დაკავების შემდეგ გაშიშვლებასა და ე.წ. ბუქნების გაკეთების იძულებაზე არაერთმა მოქალაქემ ისაუბრა. უფლებადამცველების შეფასებით, ბოლო წლებში დამკვიდრებული ამგვარი პრაქტიკა სცდება კანონით დადგენილ ნორმებს და უტოლდება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” (TI) შეაგროვა იმ ადამიანების ისტორიები, რომლებიც 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ დაწყებული პროევროპული აქციების განმავლობაში დააკავეს და შემდეგ იზოლატორებში გააშიშვლეს. ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ბევრი მოქალაქე უარს ამბობს ამ თემაზე საჯაროდ საუბარზე. თუმცა იმ მოქალაქეების გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომლებიც საჯაროდ საუბრობენ, ორგანიზაცია მიმოიხილავს მოქალაქეთა დამცირების ამ პრაქტიკას.

“ძირითადი პრაქტიკა პირების გაშიშვლებასთან დაკავშირებით შემდეგია: როდესაც პირს აკავებენ, მისი ჩხრეკის დროს ხდება მისი სრული გაშიშვლება, მათ შორის დაფიქსირებულა შემთხვევები, როდესაც გაშიშვლება ხდება დამამცირებელი და ღირსების შემლახველი კომენტარების თანხლებით. გაშიშვლებას უმეტეს შემთხვევაში თან სდევს ხოლმე ბუქნების გაკეთების მოთხოვნა.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისოდ დადგენილი სტანდარტის თანახმად გაშიშვლება უნდა მოხდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, დასაბუთებული ეჭვის საფუძველზე და არა ერთდროულად, არამედ ეტაპობრივად კონკრეტული ზონების გაშიშვლებით, საქართველოში დაკავებულ პირებს ერთდროულად სრულად აშიშვლებდნენ. იყო შემთხვევა, როდესაც სრულად გაშიშვლების პრაქტიკა გამოიყენეს პირის სახლის ჩხრეკის დროს, როდესაც ის დაკავებული საერთოდ არ იყო”, – წერია ორგანიზაციის მიმოხილვაში.

TI-ის შეფასებით, დაკავების შემდეგ მოქალაქეთა გაშიშვლების პრაქტიკას სისტემური ხასიათი აქვს.

ორგანიზაცია საუბრობს კონკრეტული ადამიანების მაგალითებზეც:

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე  2025 წლის 11 მარტს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით დააკავეს. დაკავების შემდეგ მან პოლიციელების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის შესახებ ისაუბრა.

“11 მარტს, როდესაც შემომიყვანეს ამ დაწესებულებაში, მეც გამაშიშვლეს და ბუქნების კეთებაც მაიძულეს, რის შემდეგაც გამატარეს სკანერზე. რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ ამ ტირანული რეჟიმის მხრიდან, თუ როგორ აწამებს პოლიტიკურ ლიდერებსა და თავისუფლებისათვის მებრძოლებს, ან დაჭერით ემუქრება, არის დანაშაულებრივი და არის რუსული. ჩემი სოლიდარობა თითოეულ მათგანს!” – წერდა ჩიკვაიძე.

2025 წლის 9 მაისს ჩიკვაიძეს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს, თავდაპირველად ადმინისტრაციული, ხოლო შემდეგ უკვე სისხლის სამართლის წესით – ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით.

ერთ-ერთ პროცესზე მის მიმართ დამამცირებელ მოპყრობის შესახებ  ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასამართლოში ყოველი ეტაპირების წინ და შემდეგაც, აშიშვლებდნენ და ბუქნების კეთებას აიძულებდნენ.

“მე არ მეძლევა სრულფასოვანი თავდაცვის უფლება. ყოველი პროცესის დროს მერთმევა საწერი კალამი, ფურცელი… ყოველი ეტაპირების დროს სასამართლოში და სასამართლოდან ხდება ჩემი სრულიად გაშიშვლება და შიშველ მდგომარეობაში ბუქნების კეთება… განსხვავებით სხვა პატიმრებისგან”, – თქვა მუსელიანცმა 12 მარტს.

2025 წლის 22 აგვისტოს მუსელიანცს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 

პედაგოგი ნინო დათაშვილი 2025 წლის 20 ივნისს სისხლის სამართლის წესით დააკავეს, მას მანდატურებზე თავდასხმა ედება ბრალად. დაცვის მხარის პოზიციით, სინამდვილეში, ნინო დათაშვილი თავად გახდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი მანდატურებს მხრიდან.

“გაჩერებაზე დამხვდნენ, არ გამაცნეს ჩემი უფლებები, ტელეფონი წამგლიჯეს, არ ეცვათ ფორმა, ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა, ვერ მივხვდი, რომ პოლიცია იყო. უფლებები არ გამაცნეს. ტელეფონი მჭირდებოდა, რომ შვილს დავკავშირებოდი. ვნერვიულობდი ბავშვზე და ვთხოვდი ტელეფონს. მოტყუებით ჩამსვეს მანქანაში, დაგარეკინებთო. […]

პოლიციაში რომ გადამიყვანეს, იქაც ძალიან ვთხოვდი, რომ მოეცათ შვილთან ან ადვოკატთან დარეკვის უფლება, ჯერ ერთი, ბავშვს რომ არ ენერვიულა – რომ მიკითხავდა, სახლში რომ მივიდოდა და ჯერ ერთი, სახლში ვერ შევიდოდა, იმიტომ, რომ ჩემი უფლებების დაცვა მინდოდა, მაქვს ადვოკატის ყოლის უფლება.

გამაშიშვლეს. მე მინდოდა, ჯერ ადვოკატი მოსულიყო და გავცნობოდი რაღაცებს და მერე მომეწერა რაღაცებზე ხელი.  რა სტრესში მამყოფეს, ცინიკური დამოკიდებულება, გზაში არაადამიანურად იქცეოდნენ, რატომ მექცეოდნენ ასე, რას ვაკეთებდი. უბრალოდ ვთხოვდი, რომ შვილთან ან ადვოკატთან დარეკვის უფლება მოეცათ. ერთ-ერთთან”, – თქვა ერთ-ერთ სხდომაზე დათაშვილმა.

2025 წლის 29 ოქტომბერს დათაშვილი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ნენსი ვოლანდი სამოქალაქო აქტივისტი და ფეისბუქჯგუფ “დაიტოვეს” დამფუძნებელია. მისი შემთხვევა დანარჩენებისგან განსხვავებულია იმით, რომ იგი გააშიშვლეს არა იზოლატორში ან პოლიციის განყოფილებაში, არამედ თავისსავე სახლში.

მასთან ჩხრეკის მიზნით პოლიცია 2024 წლის 4 დეკემბერს შევიდა და პირადი ჩხრეკის  მიზნით გაშიშვლება მოსთხოვა. თავად ნენსი ჩხრეკის დროს სრულად გაშიშვლების იძულებას ფსიქოლოგიურ ძალადობად აფასებს.

  • სხვა მოქალაქეების ისტორიები და TI-ის განცხადება სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) განმარტებით, სრული შემოწმების დროს, პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება.  შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების თანახმად, პირადი დათვალიერების დროს დაუშვებელია შესამოწმებელი პირის სრული გაშიშვლება. ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიშის საპასუხოდ, სადაც ადამიანების სრულად გაშიშვლების პრობლემაზე იყო საუბარი, საქართველოს პარლამენტმა 2023 წელს დადგენილება მიიღო და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი იზიარებს საქართველოს სახალხო დამცველის შესაბამის რეკომენდაციებს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სთხოვს “გააძლიეროს პენიტენციური დაწესებულებების დებულებების იმ ნორმების აღსრულების მონიტორინგი, რომლებიც პატიმრის სრული შემოწმებისას მისი სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლების საკითხს არეგულირებს”.

ჩხრეკის უკანონო და დამამცირებელ პრაქტიკად არის შეფასებული Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში სხეულის სრული გაშიშვლების იძულება. სრულად გაშიშვლების თაობაზე არაერთი დარღვევა აქვს  დადგენილი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, სადაც განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევებში, როდესაც, მით უმეტეს, გაშიშვლებას, თან ახლავს დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი ქცევა, ასეთი ქცევა არღვევს კონვენციის მე-3 მუხლს, რომლითაც აკრძალულია წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობა.