უკანონო ტელევიზია

აჭარის ტელევიზია უკვე სამი წელია უკანონოდ მაუწყებლობს. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით ამ ტელევიზიის რეორგანიზაცია 2007 წლის 31 დეკემბრამდე უნდა განხორციელებულიყო. საქართველოს პარლამენტში ტელევიზიის რეორგანიზაციის შესახებ კანონპროექტი დღემდე არ შესულა. აჭარის ტელევიზია ამჟამად ლიცენზიის გარეშე მაუწყებლობს.

 

საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ `ვარდების რევოლუციის~ შემდეგ, 2004 წლის დეკემბერში მიიღეს, რითაც გაუქმდა ყველა მოქმედი სახელმწიფო ტელევიზია. კანონის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოში მხოლოდ ერთ საზოგადოებრივ მაუწყებლობას ჰქონდა ფუნქციონირების უფლება. დანარჩენი ტელე და რადიომედიასაშუალება ჩამოყალიბდა კერძო სამართლის იურიდიულ პირად, სახელმწიფომ კი თავისი წილის პრივატიზება მოახდინა. კანონით, სახელმწიფოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა სხვა მედიასაშუალების დაფინანსება ეკრძალება.

აჭარის ტელევიზიაც სახელმწიფო ტელევიზია იყო, თუმცა მისთვის დაუშვეს გამონაკლისი და კანონში ჩაიწერა: `საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში მოამზადოს წინადადებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიის რეორგანიზაციის შესახებ~.

აჭარის მთავრობამ ტელევიზიის რეორგანიზაცია განახორციელა, ოღონდ არა ისე, როგორც ამას კანონი ითვალისწინებდა. თუ მანამდე აჭარის ტელევიზია წარმოადგენდა `აჭარის ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო დეპარტამენტს~, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განკარგულებით ის გადაიქცა აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დეპარტამენტად. ტელევიზიის განსახელმწიფოების ვალდებულება არ შესრულდა, რის გამოც მაუწყებლობის შესახებ კანონში ორჯერ შევიდა ცვლილება და ორჯერვე თითო წლით გადავადდა რეორგანიზაცია.

2007 წლის 31 დეკემბრის შემდეგ აჭარის ტელევიზია სამართლებრივი ჩარჩოებიდან ამოვარდა.

`ასეთი ფორმის მედიასაშუალებას საქართველოს კანონმდებლობა არ ცნობს. აჭარის ტელევიზია კანონით გათვალისწინებულ ვერც ერთ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს. ეს არის არალიცენზირებული საწარმო, სახელმწიფო დეპარტამენტის სახით, რომელიც ცალსახად არღვევს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონის ბევრ მოთხოვნას~, _ აცხადებს იურისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია `დემოკრატიის ინსტიტუტის~ ხელმძღვანელი გენო გელაძე.

დემოკრატიის ინსტიტუტმა აჭარის ტელევიზიის სტატუსის შესახებ კანონპროექტი შეიმუშავა. როგორც გელაძე აცხადებს, ორგანიზაციამ მანამდე ჩაატარა კვლევა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ტელევიზიის მომავალი სტატუსი: `გამოკითხულთა 70 პროცენტზე მეტმა მხარი დაუჭირა ტელევიზიის რეგიონულ მაუწყებლად გადაკეთების იდეას. ჩვენც ამ კუთხით მოვამზადეთ კანონპროექტი. საჭიროა საქართველოს პარლამენტმა `მაუწყებლობის შესახებ~ კანონში შეიტანოს ცვლილებები და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად დაუშვას ავტონომიურ წარმონაქმნებში `რეგიონული საზოგადოებრივი მაუწყებლობის~ არსებობაც~.

ამ საკითხზე `დემოკრატიის ინსტიტუტს~ კონსულტაციები ჰქონდა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან: `აღმოჩნდა, რომ კანონის მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტში არც ერთი წინადადება არ შესულა აჭარის ტელევიზიის სტატუსთან დაკავშირებით. ჩვენ ამის თაობაზე მივმართეთ აჭარის უმაღლეს საბჭოს, რომელიც ვალდებული იყო თავის დროზე ეს საკითხი განეხილა. თუმცა, იქ არათუ განიხილეს, არამედ მსჯელობაც კი არ სურთ ამ თემაზე~.

აჭარის ტელევიზია ბიუჯეტიდან დაახლოებით 5-6 მილიონი ლარით ფინანსდება ყოველწლიურად. ის, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის (შპს) ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირად (სსიპ) ჩამოყალიბებულიყო, მაშინ ტელევიზია ბიუჯეტიდან ვეღარ დაფინანსდებოდა. ამიტომ გადაკეთდა ის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებად.

გენო გელაძე: `ოფიციალური სტატუსის მიხედვით აჭარის ტელევიზია არასამეწარმეო ობიექტია. არადა, იგი წარმოადგენს მედიასაშუალებას, რომელიც ბიზნესის სფეროს განეკუთვნება. გამოდის, რომ ტელევიზია უკანონო ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა და საქმე გვაქვს საკანონმდებლო ნონსენსთან. უმაღლესი საბჭოს წევრები, რომლებიც ამ ტელევიზიას ყოველწლიურად უმტკიცებენ დიდ ბიუჯეტს, უნდა დაფიქრებულიყვნენ ამაზე. ისინი სამოხელეო დანაშაულს სჩადიან~.

საქართველოს კანონმდებლობით ხელისუფლებას ეკრძალება ბიზნესში ჩარევა და მისი კონტროლი. ამ შემთხვევაში კი აჭარის მთავრობა არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს საქართველოში მოქმედ სხვა ელექტრონულ მედიასაშუალებებს.

ულიცენზიო მაუწყებელი

`საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის~ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიას მაუწყებლობის შესახებ ლიცენზია არ გააჩნია.

აჭარის ტელევიზიის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი, მალხაზ ბოლქვაძე ამბობს, რომ აჭარის ტელევიზიას დღეს მოქმედი სტატუსის მიხედვით ლიცენზია არ სჭირდება: `დღევანდელი ტელევიზიის სტატუსი განსაზღვრულია მთავრობის დადგენილებით. ჩვენ გვაქვს მუდმივი კორესპონდენცია კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიასთან. სახელმწიფო მაუწყებელს, მაგალითად, საზოგადოებრივ მაუწყებელს ლიცენზიას არ სთხოვს მაუწყებლობის შესახებ კანონი. ჩვენც ანალოგიურ სიტუაციაში მოვიაზრებით. თუმცა, როცა რადიოსთვის დამატებითი სიხშირეები მოვითხოვეთ, გვითხრეს, რომ სანამ ჩვენი სტატუსი საბოლოოდ არ განისაზღვრება, სიხშირეებს ვერ მოგვაწვდიან, რადგან საქართველოს მაუწყებლობის შესახებ კანონით ჩვენი სტატუსი არ არის მოწესრიგებული. კომუნიკაციების კომისიამ მშვენივრად იცის ჩვენი მდგომარეობა~.

ლიცენზიის არქონის მიუხედავად, აჭარის ტელევიზიას თანამგზავრით მაუწყებლობის პრობლემაც არა აქვს. ქართული ტელევიზიების უმეტესობა, მათ შორის აჭარის ტელევიზიაც, თურქულ სატელიტურ კომპანია `თურქსათ~-ის მეშვეობით ავრცელებს სიგნალს.

თანამგზავრზე გასვლის სურვილი ამჟამად ტელეკომპანია `ტვ 25~-ს აქვს. ტელევიზიის დირექტორი მერაბ მერკვილაძე ამბობს, რომ `თურქსათმა~ მას საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სპეციალური ნებართვა მოსთხოვა: `ამისთვის ტელევიზიას უნდა ჰქონდეს სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზია. ჩვენ ახალი ლიცენზიის მიღებაზე შევიტანეთ განცხადება. კომისიაში გვითხრეს, რომ საჭიროა მხოლოდ ლიცენზიის მოდიფიცირება~.

მალხაზ ბოლქვაძე კი ამბობს, რომ სატელიტური მაუწყებლობისთვის აჭარის ტელევიზიას მარეგულირებელი კომისიის მხარდაჭერა არ სჭირდება: `ჩვენ ამ შემთხვევაში ვიყენებთ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონს და ამით პირდაპირ ვაფორმებთ ხელშეკრულებას სატელიტურ კომპანიასთან~.

 

მომავალი სტატუსი

აჭარის ტელევიზიის სტატუსის შესახებ `დემოკრატიის ინსტიტუტის~ ინიციატივას საქართველოს პარლამენტში გამოეხმაურნენ. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, პარლამენტი აჭარის ტელევიზიის სტატუსთან დაკავშირებული საკითხის განხილვას და `მაუწყებლის შესახებ~ კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს. კუბლაშვილი აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე რაიმე სახის წინადადება აჭარის მთავრობის ან უმაღლესი საბჭოსაგან არ მიუღიათ.

წლების წინ აჭარის მთავრობამ ტელევიზიის რეორგანიზების პროექტის შემუშავების მიზნით შექმნა სპეციალური საბჭო, რომლის თავმჯდომარე დოდო შონავა `ბათუმელებთან~ აცხადებს, რომ მათი მუშაობა ნაყოფიერი იყო: `ჩვენ შევისწავლეთ საზოგადოებრივი აზრი, გავითვალისწინეთ ტელევიზიაში მომუშავე ჟურნალისტების აზრიც და მივედით იმ დასკვნამდე, რომ უნდა შეიქმნას რეგიონული საზოგადოებრივი მაუწყებელი. ამისთვის საჭიროა საქართველოს პარლამენტმა განახორციელოს საკანონმდებლო ცვლილებები. ჩვენი შემუშავებული პროექტი აჭარის მთავრობას წარვუდგინეთ~.

აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნუკრი დეკანაძე ამბობს, რომ ასეთ მასალებს არ იცნობს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პეტრე ზამბახიძე კი `დემოკრატიის ინსტიტუტის~ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეს საკითხი საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია: `გამომდინარე იქიდან, რომ საბიუჯეტო პროცესების ფორმირებასთან და საკანონმდებლო ცვლილებებთან გვაქვს საქმე, საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე ამ საკითხის მოწესრიგება შეუძლებელია. ვეთანხმები, რომ ტელევიზიის სტატუსი სასწრაფოდ შესაცვლელია და ის ჩვენც გვიქმნის პრობლემას. ვფიქრობ, აჭარის ტელევიზია არის ობიექტური მაუწყებლობა, მაგრამ ის ფაქტი, რომ წარმოადგენს სახელმწიფო დეპარტამენტს და ჟურნალისტებს უქმნის მიუკერძოებლობაზე პრობლემას, ნამდვილად არასასიამოვნოა~.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში აჭარის ტელევიზიისა და რადიოსთვის 5 850 600 ლარია გაწერილი, საიდანაც 4 700 000 იმ საინფორმაციო-სამაუწყებლო ღონისძიებებში დაიხარჯება, რომელთა ჩამონათვალს აჭარის მთავრობა დაამტკიცებს.

აჭარის ტელევიზიაში გასულ კვირას 23 წლის იუბილე აღნიშნეს. ეს ტელევიზია ყოველთვის სახელმწიფოსგან ფინანსდებოდა.