ვან დეიკის სურათის ქვეყნიდან გატანაზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სავარაუდოდ, ვან დაიკის ტილოს ქვეყნიდან გატანაზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214–ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს საქართველოს საბაჟო საზღვარზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხული სხვა კულტურული მემკვიდრეობის, ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობის ან ნაკეთობის ჯართის წესის დარღვევით გადატანას ან გადმოტანას.

საგამოძიებო სამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე დაკითხულები არიან ზაჰირ ჰუსეინოვი, მალხაზ მახარაძე, ამჟამად დაკითხვაზე იმყოფება ეკა არეშიძე. თუმცა გრძელდება საგამოძებო მოქმედებები და სავარაუდოდ დაიკითხებიან ის ადამიანები, ვისაც შეიძლება კავშირი ჰქონდეს ამ საქმესთან.

ამ ეტაპზე საქმეზე ბრალდებული არავინ არის.