პროკურატურის ცნობით, ბიძინა კუჭავას საქმის ექსპერტიზაში ოჯახის მიერ მოწვეულ ექსპერტს ჩართავენ

პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, სადაც აღნიშნავენ, რომ მზად არიან,  ბიძინა კუჭავას საქმეზე მიმდინარე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პროცესში ოფიციალურად ჩართოს და მონაწილეობა მიაღებინოს ბიძინა კუჭავას ოჯახის მიერ მოწვეულ დამოუკიდებელ ექსპერტს მაია ნიკოლეიშვილს.

პროკურატურის ცნობით, ეს მათ “შესაძლებლობას მისცემს, გამოძიების დასრულებამდე უშუალოდ გაერკვნენ საქმის ვითარებაში და დარწმუნდნენ მიმდინარე გამოძიების ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში”.

გარდა ამისა, პროკურატურა აცხადებს, რომ გეგმავენ აქტიურ თანამშრომლობას, როგორც ბიძინა კუჭავას ოჯახთან და ადვოკატთან, ასევე ვახტანგ ქირიას ოჯახთან, რათა ისინი დეტალურად იყვნენ ინფორმირებული გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.

გამოძების ვერსიით, სამეგრელო–ზემო სვანეთის პროკურორი ვახტანგ ქირია “საქართველოს ხმის” დამფუძნებელმა ბიძინა კუჭავამ მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. კუჭავას  ოჯახი ამ ვერსიას არ იზიარებს. მათ ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი მიიწვიეს.