საზოგადოება

ცხოვრება საზღვარზე

14 ივნისი, 2011 • 1652
ცხოვრება საზღვარზე

ერისიმედი აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე სოფელია. აქ აჭარელი ეკომიგრანტები 23 წლის წინათ ჩაასახლეს. სოფლის ტერიტორიის ნაწილი დღემდე სადავოა. გაურკვევლობის გამო მოსახლეობის ნაწილი სახლების პრივატიზებას ვერ ახერხებს. გარდა ამისა, სოფელში არა აქვთ საბავშვო ბაღი, სკოლა კი ავარიულია.

ზედ საზღვარზე ცხოვრების გამო მოსახლეობას ათასგვარი პრობლემა ექმნება. როგორც თავად ამბობენ, ნახევარი ერისიმედი უკვე “კრიმინალია”, ანუ ციხემოხდილი. ციხეში მათ, როგორც წესი, საზღვრის დარღვევის გამო სვამენ. საზღვარს კი, ძირითადად, გაღმა მხარეს გადასული საქონლის მოსაძებნად არღვევენ.

სალმან ქავთარაშვილი, ადგილობრივი: “ერთხელ გადავედი საზღვარზე, ძროხებს გადავყევი და 9 თვე მომცეს, აზერბაიჯანში ვიჯექი. ნახევარი სოფელი ასე ჰყავთ დაჭერილი”.

მიუხედავად იმისა, რომ სოფელში საზღვრამდე ღობეა, მოსახლეობის ხარ-ძროხა აზერბაიჯანის მხარეს მაინც ხშირად იპარება. გადასულის უკან მობრუნება საკმაოდ ძნელია. ერისიმედელები ამბობენ, რომ საზღვრის გამო საქონელი ხშირად დაკარგვიათ.

მედიკო დეკანიძე, ადგილობრივი: “1992 წელს ჩამოგვასახლეს აჭარიდან. მაინც იქ მირჩევნია, ჩემს სამშობლოში. აქაც პირობებით ვერ დავიკვეხნით. საბავშვო ბაღი არ არის, საკუთარი შვილიშვილის ძიძა ვარ. ჩემი შვილი და მისი მეუღლე ორივე მინდორში მუშაობენ, ბავშვს მე ვუვლი. ასეთ პატარა ბავშვს რომ დედა დატოვებს, მაგრამ რა ქნან?! შარშან გვალვა იყო და მოსავალი არ მოვიდა. მთელი ზამთარი ნახევრად ვშიმშილობდით”.

მოსახლეობის კიდევ ერთი პრობლემა აყრილი გზაა. სახელმწიფო ტრანსპორტი აქ არ მოძრაობს, კვირაში ერთხელ საკუთარი ფულით სამარშრუტო ტაქსს ქირაობენ.

დარეჯან ხოზრევანიძე, ადგილობრივი: “გზა გვინდა, მოწყვეტილები ვართ. სანამ სასწრაფო მოვა…”

სალმან ქავთარაშვილი, ადგილობრივი: “გზა არ არის. ერთხელ შემთხვევა იყო, ორსული მანქანით მიჰყავდათ და გზაზე იმშობიარა ქალმა”.

სიშორისა და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ერისიმედელი ბავშვების ნაწილი პირდაპირ სახლის პირობებშია გაჩენილი. ამ სოფელს თავისი ბებიაქალი ყავს, თალიკო მახარაძე. მას სამედიცინო განათლება არასოდეს მიუღია, უბრალოდ 1990-ან წლებში გაბედა და მშობიარობა მიიღო. მას შემდეგ თალიკოს ხელში 99 ბავშვი დაიბადა.

10 წლის მარიკა გელაძეც სახლშია დაბადებული. ოჯახში ნაბოლარაა, მეხუთე შვილი. როგორ მისი დედა ამბობს, 400 ჰქონდა წნევა, როდესაც თალიკო მახარაძემ ამშობიარა, “ასეთი პაციენტები ზოგჯერ სამშობიაროებშიც უკვდებათ, მე კი არაფერი დამმართნია”.

ერისიმედში, ძირიდათად, თავს მიწაზე მუშაობით ან მესაქონლეობით ირჩენენ. თუმცა, შემოსავალი ყველას მაინც არ ჰყოფნის.

მადონა დეკანაძე, ადგილობრივი: “შვიდი შვილი მყავს. სოციალურ დახმარებას, 180 ლარს, ვიღებ. არაფერში მყოფნის. ჩემი უფროსი შვილები, მე-11, მე-9 კლასებში არიან და დღეში 15 ლარად მუშაობენ მინდორში. უმცროსი ბიჭი 4 წლისაა, ცერებრალური დამბლით დაიბადა, ვერ დადის. მხოლოდ წელს მოვახერხე, ექიმთან ჩამეყვანა. სპეციალური ფეხსაცმელი გამოუწერეს. ეს ფეხსაცმელი რომ შემეძინა, ძროხა გავყიდე. ექიმმა მითხრა, ყოველ 21 დღეში ჩამოიყვანე ბავშვიო, სამი თვე გავიდა და ვერ ჩამყავს, ფული არა მაქვს. არადა, თუ ვუმკურნალე, ჯოხით მაინც ივლიდა”.

ერისიმედში ბავშვები ბევრია, აჭარლები მრავალშვილიანობით გამოირჩევიან. ადგილობრივ სკოლაში ასამდე მოსწავლე დადის და ასივეს ერთი და იგივე პრობლემა აქვს – სკოლა არ უვარგათ.

ორსართულიანი შენობა უკვე კარგა ხანია, ავარიულია. ოთახები იმდენაად პატარაა, 4-5 მერხი ძლივს ეტევა. ეს მერხებიც პირდაპირ დაფასთან დგანან, რის გამოც ბავშვების მხედველობას საფრთხე ექმნება. ფანჯრები ალაგ-ალაგ შუშის გარეშეა, ავარდნილია იატაკიც. ამასთან, სოფელში საერთოდ არ არის საბავშვო ბაღი. მცირეწლოვან ბავშვებს ვერსად ტოვებენ.

სიღნაღის რაიონის გამგებელი ნოდარ კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ სკოლასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროში განაცხადი  შეიტანეს.

ნოდარ კოჭლამაზაშვილი: “ძალიან კარგად ვიცი, ეგ სკოლა რა დღეშიცაა. რამდენჯერმე უკვე შევარემონტეთ. ახლა განათლების სამინისტროში ვითხოვეთ, ან რეკონსტრუქციისთვის გამოყონ თანხა, ან კოტეჯები ჩადგან”.

რაც შეეხება ტრანსპორტს, გამგებლის თქმით, გეგმავენ, ხაზზე ერთი ერისიმედელი მძღოლი დააყენონ, რომელსაც სამარშრუტო ტაქსიც აქვს. კოჭლამაზაშვილის თქმით, ეს საკითხი დაახლოებით ერთ თვეში მოგვარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი