციის პირობებში, მხოლოდ დიპლომი საკმარისი არ იქნება იმისთვის, ასეთი მაღალი მოთხოვნების პირობებში რომ იმუშაო,“–ამბობს გიგი წერეთელი.

მოსაზრებას, რომ მხოლოდ ბაზარი დაარეგულირებს კადრების პრობლემას ჯანდაცვის სისტემაში, არ ეთანხმება ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი სასანია.

„ეს არ არის ჩვეულებრივი ბაზარი, რომელიც იმართება ჩვეულებრივი ბაზრის წესებით. ჯანდაცვის ბაზარი სპეციფიკურია. ბაზარს შეიძლება ჰქონდეს მოთხოვნა ისეთი სპეციალისტების წარმოებაზე, რომელიც მომგებიანია. ამასთან, არსებობს ფინანსურად არამომგებიანი, პაციენტებისთვის აუცილებელი სპეციალობებიც,“–ამბობს სასანია.

ჯანდაცვის ექსპერტი გამოსავალს იმ სამედიცინო განათლებაში ხედავს, რომლის დაგეგმვაშიც სახელმწიფოც უნდა იყოს ჩართული.

მაგრამ სპეციალობების დაგეგმვის საკითხებზე მეტად სახელმწიფოსთვის ჯერჯერობით ექიმთა კვალიფიკაცია და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა პრიორიტეტული.

ჯანდაცვის 2011–2015 წლების სახელმწიფო სტრატეგიაში წერია, რომ დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი განათლების დღეს არსებული სისტემა არ აძლევს სამედიცინო პერსონალს ადეკვატური თეორიული ცოდნისა თუ კლინიკური უნარ–ჩვევების განვითარების შესაძლებლობას, რაც „კიდევ უფრო ამწვავებს ადამიანური რესურსის პრობლემას“.

მკვლევართა საინიციატივო ჯგუფმა, რომლის ერთ–ერთი წევრი ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი სასანიაც იყო, დაახლოებით ერთ წლის წინათ მცირე კვლევა ჩაატარა. კვლევამ ქვეყნის მასშტაბით ხუთი საავადმყოფო და 2000– მდე განსახილველი სამედიცონო შემთხვევა მოიცვა. კვლევამ, რომელიც მიზანი დიაგნოზისა და თანამედროვე სტანდარტებით ჩატარებული მკურნალობის შესაბამისობის დადგენა იყო, სასანიას თქმით, ძალიან ცუდი შედეგი აჩვენა.

„ 70 %– ში სტანდარტი არ სრულდებოდა. იყო ხარისხიანი მკურნალობის პრობლემა, წამლების ზედმეტად გამოყენება, რიგ შემთხვევეებში ჩატარებული მკურნალობა საერთოდ არ შეესაბამებოდა დიაგნოზს,“–ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი.

მისი თქმით, იმისთვის, რომ უფრო დეტალურად მოხდეს აღნიშნული მონაცემების შესწავლა, კიდევ უფრო ღრმა კვლევები არის საჭირო, რაშიც, მისივე განმარტებით, თვითონ საავადმყოფოები, მისი მესვეურები, სადაზღვევო კომპანიები და სახელმწიფო უნდა იყვნენ დაინტერესებულნი. ასეთი კვლევების ჩატარებით კი, როგორც სასანია ამბობს, რატომღაც საავადმყოფოები დაინტერესებულები არ არიან.

„მე ვერც იმას ვხედავ, რომ უწყვეტი სამედიცინო განათლება რატომღაც პრიორიტეტი იყოს სახელმწიფოსთვის, რის გარეშეც წარმოუდგენელია, რომ ექიმმა კომპეტენცია შეინარჩუნოს, აიმაღლოს კვალიფიკაცია და დაეწიოს განვითარებულ მედიცინას, რომელიც ძალიან სწრაფი ნაბიჯებით ვითარდება,“–ამბობს ირაკლი სასანია.

ჯანდაცვის ახალი სტრატეგიის მიხედვით, 2012 წლისთვის სახელმწიფო აპირებს ექიმების სერტიფიცირების ინტრუმენტების გაუმჯობესებას, მეტი ყურადღების დათმობას კლინიკური შემთხვევების ანალიზისა და პრობლემების გადაჭრის უნარ–ჩვევების შეფასებაში, კერძო ინვესტორებთან და სამედიცინო სასწავლო დაწესებულებებთან ერთად სტუნდეტების სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშვებას და ამოქმედებას.

ამ სტრატეგიითვე, სახელმწიფო აღიარებს, რომ აუცილებელია, სასწავლო და კლინიკურმა დაწესებულებებმა ხელი შეუწყოს სასწავლო პროცესში სტუდენტების კომპეტენციის დონის ამაღლებასაც.

გარდა ამისა, ჯანდაცვის 2011–2015 წლების სამოქმედო დოკუმენტი, ექიმების ჭარბი რაოდენობის პარალელურად, როგორც ქალაქად, ისე სოფლად, ექთნების სავალალო ნაკლებობას აღიარებს.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში წელიწადში 100– მდე ექთანი ამთავრებს სასწავლებელს, მაშინ, როდესაც საშუალო ევროპულ მაჩვენებლით, ქვეყანამ წელიწადში 1400 ექთანი უნდა აწარმოოს.

სახელმწიფოს მთავარი ამოცანა, ახალი სტრატეგიის მიხედვით, სწორედ საექთნო საქმის პოპულარიზაცია,  საექთნო სკოლებში სტუდენტების ნაკადის გაზრდა და მათი განათლების ხარისხის ამაღლებაა.

„ექთანი, ეს არის ხერხემალი, რომელზეც იგება ბევრი რამ და ეს გაგება ნათლად უნდა იყოს ჩამოყალიბებული. ექთნებზე მძაფრი მოთხოვნა, სავარაუდოდ, მალე დადგება,“–ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი სასანია.