ბესო ხარძიანი: ჩემთვის მთავარია მამაჩემის მკვლელობის დამკვეთები და არა ის, ვინც ტყვია გაისროლა

ბიზნესმენ ბესიკ ხარძანის შვილი, ბესო ხარძიანი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის არაფერია ახალი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

21 იანვარს პროკურატურამ განაცხადა, რომ ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეებმა, ოლეკსანდრ დამეტოვმა და ოლეგ დოევმა შეკვეთით მოკლეს, შემდეგ კი საქართველო სარფის გავლით დატოვეს. პროკურატურის განცხადებაში არაფერია ნათქვამი მკვლელობის შემკვეთზე.

მოკლული ბიზნესმენის შვილი ეჭვს გამოთქვამს, რომ მკვლელობა გია უდესიანმა და რეზო ქურასბედიანმა შეუკვეთეს.

“ახალი არაფერი არ ითქვა. ეს ოჯახის წევრებმა მანამდეც ვიცოდით და მაქსიმალურად პროკურატურა საქმის კურსში გვაყენებდა. რაც შეეხება დამკვეთებს, მამაჩემი, ბესო ხარძიანი სიცოცხლეშივე მეუბნებოდა მე პირადად, რომ ამ ორ ადამაინს შეეძლო მოეკლა ბესო ხარძიანი – უდესიანს და ქურასბედიანს. ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი არის დამკვეთები და არა ის, ტყვია ვინ გაისროლა. მოტივი იყო ის სასამართლო დავები, რაც კუს ტბას ეხება. “– აცხადებს ბესიკ ხარძიანის შვილი ბესო ხარძიანი.

რამდენიმე თვის წინ განსხვავებული პოზიცია ჰქონდა ბესიკ ხარძიანის შვილს პირველი ქორწინებიდან. მიხეილ ხარძიანი ამბობდა, რომ მკვლელობაში უსაფუძვლოდ ადნაშაულებენ გია უდესიანს. იგი ოჯახის წევრებს მოუწოდებდა, ბოდიში მოეხადათ უდესიანისთვის. მიხეილ ხარძიანი მამამისის მკვლელობაში ეკა ნონიკაშვილს, ბიზნესმენის მეორე ცოლს ადანაშაულებდა.