საზოგადოება

სააკაშვილის იმედად დარჩენილები

27 ივლისი, 2011 • 2871
სააკაშვილის იმედად დარჩენილები

ჯანდაცვის რეფორმების ფარგლებში თბილისის კიდევ ერთი საავადმყოფოს 540 თანამშომელი ერთ თვეში სამსახურს დაკარგავს.

ჰოსპიტალური სექტორის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმაში ქვეყნის მასშტაბით 2011 წლის ბოლომდე 102 საავადმყოფოს აშენება და რეაბილიტაციაა დაგეგმილი, თუმცა ამ სამედიცინო დაწესებულებათა ჩამონათვალში არ იძებნება ის რამდენიმე საავადმყოფო, რომელთა ფუნქციონირებისათვის რეაბილიტაცია აუცილებელია.

1967 წელს აშენებული ე.წ. მერვე საავადმყოფო ერთ–ერთი მათგანია. მისი რეაბილიტაცია აქამდე არავის ჩაუტარებია.

იქ მომუშავე პერსონალმა რამდენიმე განყოფილება საკუთარი სახელფასო დანაზოგით გაარემონტა.

სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც 33 ლიცენზია გააჩნია, თითქმის ყველა სამედიცინო განყოფილება მუშაობს.

„ღამის 3–4 საათზე რომ შემოიყვანონ გადაუდებელი პაციენტი, აქ არსებული მრავალფეროვანი პერსონალის მეშვეობით უსწრაფესად შეიძლება დიაგნოზის დასმა და შემდგომი რეაგირება. თუ ქალაქის სხვა საავადმყოფოებში უსახლკარო პაციენტებს არ იღებენ, ჩვენ ვიღებთ მათ; ამ წლების მანძილზე აქ არც ერთი საექიმო შეცდომა არ დაშვებულა; ჩვენ ყველა ომის დროს უანგაროდ ვემსახურებოდით ომში დაზარალებულ პაციენტებს“, – ამბობს ე.წ. მერვე საავადმყოფოს ქირურგი გოგი ხუციშვილი.

22 ივლისს საავადმყოფოს თანამშრომლებს, მეპატრონის, ალ. ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის უფროსის, თენგიზ ჩხიკვაძის ხელმოწერით ბრძანება მიუვიდათ. ბრძანების მიხედვით, პირველი აგვისტოს შემდეგ საავადმყოფოს თანამშრომლებს უფლება აღარ ექნებათ, მიიღონ სასწრაფო გადაუდებელი პაციენტები.

გარდა ამისა, აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს სასწრაფო დახმარების სამსახურს  033–საც, რათა მათ გადაუდებელი პაციენტები საავადმყოფოში აღარ მიიყვანონ.

ყოველივე ეს, ბრძანების შესაბამისად, დასაბუთებულია იმით, რომ საავადმყოფოში  დაგეგმილია სარეაბილიტაციო–სარემონტო სამუშაოები, თუმცა მთავრობის ჰოსპიტალური სფეროს განვითრების გეგმაში აღნიშნული საავადმყოფოს რეაბილიტაცია გაწერილი არ არის.

26 თებერვლიდან კლინიკის ახალმა მეპატრონემ – ალ. ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკამ – თანამშრომლებს კონტრაქტი მხოლოდ 26 აგვისტომდე გაუფორმა.

„ვისაც ეს კონტრაქტი უნახავს, მიხვდება, რომ ეს ნამდვილი ტრეფიკინგია. წარმოუდგენელი პირობებით ამუშავებენ ადამიანებს და თან გეუბნებიან, თუ არ გინდა, წადი“, –ამბობს კლინიკის ქირურგი გოგი ხუციშვილი.

მადლენა გაიჯაშვილი კლინიკაში 47 წელია ექთნად მუშაობს. ამჟამად ის უფროსი ექთანია და მისი ხელფასი 150 ლარს შეადგენს.

კითხვებით, რა გეგმები აქვს კლინიკის მეპატრონეს 540 თანამშრომელთან დაკავშირებით და რა განთავსდება შენობაში მისი რეაბილიტაციის შემდეგ, ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელისთვის, თამაზ ჩხიკვაძისთვის უნდა მიგვემართა, თუმცა მასთან დაკავშირება დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა.

ახალი მეპატრონის მოსვლამდე  მთავრობამ საავადმყოფო მმართველობაში კომპანია „ბლოკ–ჯორჯიას“ გადასცა.

„ბლოკ–ჯორჯიამ“ ისე დატოვა კლინიკა, საავადმყოფოს თანამშრომლების სახელფასო დავალიანება, ექვსი ათასი ლარის ოდენობით, არ გადაუხდია.

„ბლოკ–ჯორჯიამ ფული დაზოგა და ისევ ჩვენივე ფულებით იყიდა ჩინური წარმოების დანადგარები. ვეუბნებოდით, რომ მალევე გაფუჭდებოდა. აღმოჩნდა, რომ  იმაზე ადრე გამოვიდა მწყობრიდან, ვიდრე ვვარაუდობით. არადა, იმ ექვს თვეში საავადმყოფოს ფულადი მოგება იყო 3 მილიონი ლარი. საერთოდ, სამედიცინო დაწესებულება, მოგების მხრივ, ნამდვილი საბადოა“, –ამბობს კლინიკის რეანიმაციული განყოფილების გამგე იგორ ვახანია.

სამედიცინო პროფკავშირების წარმომადგენლის, ლალი ბერიძის თქმით, წარმოუდგენელია, ექიმი მუშაობდეს და თან სულ იმაზე ფიქრობდეს, ექნება თუ არა ხვალ სამსახური.

საავადმყოფოს თანამშომელთა თქმით, რამდნიმე თვის განმავლობაში მუდმივ სტრესში უწევთ მუშაობა.

„გარდა ამისა, ყველა ახალი მეპატრონე ზემოდან გიყურებს, ყვირილი მინდა სიბრაზისგან“, –ამბობს საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების გამგე იგორ ვახანია.

შექმნილი მდგომარების გამო თანამშრომლები პრეზიდენტს მიმართავენ წერილობით.

„დარწმუნებული ვართ, რომ მან არ იცის, რა ხდება. რომ გაიგებს, ვფიქრობთ, რომ დაგვეხმარება და ამ უსამართლობას არ დაუშვებს“, –ამბობენ ექიმები.

რამდენიმე დღის წინ დაიხურა კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერიც. დისპანსერის ექიმთა უმრავლესობა დიღმის რკინიგზის საავადმყოფოში გადავიდა. ექიმების ტელეფონის ნომრები ყოფილი დისპანსერის შენობის გარე ფასადზე დიდი შრიფტით არის დაწერილი. გარდა ამისა, ამ დღეების განმავლობაში იქვე შენობასთან დისპანსერის ყოფილი დარაჯი დგას, რომელიც მისულ პაციენტებს სასურველი ექიმის მისამართს აწერინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი