ვეტერანების აქციაზე დაკავებულები სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ

ვეტერანთა დარბევისას დაკავებული 11 პირის წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაკავებულთა ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ.

დაკავებულების ერთ-ერთი ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

,,არ ვეთანხმებით, რომ მათ ჩაიდინეს სამართალდარღვევები, ანუ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. ჩვენ ამას მოწმეთა ჩვენებებითა და ვიდეომასალით ვადასტურებთ’’, – ამბობს ნიკოლაიშვილი.

11 პირი სამართალდამცავებმა 3 იანვარს ვეტერანთა აქციის დარბევისას დააკავეს. 4 იანვარს სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დაკავებულებს 400 –ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

ადვოკატებმა ვიდეომასალა სასამართლო პროცესზეც წარადგინეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა, გადაწყვეტილების გამოტანამდე ენახა მასალა, არ დააკმაყოფილა.

დაკავებულებს ბრალი ედებათ ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევაში, რაც ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ნიშნავს.

ნიკოლაიშვილის თქმით, თუ სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს, დაკავებულების ადვოკატები საქმის განხილვას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს სთხოვენ.

დაკავებულების უფლებადამცველები სარჩელს სასამართლოში ხვალ შეიტანენ.