Amnesty International საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ

გავლენიანი ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია AMNESTY INTERNATIONAL  2010 წლის შესახებ მოხსენებაში წერს, რომ ამ წელს ოპოზიციონერები და ჟურნალისტები პოლიციელთა მხრიდან შევიწროვებისა და ძალის გადამეტების მსხვერპლნი იყვნენ. სამართალდამცავი ორგანოები კი მსგავსი შემთხვევების ჯეროვან გამოძიებას ვერ ახერხებდნენ.

AMNESTY INTERNATIONAL -ის 2010 წლის შესახებ მომზადებულ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის აგვსიტოს ომის დროს ადამიანთა უფლებების ფაქტები შესაბამისად არ არის გამოძიებული, გარდა ამისა, ომის შემდგომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იკლო უსაფრთხოების დონემ და სიტუაცია გაცილებით დაიძაბა. კონფლიქტის ზონას საქართველოს მხრიდან მხოლოდ ევრომონიტორები აკონტროლებენ, საერთაშორისო მანდატის მქონე სხვა ორგანიზაციები კი ომის შემდეგ საქართველოდან მალევე გავიდნენ.

მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში 2008 წლის ომის შემდეგ 26 ათასი ადამიანი ამ დრომდე  ვერ ახერხებს სახლში დაბრუნებას. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ მათ თავშესაფარი და გარკვეული რაოდენობის კომპენსაცია მისცა, იძულებით გადაადგილებულ პირებს ხელი მაინც არ მიუწვდებათ სხვადასხვა სოციალურ თუ ეკონომიურ უფლებაზე.

ამერიკული უფლებადამცევლი ორგანიზაცია წერს, რომ მთავრობამ მოიწონა ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ შექმნილი სამოქმედო გეგმა. 2010 წლის ივლისში მიიღეს რეფერალური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ოჯახური ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირებას, მის დაცვას და მისთვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის შეთავაზებას.  მთავრობამ გამოყო შენობები და გაამზადა თავშესაფრების შესაქმნელად, თუმცა თავშესაფრები ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის  2010 წლის ბოლომდეც არ ყოფილა მზად.

ადამიანის უფლებების შესახებ მომზადებულ  მოხსენებაში ასევე წერია, რომ აპრილიდან მაისის ჩათვლით გამართულ აქციებზე ოპოზიციონერ აქტივისტებს ნიღბიანი უცნობი პირები უსწორდებოდნენ. პოლიცია კი მსგავსი ინცინდენტების დროს უმოქმედოდ იყო. გარდა ამისა, მსგავსი ფაქტები გამოუძიებელი დარჩა.

AMNESTY INTERNATIONAL  წერს, რომ 6 მაისს შსს-ს ცენტრალურ ოფისთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია პოლიციელებმა ძალის გამოყენებით დაშალეს, აქციის მონაწილეებმა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. მსგავსი ფაქტი მოხდა 15 ივნისსაც, როცა პოლიციამ ხელკეტებით, გაფრთხილების გარეშე დაარბია მშვიდობიანი აქცია. შედეგად კი 17 ადამიანი მოათავსეს საავადმყოფოში. დაშავებულთა შორის იყო საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელიც, რომელიც, სავარაუდოდ, პოლიციელებმა სცემეს. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ ვერც ერთი მსგავსი შემთხვევის გამოძიება ვერ შეძლო. აქვე საუბარია აპრილიდან ივნისამდე, ოპოზიციური საპროტესტო აქციების პერიოდში, ჟურნალისტების შევიწროვებაზე როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან. AMNESTY INTERNATIONAL-ის ინფორმაციით, 2010 წლის 15 ივნისს ოპოზიციური მიტინგის დაშლის დროს პოლიციის თანამშრომლებმა ჟურნალისტებს ჩამოართვეს აუდიოვიზუალური ჩამწერები, ფირები ზოგ შემთხვევაში არ დააბრუნეს, დაბრუნებულ ფირებზე კი გადაღებული მასალა წაშლილი აღმოჩნდა.

გარდა ამისა, მოხსენებაში წერია, რომ საპროტესტო აქციების განმავლობაში სამართალდამცავებმა ოპოზიციის რამდენიმე აქტივისტი ნარკოტიკებისა და იარაღის შენახვის ბრალდებით დააკავეს. სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები კი ირწმუნებოდნენ, რომ მათი დაკავების მიზეზი პოლიტიკური იყო.