საზოგადოება

რა აძვირებს წამალს

3 ოქტომბერი, 2011 • 3588
რა აძვირებს წამალს

ფარმაციის ბაზარზე მედიკამენტების გაიაფების მიუხედავად, წამლის ფასი ხელმისაწვდომი მაინც არ არის.

თბილისელი ოფელია ნადირაძე 77 წლისაა, მან ათი ლარით გაზრდილი პენსია 2011 წლის სექტემბერში აიღო. მას ჰიპერტონია აქვს და ნევროპათოლოგთან ვიზიტის შემდეგ სამი დასახელების წამალი რეგულარულად სჭირდება: “ვეგოსტაბილი, კარდიომაგნილი, კორსიზი, კაპტოპრილი, ნოშპა – მუდმივად მჭირდება. ერთი თვის სამყოფ წამალში 35 ლარს ვიხდიდი. სექტემბერში აფთიაქში 20–პროცენტიანი ფასდაკლებით ვისარგებლე და 7 ლარით ნაკლები გადავიხადე”, – ამბობს ქალბატონი ოფელია.

კომპანია “ფარმადეპოს” კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი თეონა ჯოჯუა ამბობს, რომ ბაზარზე მედიკამენტების ფასები გარკვეულწილად “ფარმადეპოს” შემოსვლამ შეცვალა:

“წამალი ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნიდან შემოგვაქვს. კანონმდებლობა შეიცვალა და, შესაბამისად, მედიკამენტების იმპორტი გამარტივდა. ვარჩევთ რეალურ ფასიან მომწოდებელს და არ გვაქვს ფასნამატი მარკეტინგული ღონისძიებებისთვის. შესაბამისად, ჩვენს ქსელში მედიკამენტების ფასი უფრო დაბალია. “ფარმადეპო” უკვე ორი წელია, რაც ბაზარზეა. თბილისში და რეგიონებში 30 ობიექტი ფუნქციონირებს.”

თეონა ჯოჯუას შეფასებით, თუ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია ჩამოყალიბდა,  წამლის ფასი კიდევ დაიწევს.

“არ არის სწორი, როდესაც ფარმაცევტული კომპანია ფლობს კლინიკებს, სადაზღვევო კომპანიას და აკონტროლებს სრულიად ბაზარს. მომხმარებელს არ აქვს არჩევანის გაკეთების საშუალება”, – ამბობს ჯოჯუა.

ამ მოსაზრებას ექსპერტებიც ეთანხმებიან, თუმცა ქვეყნის კანონმდებლობა, ფარმაცევტული საქმიანობის პარალელურად, სადაზღვევო და ჰოსპიტალურ სექტორში საქმიანობას არ კრძალავს.

ფარმაცევტულ სექტორში ყველაზე მსხვილ მოთამაშედ კომპანია “ავერსი” ითვლება. კომპანია  მთლიანი ბაზრის 35%-ს  ფლობს. აქვს კლინიკები, ფარმაცევტული საწარმო და სადაზღვევო კომპანია.

“ავერსს” მცირედით ჩამორჩება ფარმაცევტული კომპანია “პე-ეს-პე”, რომელიც ბაზრის 30%-ზე ცოტა მეტს აკონტროლებს. “პე-ეს-პე” სადაზღვევო  კომპანიას ფლობს და აფთიაქების ფართო ქსელიც აქვს.

კომპანია “ჯი-პი-სი”-ს წილად ფარმაცევტული ბაზრის მხოლოდ 15% მოდის. “ჯიპისი” ახორციელებს დისტრიბუციას და აქვს სააფთიაქო ქსელი.

ბაზარზე ორი წლის წინ “ეი ბისი” ფარმაციას კუთვნილი კომპანია “ფარმადეპო” შემოვიდა, რომელიც მეოთხე პოზიციაზეა. ბაზრის დანარჩენ სეგმენტს კი მედიკამენტებითა და სამედიცინო აღჭურვილობით მოვაჭრე მცირე სავაჭრო სუბიექტები ინაწილებენ.

სტატისტიკის თანახმად, წამალი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საიმპორტო საქონელია. მედიკამენტების იმპორტის მოცულობა ყოველწლიურად დაახლოებით 160 მილიონ დოლარს აღწევს. სამკურნალო საშუალებები ქართულ საიმპორტო კალათში მეოთხე-მეხუთე ადგილზეა, ენერგომატარებლების, გაზისა და ხორბლის შემდეგ, ხშირად კი ხორბალსაც უსწრებს.

შინამეურნეობის კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში სამედიცინო მომსახურებაში მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხის 50% ფარმაცევტულ პროდუქციაზე მოდის. ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშის მიხედვით კი, ეს მაჩვენებელი 40%-ს შეადგენს. მაშინ, როცა განვითარებულ ქვეყნებში საშუალოდ 17%-ია. ექსპერტების შეფასებით, ეს მაჩვენებელი საქართველოში მედიკამენტების მაღალ ფასზე მიუთითებს.

პროდუქციის ფასს სხვადასხვა ბაზარზე სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. წარმოების ფასის განსხვავება, რომელიც დაკავშირებულია ბაზრის მოცულობასთან, მომხმარებელთა რაოდენობასა და მსყიდველობითუნარიანობასთან; მნიშვნელოვანია, ასევე, დისტრიბუციის ეტაპზე დამატებული თანხა, საცალო ქსელში დამატებული თანხა და გადასახადის ტვირთი. ეს მაჩვენებლები ყველა ქვეყანაში განსხვავებულია და თითოეული მათგანი მეტნაკლებად მნიშვნელოვან როლს ასრულებს მედიკამენტის საბოლოო ფასის დადგენაში.

’’მედიკამენტების ფასის წარმოქმნა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მყარია ჩვენი ვალუტა. ბოლო დროს არ ყოფილა ლარის კურსის რყევა. ამიტომ წამლის ფასი შესაბამისად არის  სტაბილური.  ფასის განსაზრვრისას მეორე ფაქტორია ის, თუ მომწოდებელი რა ფასში გაწვდის მედიკამენტებს. ჩვენი ბაზარი არის პატარა, ამიტომ დიდი იმპორტიორების ინტერესი მცირეა, შეიძლება ამ  შემთხვევაში ფასი ცოტა მაღალი იყოს, ვიდრე სხვა  ქვეყნებში,” – ამბობს ვალერი კვარაცხელია,  ”სახალხო აფთიაქის” გენერალური დირექტორი.

კვარაცხელიას განმარტებით, ”პარალელური იმპორტის” შესახებ  კანონში შეტანილმა ცვლილებებმა ბაზრის მოთამაშეებს სტიმული მისცა. ამ კანონის თანახმად, მათ უფლება მიეცათ, ”ავერსისა” და”პე-ეს-პეს” ექსკლუზიურ მომწოდებლებთან მოლაპარაკებები გაემართათ და პროდუქცია შემოეტანათ.

“როცა ერთ ან ორ კომპანიას შემოაქვს პროდუქტი, ფასს ის განსაზღვრავს. რაც შეეხება კონკურენციას, ბაზარზე სიტუაცია ცოტა გაჯანსაღდა.  მანამდე, ძირითადად, ორი დიდი კომპანია იყო წარმოდგენილი, რომლებსაც წამალი ექსკლუზიურად შემოჰქონდათ. თუმცა ”პარალელური იმპორტის” შესახებ მიღებულმა  კანონმა კომპანიების მდგომარეობა შედარებით გააუმჯობესა,”– ამბობს კვარაცხელია.

კანონი პარალელური იმპორტის შესახებ ექვსი თვის  წინ ამოქმედდა და, შესაბამისად, ბაზარზე რიგ მედიკამენტებზე ფასის კლება დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი